საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

ბაღათურია სამშენებლო ბიზნესისთვის პრობლემების ხელოვნურად შექმნაზე საუბრობს
გამოქვეყნებულია: 2008-12-10 16:59:52
ჯონდი ბაღათურია სამშენებლო ბიზნესისთვის პრობლემების ხელოვნურად შექმნაზე საუბრობს. მისი განცხადებით, საქართველოში უმუშევრობის ახალი ტალღა მალე დაიწყება და სამშენებლო ბიზნესში დასაქმებული ასი ათასობით ადამიანი სამსახურის გარეშე დარჩება. "ქართული დასის" ლიდერი მიიჩნევს, რომ რამდენიმე მსხვილ ბანკს და სამშენებლო კომპანიას კერძო ინტერესები აქვს, შესაბამისად ისინი ამ სფეროში პრობლემებს ხელოვნურად ქმნიან. ბაღათურია კონკრეტული გვარების დასახელებას რამდენიმე დღეში აპირებს.
წაკითხვა
გრიგოლ მგალობლიშვილმა ახალი მინისტრები წარადგინა
გამოქვეყნებულია: 2008-12-10 16:41:24
პრემიერ–მინისტრმა გრიგოლ მგალობლიშვილმა ახალი მინისტრების წარდგენა საგარეო საქმეთა სამინისტროდან დაიწყო. გრიგოლ ვაშაძის წარდგენას მისი წინამორბედი, ეკა ტყეშელაშვილიც ესწრებოდა. ახალი მინისტრის თქმით, რუსეთთან მიმართებაში პოლიტიკა არ შეიცვლება. ახალი კაბინეტი დღეს კულტურის ახალმა მინისტრმაც დაიკავა. ნიკა რურუას თქმით, ის საკადრო ცვლილებების განხორციელებას ამ ეტაპზე არ გეგმავს. რურუა თანამშრომლებთან შეხვედრებს და თავის წინამორბედთან კონსულტაციების გავლასაც აპირებს. ყველაზე ბოლოს გრიგოლ მგალობლიშვილმა თანამშრომლებს ეკონომიკის ახალი მინისტრი წარუდგინა. ლაშა ჟვანიამ ეკა შარაშიძე შეცვალა, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მუშაობას დაუბრუნდება. ჟვანიას თქმით, მსოფლიო ფინანსური კრიზისი ისევ გრძელდება და საქართველოს ეკონომიკაც გამოწვევების წინაშე დგას. ახალი მინისტრი პრობლემებთან ბრძოლას ინვესტიციების მოზიდვითა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნით გეგმავს.
წაკითხვა
სერგეი ლავროვმა აგვისტოს მოვლენებზე ისაუბრა
გამოქვეყნებულია: 2008-12-10 16:23:58
აგვისტოში საქართველოში განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ გახდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის გამოსვლის მთავარი თემა. "აგვისტოს მოვლენებმა რუსეთი სერიოზული გამოცდის წინაშე დააყენა", - განაცხადა ლავროვმა დღეს ევროპის ბიზნესის ასოციაციის წევრებთან შეხვედრისას. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დღესვე რუსეთის ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპასთან საერთო ეკონომიკური სივრცის შექმნის ინიციატივა გააჟღერა.
წაკითხვა
აფეთქება გორის რაიონში
გამოქვეყნებულია: 2008-12-10 16:07:10
აფეთქება გორის რაიონში. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დღეს დილით, 06:00 საათზე გორის რაიონის სოფელ ნიქოზთან, ფხვენისის ხიდზე, შიდა ქართლის საპატრულო პოლიციის ავტომანქანა პატრულირებისას დისტანციური მართვის ნაღმით ააფეთქეს. ტერორისტული აქტი მაშინ განხორციელდა, როცა სამართალდამცავები ერთ-ერთ ხიდზე გადადიოდნენ. აფეთქებისას საპატრულო პოლიციის ავტომანქანა დაზიანდა. მომხდარს მსხვერპლი არ მოჰყოლია. ბოლო ერთი თვის განმავლობაში ეს ქართველ პოლიციელებზე განხორციელებული მესამე თავდასხმაა.
წაკითხვა
ოპოზიცია შრომის კოდექსის დახვეწას მოითხოვს
გამოქვეყნებულია: 2008-12-10 16:03:15
საპარლამენტო ოპოზიცია შრომის კოდექსის დახვეწას მოითხოვს. "ქრისტიან-დემოკრატები" დღეს ინტერფრაქციული ჯგუფის შექმნის ინიციატივით გამოვიდნენ. მათი განცხადებით, შრომის კოდექსი ფუნდამენტურად უნდა შეიცვალოს. ფრაქციაში უკვე შექმნილია ჯგუფი, რომელიც ამ საკითხზე მუშაობს. "ქრისტიან-დემოკრატები" მიიჩნევენ, რომ კოდექსში როგორც დასაქმებულთა, ასევე დამსაქმებელთა ინტერესები უნდა იქნას გათვალისწინებული. შრომის კოდექსის საკუთარი ვარიანტი აქვთ საპარლამენტო ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებსაც, უმრავლესობა კი მზად არის შრომის კოდექსთან დაკავშირებით ახალი ინიციატივები მოისმინოს.
წაკითხვა
მიხეილ სააკაშვილი მთავრობის ახალი შემადგენლობით კმაყოფილია
გამოქვეყნებულია: 2008-12-10 15:52:29
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მთავრობის ახალი შემადგენლობით კმაყოფილია. სააკაშვილმა ამის შესახებ დღეს, კანცელარიაში გამართულ ახალი მთავრობის პირველი სხდომის დაწყებისას განაცხადა. პრეზიდენტი სამთავრობო გადაადგილებებს უპრეცედენტოს უწოდებს და ახალ მინისტრებს წარმატებებს უსურვებს.
წაკითხვა
"გაზპრომმა" ე.წ. სამხრეთ ოსეთში გაზსადენი პუნქტები აამუშავა
გამოქვეყნებულია: 2008-12-10 12:45:25
კომპანია "გაზპრომმა" ე.წ. სამხრეთ ოსეთში გაზსადენი პუნქტები აამუშავა. 4 პუნქტი კომპანიამ რეგიონში უკანასკნელი 2 თვის განმავლობაში რუსული მხარის მიერ ორგანიზებულ "სამხრეთ ოსეთის აღდგენის პროგრამის" ფარგლებში ააშენა. სადღესასწაულო ღონისძიებაში მონაწილეობა სეპარატისტული ხელისუფლების წარმომადგენლებმაც მიიღეს. ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ "გაზპრომი" რეგიონში ბუნებრივი აირის რეზერვისთვის ტერმინალის აშენებასაც გეგმავს.
წაკითხვა
გალის რაიონში სეპარატისტებისა და ოკუპანტების გადაადგილება ღამით დასრულდა
გამოქვეყნებულია: 2008-12-10 12:42:33
გალის რაიონის ტერიტორიაზე წუხელ გვიან ღამით დასრულდა აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმის ე.წ. საჯარისო ნაწილებისა და რუსეთის საოკუპაციო ჯარების გადაადგილება. სეპარატისტებმა ენგურის სანაპიროზე ის 12-ვე ბლოკ-საგუშაგო დაიკავეს, სადაც ბოლო 15 წლის განმავლობაში ე.წ. რუსი სამშვიდობოები იყვნენ განლაგებულნი. რაც შეეხება საოკუპაციო ჯარებს, მათ შემოიყვანეს სპეციალური მუხლუხიანი ჯავშანტექნიკა და ცოცხალი ძალა, რომელიც სოფელ სიდაში, ფიჩორში, ჭუბურხინჯსა და აჩიგვარაში განათავსეს.
წაკითხვა
პარლამენტი ახალ ელჩებს დაამტკიცებს
გამოქვეყნებულია: 2008-12-10 10:46:52
ოთხი ახალი ელჩის კანდიდატურას პარლამენტი დღეს დაგეგმილ რიგგარეშე სხდომაზე დაამტკიცებს. კვიპროსში ელჩობის კანდიდატად ვლადიმერ კონსტანტინიდი, ჩეხეთში კი ნინო ნაკაშიძეა წარდგენილი. პარლამენტარებმა ისრაელის ელჩობის კანდიდატი ვახტანგ ჯაოშვილი და უნგრეთსა და სერბეთში დიპლომატიური მისიის მომავალი ხელმძღვანელი ზურაბ ჭუმბურიძე უნდა დაამტკიცონ. პარლამენტის საშემოდგომო სესია 19 დეკემბერს იხურება, თუმცა თვის ბოლომდე რიგგარეშე სხდომების ფორმატში მუშაობა მაინც გაგრძელდება. წლის ბოლო სხდომაზე კი 2009 წლის ბიუჯეტი უნდა მიიღონ.
წაკითხვა
ე.წ. სამხრეთ ოსეთის საზღვართან 900 მესაზღვრე განლაგდება
გამოქვეყნებულია: 2008-12-10 10:37:54
საქართველოსა და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რესპუბლიკის საზღვართან 900 მესაზღვრე განლაგდება. ამის შესახებ ედუარდ კოკოითიმ "ინტერფაქსთან" საუბრის დროს განაცხადა. "ჩვენი გეგმის მიხედვით, სამხრეთ ოსეთის საზღვარს 900–მდე სამხედრო დაიცავს. მესაზღვრეების ნაწილი რუსი სამხედროები იქნებიან, რომლებსაც ჩვენ სამუშაოდ სპეციალური კონტრაქტის საფუძველზე მოვიწვევთ", - აღნიშნა სეპარატისტული რესპუბლიკის ლიდერმა.
წაკითხვა
შვეიცარია თანახმაა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის დარეგულირებაზე იზრუნოს
გამოქვეყნებულია: 2008-12-10 10:28:14
შვეიცარია თანახმაა რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობის დარეგულირებაზე იზრუნოს. ოფიციალურ დოკუმენტს რუსეთისა და შვეიცარიის წარმომადგენლები ხელს 13 დეკემბერს მოაწრენ. ამ მიზნით მოსკოვში სამუშაო ვიზიტით შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრი მიშლინ კალმი რეი ჩავა. ინფორმაციას ამის შესახებ შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. დიპლომატიური ურთიერთობა რუსეთსა და საქართველოს შორის აგვისტოს ომის შემდეგ შეწყდა.
წაკითხვა
დავით სიხარულიძე თბილისში დაბრუნდა
გამოქვეყნებულია: 2008-12-10 10:15:48
თავდაცვის ახალი მინისტრი დავით სიხარულიძე უკვე თბილისშია. ყოფილი ელჩი ამერიკის შეერთებული შტატებიდან გუშინ გვიან ღამით დაბრუნდა. იგი პრემიერ–მინისტრმა გრიგოლ მგალობლიშვილმა თავდაცვის მინისტრის პოსტზე გუშინ დაასახელა. სიხარულიძემ იმ ცვლილებებზე ისაუბრა, რომელთა განხორციელებასაც ამ პოსტზე მუშაობის დროს აპირებს. ახალი მინისტრის თქმით, სამინისტროში ძირეული საკადრო ცვლილებები არ იგეგმება. სიხარულიძე თავდაცვის სისტემის გაძლიერებაზე საუბრობს და ამ სფეროში აღებული კურსის შენარჩუნებას გეგმავს.
წაკითხვა
კახა ძაგანია – მთავრობა ქართულ ტყეებს ყიდის
გამოქვეყნებულია: 2008-12-09 17:11:42
საქართველოს მთავრობა ქართულ ტყეებს ყიდის,- ამის შესახებ ჟურნალისტებს "ლეიბორისტული პარტიის" იდეოლოგიურმა მდივანმა კახა ძაგანიამ განუცხადა. "ლეიბორისტების" თქმით, დოკუმენტი, რომელსაც 11 დეკემბერს, 11 საათზე საქართველოს პრეზიდენტისა და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლის მიერ მოეწერება ხელი, ეკონომიკური თვალსაზრისით მომგებიანია, თუმცა ქვეყანას ეკოლოგიურ საფრთხეში ჩააგდებს. სატენდერო ფასები 25 ათასიდან 20 მილიონ ლარამდეა. "ლეიბორისტები" ხელისუფლებას საკონსტიტუციო დებულებების დაცვისკენ მოუწოდებენ, რომელიც ხე-ტყის გასხვისებას კრძალავს და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საკანონმდებლო ორგანოში ინიციატივით შესვლას გეგმავენ.
წაკითხვა
ლევან ვარშალომიძე პოსტს ინარჩუნებს
გამოქვეყნებულია: 2008-12-09 17:00:28
17 ხმით არც ერთის წინააღმდეგ – ლევან ვარშალომიძე პოსტს ინარჩუნებს. აჭარის ახლად არჩეულმა უმაღლესმა საბჭომ მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურა დღეს რიგგარეშე სხდომაზე დაამტკიცა. ვარშალომიძის კანდიდატურას უმრავლესობასთან ერთად "ქრისტიან-დემოკრატების" ორმა დეპუტატმაც დაუჭირა მხარი.
წაკითხვა
საქართველოს სომხეთის პრემიერ-მინისტრი ეწვია
გამოქვეყნებულია: 2008-12-09 16:35:35
საქართველოს დღეს ოფიციალური ერთდღიანი ვიზიტით სომხეთის პრემიერ-მინისტრი ტიგრან სარქისიანი ეწვია. "ქორთიარდ მარიოტში" საქართველო-სომხეთის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა მიმდინარეობს, რომელიც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაღრმავებას გულისხმობს.
წაკითხვა
ბრიუსელში ევროკავშირსა და საქართველოს თანამშრომლობის საკითხზე პლენარული სხდომა მიმდინარეობს
გამოქვეყნებულია: 2008-12-09 16:35:33
ბრიუსელში დღეს ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის საკითხებთან დაკავშირებით პლენარული სხდომა მიმდინარეობს. სხდომაზე ევროკავშირის მეზობლობისა და კონფლიქტების მოგვარების პროცესებში ევროკავშირის მონაწილეობის საკითხებს განიხილავენ. საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გამარტივების საკითხის განხილვას კი ევროკავშირი იანვარში დაიწყებს.
წაკითხვა
რობერტ სიმონსი საქართველოსა და უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას მხარს უჭერს
გამოქვეყნებულია: 2008-12-09 12:57:10
საქართველოსა და უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას მხარდაჭერას ალიანსის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და შუა აზიაში რობერტ სიმონსი უცხადებს. მისი თქმით, ამ ორი ქვეყნის ალიანსში გაწევრიანების საკითხი ზედმეტად პოლიტიზებულია. "MAP-ის ალტერნატიული ვარიანტით ალიანსი ცდილობს იპოვოს ყველაზე შესაფერისი გზა, რათა ამ ქვეყნებს წარმატების მიღწევაში დაეხმაროს. ალიანსში გასაწევრიანებლად ყველა ქვეყანამ გარკვეული კრიტერიუმები უნდა დააკმაყოფილოს. ხოლო ის, თუ როგორ მოახერხებს რომელიმე კონკრეტული ქვეყნა ამას, ეს ამ ქვეყანაზეა დამოკიდებული",– აცხადებს სიმონსი. რობერტ სიმონსმა ნატო–რუსეთის ურთიერთობაზეც ისაუბრა. მისი თქმით, იმისათვის, რომ ნატო–ს გენერალური მდივანი რუსეთში მოლაპარაკებებისთვის ჩავიდეს, მას ოფიციალური მოწვევა რუსეთმა უნდა გაუგზავნოს, რაც იააპ დე ჰოოპ სხეფერს ჯერ არ მიუღია.
წაკითხვა
ბენიტა ფერერო ვალდნერი – ევროკავშირი პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან ურთიერთობის გაღრმავებას გეგმავს
გამოქვეყნებულია: 2008-12-09 12:44:22
ევროპული სამეზობლო პოლიტიკის ჩარჩოებში ახალი ინიციატივა ევროკომისარმა საგარეო ურთიერთობებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის მიმართულებით ბენიტა ფერერო ვალდნერმა წარადგინა. ვალდნერის განცხადებით, ევროკავშირი პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან ურთიერთობის გაღრმავებას გეგმავს. პროექტი საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთის, მოლდოვეთისა და უკრაინის სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებასა და ევროპულ სივრცეში მათ ინტეგრაციაზე იქნება ორიენტირებული. ახალი პროექტი პოლიტიკურ პროცესებში ამ ქვეყნების მეტ ჩართულობას, ახალი ხელშეკრულებების დადებას და ევროკავშირის ქვეყნების ეკონომიკურ სივრცეში მათ ინტეგრაციას ითვალისწინებს. უსაფრთხოების მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, სავიზო რეჟიმის გამარტივებაც განიხილება. პროექტის ფარგლებში პოსტსაბჭოთა ქვეყნები ეკონომიკურ დახმარებასაც მიიღებენ.
წაკითხვა
საქართველოს მთავრობას კიდევ სამი ახალი მინისტრი ეყოლება
გამოქვეყნებულია: 2008-12-09 12:27:18
საქართველოს მთავრობას კიდევ სამი ახალი მინისტრი ეყოლება. მინისტრობის ახალი კანდიდატები პრემიერ–მინისტრმა გრიგოლ მგალობლიშვილმა დღეს სპეციალურ ბრიფინგზე დაასახელა. პრემიერმა პრეზიდენტს საქართველოს თავდაცვის მინისტრად აშშ-ში საქართველოს ყოფილი ელჩის დავით სიხარულიძის კანდიდატურა წარუდგინა, რომელიც ვაშინგტონიდან თბილისში, სავარაუდოდ, დღეს ჩამოვა. კულტურის მინისტრის პოსტზე წარდგენილია პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ნიკა რურუა. საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლაშა ჟვანია კი ეკონომიკის მინისტრის თანამდებობაზე ეკატერინე შარაშიძეს შეცვლის, რომელიც მუშაობას კვლავ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გააგრძელებს. კულტურის მინისტრობის კანდიდატი აცხადებს, რომ მისი ძირითადი პრიორიტეტი კულტურის სფეროს პოლიტიკის შემუშავება და უმოკლეს ვადებში არსებული პრობლემატიკის შესწავლაა. ეკონომიკის ახალი მინისტრი კი დღეს დაპირებას იძლევა, რომ პირადად გააკონტროლებს ყოველი ახალი სამუშაო ადგილისა და საწარმოს შექმნას, ასევე – ინვესტიციების მოზიდვის პროცესს.
წაკითხვა
სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთში საგანგებო სიტუაციათა უწყების ჩამოყალიბებას შოიგუ უხელმძღვანელებს
გამოქვეყნებულია: 2008-12-09 11:09:08
სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთში საგანგებო სიტუაციათა უწყების ჩამოყალიბების პროცესს სერგეი შოიგუ გაუწევს ზედამხედველობას. რუსეთის საგანგებო სიტუაციათა მინისტრს აღნიშნული უწყების შექმნა რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა დაავალა. “ოსეთი რუსეთის უმცროსი ძმაა და მას დახმარება სჭირდება. ჩვენი ამოცანაა ფეხზე დადგომაში დავეხმაროთ ამ ახალგაზრდა სახელმწიფოს და მათ სახელმწიფოებრიობას ჩავუყაროთ საფუძველი”, – განაცხადა კრემლში გამართულ შეხვედრაზე დიმიტრი მედევდევმა.
წაკითხვა

უახლესი