საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

პარლამენტი კონსტიტუციური პროექტის განხილვას ოქტომბერში დაუბრუნდება - რა ცვლილება განიცადა პროექტმა
გამოქვეყნებულია: 2017-06-24 01:17:00
პარლამენტი საკონტიტუციო ცვლილებების პროექტს მესამე მოსმენით საშემოდგომო სესიაზე, ოქტომბერში განიხილავს და დაამტკიცებს.საკანონმდებლო ორგანომ კონსტიტუციური ცვლილებების პროექტი მეორე მოსმენით, რიგგარეშე სხდომების ფორმატში, მუხლობრივად განიხილა და 115 მომხრე ხმით ერთხმად დაამტკიცა, თუმცა მანამდე პროექტში მეორე მოსმენის რეჟიმში, გამოთქმული შენიშვნები აისახა.კერძოდ, კორექტირება განიცადა საკუთრების უფლების თავმა, სადაც მიწის ფლობის უფლებაზეა საუბარი და აღნიშნულია, რომ „მიწა, როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის რესურსი, შეიძლება იყოს მხოლოდ სახელმწიფოს, თვითმმართველი ერთეულის, საქართველოს მოქალაქის, ან საქართველოს მოქალაქეთა გაერთიანების საკუთრებაში. გამონაკლისი შემთხვევები შეიძლება დადგინდეს ორგანული კანონით, რომელიც მიიღება პარლამენტის სრული შემადგენლობის ორი მესამედის უმრავლესობით“.პროექტში უცვლელი დარჩა ქორწინების დეფინიცია და ნათქვამია, რომ „ქორწინება, როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირი ოჯახის შექმნის მიზნით, ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას“.პარლამენტის მიერ მიღებულ დოკუმენტში ასევე, უცვლელად დარჩა სახალხო დამცველის თავი, რომლის მიხედვით, ომბუდსმენის არჩევა ექვსი წლის ვადით, სამი მეხუთედის უმრავლესობით მოხდება, ხოლო ერთი და იმავე პირის ზედიზედ ორჯერ არჩევა დაუშვებელია.რაც შეეხება საარჩევნო სისტემას, საქართველოში 2024 წლიდან პროპორციული სისტემა ამოქმედდება, ხოლო 2020 წელს, საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით, სამპროცენტიანი ბარიერის პირობებში ჩატარდება.კონსტიტუციური ცვლილებებით, საპარლამენტო არჩევნებში მანდატების ზედა და ქვედა ზღვარი წესდება და განისაზღვრება, რომ 150-წევრიან პარლამენტში, პირველ ადგილზე გასული პარტია ე.წ. ბონუსთან ერთად, ჯამში, 89 მანდატზე მეტს ვერ მიიღებს.
წაკითხვა
ირაკლი კობახიძე - მომდევნო არჩეული პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადა ერთჯერადად 6-წლიანი იქნება
გამოქვეყნებულია: 2017-06-23 21:31:00
მომდევნო არჩეული პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადა ერთჯერადად 6-წლიანი იქნება - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე მოსმენით მიღების შემდეგ განაცხადა.„მიღებული დოკუმენტის თანახმად, საპრეზიდენტო არჩევნები მომავალ წელს პირდაპირი წესით ჩატარდება. რაც შეეხება უფლებამოსილების ვადას, ერთჯერადად ჩვენ დავთანხმდით შემოთავაზებას, რომ 6-წლიანი იყოს მომდევნო არჩევნებით არჩეული პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადა. ეს უკავშირდება პროპორციულ სისტემაზე გადასვლას. ამასთან დაკავშირებით, ჩვენ გვქონდა კონსულტაცია ჩვენ უცხოელ პარტნიორებთან და ეს იყო მათი რჩევა, რომელიც იყო სათანადოდ ასახული და გაზიარებული კონსტიტუციაში. ანუ, კიდევ ერთხელ - მომავალ წელს პირდაპირი წესით ჩატარდება პრეზიდენტის არჩევნები და 6 წლის ვადით აირჩევა საქართველოს პრეზიდენტი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისივე თქმით, 94-ე მუხლი არის 12 წლიანი დათქმით გადატანილი გარდამავალ დებულებებში, რაც ნიშნავს იმას რომ 12 წლის განმავლობაში რეფერენდუმის გარეშე შეუძლებელი იქნება, ახალი გადასახადების შემოღება და მათი განაკვეთების გაზრდა.
წაკითხვა
პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა
გამოქვეყნებულია: 2017-06-23 20:39:00
პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს მეორე მოსმენით კენჭი უყარა. დღევანდელ რიგგარეშე სხდომას, სადაც კონსტიტუციური პროექტის განხილვა რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, დოკუმენტს მხარი 115 დეპუტატმა დაუჭირა. დღევანდელ სხდომას მხოლოდ უმრავლესობა ესწრებოდა, ვინაიდან საპარლამენტო ოპოზიცია ისევ ბოიკოტის რეჟიმში იმყოფება.
წაკითხვა
აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ალექსანდრე ჯეჯელავა ილჰამ ალიევს შეხვდა
გამოქვეყნებულია: 2017-06-23 19:48:00
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, ვიცე-პრემიერი ალექსანდრე ჯეჯელავა აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდა.შეხვედრის ამსახველი ფოტომასალა აზერბაიჯანულ მედიაში ვრცელდება, თუმცა არ არის დაკონკრეტებული, რა საკითხები განიხილეს მხარეებმა. შესაბამისად, არ არსებობს ოფიციალური ინფორმაცია, უკავშირდებოდა თუ არა საქართველოს ვიცე-პრემიერის ბაქოში ვიზიტი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხტარლის საქმეს.საზოგადოებრივი შეეცდება, აღნიშნული შეხვედრის შესახებ ინფორმაცია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან მიიღოს.
წაკითხვა
სერბეთის პრეზიდენტმა კოსოვოს არაღიარებისთვის საქართველოს მადლობა გადაუხადა
გამოქვეყნებულია: 2017-06-23 17:32:00
სერბეთის ახალი პრეზიდენტი ალექსანდრე ვუჩიჩი ბელგრადში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა. ინფორმაციას ვუჩიჩის პრესსამსახური ავრცელებს. საუბარი ქვეყნებს შორის ურთიერთობათა გააქტიურებას შეეხო. ჯანელიძემ ვუჩიჩს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის მილოცვის წერილი გადასცა, რომელშიც საუბარია პოლიტიკური ურთიერთობებისა და ეკონომიკური თანამშორმლობის გააქტიურების სურვილზე. ჯანელიძემ სერბეთის პრეზიდენტი საქართველოში მოიწვია. საუბარი ასევე შეეხო ტურიზმის განვითარებას და ბელგრადსა და თბილისს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის შესაძლებლობას. ვუჩიჩის პრესსამსახურის ცნობით, სერბეთის პრეზიდენტმა საქართველოს კოსოვოს არაღიარებისთვის მადლობა გადაუხადა.ბელგრადში სერბეთის პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონია იმართება.
წაკითხვა
ლევან გოგიჩაიშვილი - საკონსტიტუციო რეფორმის პროცესი დაგეგმა და განახორციელა ქართველმა ამომრჩეველმა
გამოქვეყნებულია: 2017-06-23 17:29:00
საკონსტიტუციო რეფორმის პროცესი დაგეგმა და განახორციელა ქართველმა ამომრჩეველმა, რომელმაც თავისუფალ არჩევნებში "ქართულ ოცნებას" დაუჭირა მხარი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა განაცხადა. მისი თქმით,  "ქართულმა ოცნებამ" მიუხედავათ საკონსტიტუციო ცვლილებებზე ამომრჩევლის მხრიდან მინიჭებული ექსკლუზიური მანდატისა ყველა ის პოლიტიკური თამაშის წესი დაიცვა, რასაც ასეთი პროცესი მოითხოვს. "სამწუხაროდ, არჩევნების მეორე ტურიდან მოყოლებული პრეზიდენტი შეეცადა პროცესისათვის ხელის შეეშალა. ისიც აღსანიშნავია, რომ ვერასოდეს ვერ მოხერხდებოდა იმ ოპოზიციურ პარტიებთან და არასამთავრობო სექტორთან შეთანხმება, რომლებიც "ნაციონალურ მოძრაობასთან" და ახლა უკვე მის განაყოფთან ასოცირდებიან ისეთ ფუნდამენტურ და პრინციპულ საკითხებზე შეთანხმება როგორებიცაა ქორწინების, მიწის და პრეზიდენტის არჩევის წესი(ქვეყნის საპარლამენტო მოწყობის მოდელში), რომელსაც "ქართული ოცნება" ვერანაირი შეთანხმების ფასად ვერ დათმობდა. აშკარაა, რომ საპარლამენტო ოპოზიციური პარტიები გაურბიან პასუხისმგებლობას და საკუთარ გაკოტრებულ პოკიტიკურ პლატფორმას კონსტიტუციურ ჩანაწერებს აბრალებენ. ნუ დაავიწყდებათ, რომ მიუხედავათ მათი მცირერიცხოვანი წარმომადგენლობისა საქართველოს პარლამენტში, ბიუჯეტიდან ხალხის მიერ გადახდილ ფულს და დაფინანსებას იმისთვის იღებენ, რომ ოპონირება გასწიონ და ბოლომდე იყვნენ პროცესში ჩართულები", - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა. მისივე თქმით, საკონსტიტუციო რეფორმის პროცესში, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ და ექსპერტმა იმუშავა ბევრად მეტი, ვიდრე ყველა ოპოზიციურმა პარტიამ ერთად. 
წაკითხვა
ირაკლი კობახიძე - აბაშიშვილისა და მარგველაშვილის დესტრუქციული განცხადებები არ გვაინტერესებს
გამოქვეყნებულია: 2017-06-23 17:08:00
იმ ადამიანების გამონათქვამები არ გვაინტერესებს, რომელთა მიზანია დესტრუქცია, ესენი არიან მარგველაშვილი, აბაშიშვილი და ა.შ - ამის შესახებ საზოგადოებრივის კითხვის საპასუხოდ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განუცხადა.კობახიძე პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, გიორგი აბაშიშვილის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებას შეურაცხყოფად აფასებს. "რა კომენტარი შეიძლება ამასთან დაკავშირებით გაკეთდეს? რა თქმა უნდა, ეს არის შეურაცხყოფა. იმ ადამიანების გამონათქვამები არ გვაინტერესებს, რომელთა მიზანია დესტრუქცია. ეს არის მარგველაშვილი, აბაშიშვილი და ა.შ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის მოხელეები, რომელთაც პრეზიდენტის გუნდი ეწოდებათ. როგორ შეიძლება, მოხელეების კომენტარებთან დაკავშირებით კომენტარი მე გავაკეთო? პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის განცხადებებზე კომენტარს პარლამენტის აპარატის ხელმძღვანელობა გააკეთებს", - აღნიშნა კობახიძემ.
წაკითხვა
„კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის” კონსტიტუციაში შშმ თემის შესახებ გაკეთებულ ჩანაწერს მიესალმება
გამოქვეყნებულია: 2017-06-23 16:27:00
„კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის” კონსტიტუციაში შშმ თემის შესახებ გაკეთებულ ჩანაწერს მიესალმება. როგორც კოალიციის განცხადებაშია აღნიშნული, ნებისმიერ ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის მთავარ გარანტიას და საფუძველს კონსტიტუცია წარმოადგენს.„ნებისმიერ ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის მთავარ გარანტიას და საფუძველს კონსტიტუცია წარმოადგენს. სწორედ კონსტიტუცია განსაზღვრავს ხელისუფლების დამოკიდებულებას თითოეული მოქალაქის მიმართ და მოქალაქეთა პასუხისმგებლობას საკუთარი ქვეყნის წინაშე. დადებითად გვინდა შევაფასოთ ჩანაწერი, რომელიც მოცემულია კონსტიტუციის მეორე თავის  (“ადამიანის ძირითადი უფლებები”) 11-ე მუხლში: “სახელმწიფო ქმნის განსაკუთრებულ პირობებს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებისა და ინტერესების რეალიზებისათვის.”ღაც უპრეცედენტოა.მოცემული პრინციპით დგინდება შშმ პირთა უფლებების მაღალი სტანდარტი, რომელიც კონსტიტუციის დონეზე არის აყვანილი და რაც თითოეულ შშმ პირს მისცემს საშუალებას თავად უზრუნველყოს საკუთარი უფლებებისა და სამოქალაქო ინტერესების დაცვა და აღნიშნულ ჩანაწერზე აპილირებით ინდივიდუალურად მოახდინოს დისკრიმინაციის ყოველგვარი გამოვლინების პრევენცია და აღმოფხვრა. კარგია, როცა ხელისუფლება ასეთი მაღალი გარანტიებით იღებს ვალდებულებას შშმ პირთა წინაშე და ხდება ანგარიშვალდებული საკუთარი მოქალაქეების მიმართ.აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ შშმ პირთა წინაშე უამრავი პრობლემა რჩება და ჩვენი უფლებები ჯერ კიდევ მნიშვნელოვნად შელახულია. ქვეყანის მთავარ გამოწვევას წარმოადგენს ფიზიკური გარემოს ადაპტირება, ინდივიდუალურ საჭოროებებზე მორგებული სოციალური სერვისების დანერგვა და ხელმისაწვდომობის ხარისხის გაზრდა ყველა კატეგორიის შშმ პირისთვის, საჭიროა, ყოველივე ამის აღმოსაფხვრელად, გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები. კერძოდ, კონსტიტუციით აღიარებულ უფლებას უნდა მოყვეს შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივები და აღსრულების რეალისტური მექანიზმების შექმნა, რაც, პირველ რიგში, უნდა მოხდეს გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციისთვის ეფექტური ინსტრუმენტების დანერგვით კონვენციის დამატებითი (ფაკულტატური) ოქმის რატიფიცირებით და შეზღუდული შესაძლებლობის სოციალური მოდელის დამკვიდრებით, “კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის” მზადაა თავისი წვლილი შეიტანოს შშმ პირთათვის თანაბარი შესაძლებლობის უზრუნველყოფის პროცესში“, - აღნიშნულია კოალიციის განცხადებაში. 
წაკითხვა
პრემიერ-მინისტრმა ე.წ. მოსმენების სააგენტოს ხელმძღვანელად კობა კობიძის დანიშვნას ხელი მოაწერა
გამოქვეყნებულია: 2017-06-23 15:46:00
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ე.წ. მოსმენების სააგენტოს ხელმძღვანელად კობა კობიძის დანიშვნას ხელი მოაწერა.ინფორმაცია ამის შესახებ საზოგადოებრივს მთავრობის ადმინისტრაციაში დაუდასტურეს.სპეციალურმა კომისიამ სსიპ საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს ხელმძღვანელის კანდიდატურა 17 ივნისს დაამტკიცა. კობიძის კანდიდატურა ხელმოსაწერად პრემიერ-მინისტრს იმავე დღეს გადაეგზავნა.
წაკითხვა
უცხო ქვეყნების მოქალაქეებზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების საკუთრებაში გადაცემაზე გამოცხადებული მორატორიუმი ძალაშია
გამოქვეყნებულია: 2017-06-23 14:39:00
უცხო ქვეყნების მოქალაქეებზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით გამოცხადებული მორატორიუმი უკვე ძალაშია, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც კონსტიტუციური ცვლილებების პროექტს მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილავენ. ბესელიამ განმარტა, რომ მორატორიუმს ხელი მოეწერა, გუშინ გამოქვეყნდა და უკვე ძალაშია.მორატორიუმი კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების ძალაში შესვლამდე იმოქმედებს. ვიდრე "სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის “ბ“ ქვეპუნქტის მოქმედება შეჩერებულია, რომელიც საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირის, საზღვარგარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საქართველოში რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საკუთრებაში გადასვლის საკითხს ითვალისწინებს.ქართული მიწების უცხოელებზე გასხვისება კონსტიტუციითაც აიკრძალება. საკონსტიტუციო ცვლილებების მიხედვით, მიწა როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის რესურსი მხოლოდ სახელმწიფოს, თვითმმართველი ერთეულის, საქართველოს მოქალაქისა და საქართველოს მოქალაქეთა გაერთიანების საკუთრება იქნება. გამონაკლისი შემთხვევები და მიწაზე საკუთრების უფლება ორგანული კანონით დარეგულირდება.
წაკითხვა
სახალხო დამცველს დეკემბერში, ისევ ხუთი წლის ვადით აირჩევენ
გამოქვეყნებულია: 2017-06-23 14:37:00
მიმდინარე წლის დეკემბერში, საქართველოს მომავალი სახალხო დამცველის არჩევა ისევ ხუთი წლის ვადით მოხდება. როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვისას პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განმარტა, კოსტიტუციური ცვლილებების მიხედვით, სახალხო დამცველის არჩევა ექვსი წლის ვადით მოხდება, თუმცა, დეკემბერში, მომავალი ომბუდსმენი ხუთი წლის ვადით აირჩევა„სახალხო დამცველს დეკემბერში ვირჩევთ. მას ხუთი წლის ვადით ავირჩევთ და ხუთი წლის შემდეგ რომ ჩატარდება, ის ექვსი წლის ვადით იქნება არჩეული“, - დასძინა კობახიძემ. კონსტიტუციური ცვლილებებით, სახალხო დამცველად ერთი და იმავე პირის ზედიზედ ორჯერ არჩევა დაუშვებელია.
წაკითხვა
გია ვოლსკი - პრეზიდენტი პირდაპირ მიექანება პოლიტიკური კრიზისის შექმნისკენ
გამოქვეყნებულია: 2017-06-23 14:24:00
პრეზიდენტი პირდაპირ მიექანება პოლიტიკური კრიზისის შექმნისკენ - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი ვოლსკიმ პრეზიდენტის განცხადების საპასუხოდ განაცხადა. მისი თქმით, პრეზიდენტთან დიალოგის რესურსი არც ახლაა და არც მანამდე არსებობდა. "ვფიქრობ, რომ პრეზიდენტი პირდაპირ მიექანება კრიზისის შექმნის მიზნამდე და ამ შემოთავაზებაში რაღაც პოლიტიკური პლატფორმა აქვს დაკავებული, რომელიც აბსოლუტურად არ არის გათვალისწინებული არც დღევანდელი კონსტიტუციით და არც პოლიტიკური მორალით, რომელიც პრეზიდენტს ამ შემთხვევაში უნდა ეკისრებოდეს", - აცხადებს ვოლსკი. მისი თქმით, არსებობს საკითხები, რაზეც თავიდანვე ნათელი იყო, რომ შეთანხმება ვერ მოხდებოდა, ეს არის მიწის, ქორწინებისა და საარჩევნო სისტემის საკითხი. "წახვიდე იმაზე, რასაც მოგვიწოდებენ პრეზიდენტი და "ნაციონალური მოძრაობა" და სხვა მცირე პარტიები, სატელიტები მათ გარშემო - ნიშნავს რომ ჩვენ საფრთხის ქვეშ დავაყენოთ სახელმწიფო უსაფრთხოება, ანუ ვერ შევქმნათ მთავრობა. პრეზიდენტი ამ სიტყვა დიალოგს სპეკულატიურად იყენებს, თითქოს კონსტრუქციული წინადადების ჩამოსაყალიბებლად და სხვა არაფერი. მისი ქმედებები მიმართული იმისკენ, რომ დაიძაბოს სიტუაცია და შეიქმნას პოლიტიკური კრიზისი სახელმწიფოში", - აცხადებს გიორგი ვოლსკი. დეპუტატი სახალხო დამცველის განცხადებასაც გამოეხმაურა, აღნიშნა, რომ განხილვა ფორსირებულად არ მიმდინარეობს და პროცესი დიდი ხნის წინ დაიწყო. "უმრავლესობაში გაერთიანებულია პარტიების წარმომადგენლები, რომლებიც გაცილებით უფრო მეტი ისტორიული, პოლიტიკური ინტელექტის მატარებლები არიან და საკმაოდ კრიტიკულებიც იყვნენ ზოგიერთ მუხლთან დაკავშირებით, აქ მივაღწიეთ კონსენსუს, შეთანხმებას და ეს არ ნიშნავს ერთპარტიულ ყრილობას, როგორც ეს პრეზიდენტის ადმინისტრაციის აბსოლუტურად უპასუხისმგებლო განცხადებებში იკვეთება", - აცხადებს ვოლსკი. 
წაკითხვა
საქართველოში ვენეციის კომისიის პრეზიდენტი ჯანი ბუკიკიო ჩამოვა
გამოქვეყნებულია: 2017-06-23 13:42:00
საქართველოში ვენეციის კომისიის პრეზიდენტი ჯანი ბუკიკიო ჩამოვა. საზოგადოებრივის ინფორმაციით, ჯანი ბუკიკიო მონაწილეობას მიიღებს ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების კონგრესში. კონგრესს ბათუმი 28 ივნისიდან 1 ივლისის ჩათვლით უმასპინძლებს.არსებული ინფორმაციით, ღონისძიების გახსნას დაესწრებიან საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე.
წაკითხვა
გიორგი აბაშიშვილი - სამწუხაროდ, მმართველი პოლიტიკური გუნდი გვთავაზობს, რომ კონსტიტუციის პროექტის მიღებისას ვიზეიმოთ კონსენსუსი პოლიტიკურ პარტია „ქართულ ოცნებაში“
გამოქვეყნებულია: 2017-06-22 22:08:00
სამწუხაროდ, დღეს მმართველი პოლიტიკური გუნდი გვთავაზობს, რომ კონსტიტუციის პროექტის მიღებისას ჩვენ ვიზეიმოთ კონსენსუსი არა ქართულ საზოგადოებაში, არამედ ვიზეიმოთ კონსენსუსი პოლიტიკურ პარტია „ქართულ ოცნებაში“,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა საზოგადოებრივთან საუბრისას განაცხადა.აბაშიშვილის თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, რომელიც პარლამენტმა დღეს პირველი მოსმენით მიიღო, არის დოკუმენტი, რომელიც „ბოლო მომენტში სწორედ „ქართული ოცნების“ შიგნით პოლიტიკურ გარიგებებს დამატებით ემსხვერპლა და დამატებით დამახინჯდა“.„სამწუხაროდ, დღეს ჩვენ ვიხილეთ „ქართული ოცნების“ ყრილობა რეალურად პარლამენტის სხდომის ნაცვლად, რომელმაც რაღაც დოკუმენტი მიიღო, რაღაც დოკუმენტი ვამბობ სწორედ იმიტომ, რომ ეს არ არის ის დოკუმენტი რომელიც თუნდაც ვენეციის კომისიაში გაიგზავნა. ეს არ არის ის დოკუმენტი, რომელიც საკონსტიტუციო კომისიამ შეიმუშავა. ეს არ არის ის დოკუმენტი, რომელიც საერთო სახალხო განხილვებზე იყო წარმოდგენილ. ეს არის დოკუმენტი, რომელიც ბოლო მომენტში სწორედ „ქართული ოცნების“ შიგნით პოლიტიკურ გარიგებებს დამატებით ემსხვერპლა და დამატებით დამახინჯდა. ჩვენ საქართველოს მოქალაქეებმა 1995 წელს, 22 წლის წინ შევძელით, რომ კონსტიტუციის მიღება გვეზეიმა კონსენსუსი გზით და 22 წლის შემდგომ ჩვენ გვთავაზობენ, რომ ვიზეიმოთ კონსენსუსი ერთი პოლიტიკური პარტიის შიგნით, რაც თავისთავად დემოკრატიის გზაზე ძალიან უკან გადადგმული ნაბიჯია.მთლიანობაში, ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარი რომლის შესაძლებლობაც ბოლო მომენტამდე არსებობდა, რომ შეენარჩუნებინა, ასე ვთქვათ, მმართველს პოლიტიკურ გუნდს რაც საკონსტიტუციო განხილვებზე იყო , იყო სწორედ პროპორციული სისტემით არჩევნების ახლავე ამოქმედება, ანუ შემდეგ საპარლამენტო არჩევნებზე.სამწუხაროდ ესეც ემსხვერპლა მორიგ გარიგებას პოლიტიკურ პარტია „ქართული ოცნების“ შიგნით,- განაცხადა აბაშიშვილმა.საქართველოს პარლამენტმა დღეს საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი პირველი მოსმენით მიიღო. 
წაკითხვა
გიორგი კვირიკაშვილი - ოპოზიცია ცდილობს მოახდინოს კონსოლიდირება, რათა დაუპირისპირდნენ საკონსტიტუციო ცვლილებებს
გამოქვეყნებულია: 2017-06-22 20:35:00
ოპოზიცია ცდილობს მოახდინოს კონსოლიდირება, მათ შორის არასამთავრობო სექტორის, იმისათვის, რომ დაუპირისპირდნენ საკონსტიტუციო ცვლილებებს. ეს არის არგუმენტებს მოკლებული და უსამართლო, - ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. „მინდა მივმართო საზოგადოებას და ვთხოვო მათ, რომ კარგად გაიაზრონ ამ მიღწევების ფასი, გაიაზრონ თუ რამხელა მუშაობის შედეგია ყველაფერი ეს და კარგად შეხედონ იმ პროგრესს, რომელსაც გამოიწვევს ეს საკონსტიტუციო ცვლილებები ხელისუფლების დაბალანსების კუთხით და დემოკრატიის ხარისხის ზრდის კუთხით. მინდა  ცალსაცხად და ერთმნიშვნელოვნად განვაცხადო, რომ აღნიშნული საკონსტიტუციო ცვლიებები არის უდიდესი გადადგმული ნაბიჯი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების მიმართულებით“, - აღნიშნა კვირიკაშვილმა. პრემიერ-მინისტრის თქმით, 2024 წელს ქვეყანა პროპორციულ არჩევნებზე გადავა. „ყველანი ამ საზოგადოებაში ვცხოვრობთ და მოგეხსენებათ, რამხელა ბრძოლა დაჭირდა ქვეყანას, რომ 2012 წელს მიღწეულიყო ის დემოკრატიული არჩევნები და ხელისუფლების ცვლილება.  მე, როგორც ამ საზოგადოების ერთი წევრი, არაერთხელ ვმონაწილეობდი საერთო სახალხო პროტესტებში, რათა მიღწეულიყო მაჟორიტარულიდან პროპორციულზე გადასვლა, რადგან უნდა გამქრალიყო ის შეგრძნება, რომ ხელისუფლება მართავს 73 მაჟორიტარს, თუმცა, ეს ყოველთვის ასე არ არის. დღეს ეს შედეგი მიღწეულია. 2020 წლისთვის ვერ ხერხდება, მაგრამ პოლიტიკა არის თანმიმდევრულობასა და კომპრომისებს შორის სწორი ბალანსის მიღწევა, ამიტომ ამ კომპრომისით არა 2020-ში, არამედ 2024-ში ჩვენ მივაღწიეთ საპარლამენტო უმრავლესობის კონსოლიდაციას, ამ მნიშვნელოვანი, ისტორიული გადაწყვეტილების ირგვლივ. ერთხელ და სამუდამოდ ქვეყანა გადავა პროპორციულ არჩევნებზე, გაორდება პოლიტიკური პარტიების როლი პოლიტიკურ პროცესში და გაცილებით უფრო წარმოამდგენლობითი იქნება პარლამენტი ამ ცვლილების შედეგად. როგორც კომპენსატორი, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 2020 წლისთვის 5%-დან 3%-მდე დაგვეწია ბარიერი იმისთვის, რომ მეტი პარტია ყოფილყო წარმოდგენილი პარლამენტში“, - განაცხადა კვირიკაშვილმა. მისივე თქმით, უმრავლესობამ გაითვალისწინა საზოგადოების მოთხოვნა ქორწინების დეფინიციასა და საზოაგდოების უდიდესი უმრავლეობის მოთხოვნა მიწის გასხვისებასთან დაკავშირებით.„ყველა ეს ნაბიჯი ჩვენმა სახელისუფლებო გუნდმა გადადგა ქვეყნის განვითარების მიზნით უმნიშვნელოვანესი და ამავე დროს პოლიტიკური კონსენსუსის მიღწევის მიზნით“, - აღნიშნა პრემიერმა.
წაკითხვა
გიორგი კვირიკაშვილი - 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მეტ პოლიტიკურ პარტიას მიეცემა შესაძლებლობა, იყვნენ წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტში
გამოქვეყნებულია: 2017-06-22 20:26:00
ჩვენმა გუნდმა მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, შემდეგი საპარლამენტო არჩევნებისთვის, ერთი მოწვევის პერიოდისთვის საარჩევნო ბარიერის 5-დან 3%-მდე დაწევის შესახებ, რაც იმას ნიშნავს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მეტ პოლიტიკურ პარტიას მიეცემა შესაძლებლობა, იყვნენ წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პრემიერ-მინისტრმა მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურასთან დაკავშირებულ ცვლილებებსაც გაუსვა ხაზი. „ნაბიჯები, რომლებიც ჩვენ განვახორციელეთ კონსენსუსის მიღწევის მიზნით, არის მნიშვნელოვანი. უპირველეს ყოვლისა, მთავრობის მეთაური გახლავართ და მინდა აქედან დავიწყო. მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურა მნიშვნელოვნად გამარტივდა. დღევანდელი კონსტიტუციით პრაქტიკულად შეუძლებელია და ძალიან ხანგრძლივი პროცედურაა, რომ პარლამენტმა მიაღწიოს მთავრობის უნდობლობის გამოცხადებას. ასე რომ, აქ ძალიან მნიშვნელოვანი ბალანსი იქნა აღდგენილი პარლამენტის სასარგებლოდ. იმისათვის, რომ ვინმეს არ გასჩენოდა ეჭვი, რომ საპრეზიდენტო არჩევნების ტიპის ცვლილება იყო რაიმე კუთხით, რომელიმე ინდივიდთან დაკავშირებული, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და დავთანხმდით კიდევ ერთი რაუნდით პირდაპირ არჩევნებზე ანუ 2018 წელზე პრეზიდენტი ისევ საერთო სახალხო არჩევნებით იქნება არჩეული. ყველანი ამ საზოგადოებაში ვცხოვრობთ და მოგეხსენებათ, რამხელა ბრძოლა დასჭირდა ქვეყანას, რომ 2012 წელს მიღწეულიყო ის დემოკრატიული არჩევნები და ხელისუფლების ცვლილება. მე როგორც ამ საზოგადოების ერთი წევრი, არაერთხელ ვმონაწილებოდი საერთო სახალხო პროტესტებში, რათა მიღწეულიყო მაჟორიტარულიდან პროპორციულზე გადასვლა, რადგან უნდა გამქრალიყო ის შეგრძნე
წაკითხვა
გიორგი კვირიკაშვილი - საკონსტიტუციო კომისიის მიერ შემუშავებული ცვლილებებით ბალანსდება, მკაფიოდ ნაწილდება უფლებამოსილება ხელისუფლების შტოებს შორის
გამოქვეყნებულია: 2017-06-22 20:21:00
საკონსტიტუციო კომისიის მიერ შემუშავებული ცვლილებებით ბალანსდება, მკაფიოდ ნაწილდება უფლებამოსილება ხელისუფლების შტოებს შორის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, ცვლილებების შესახებ აზრის დაფქსირების უფლება ჰქონდა მოსახლეობას, ცვლილებები გადაიგზავნა იქნა ვენეციის კომისიაში, რომლის მხრიდანაც წარმოდგენილი ცვლილებები საქართველოს მხრიდან დემოკრატიის წინ გადადგმულ ნაბიჯად იქნა შეფასებული. „საბოლოოდ, საკონსტიტუციო კომისიის მიერ შემუშავებული ცვლილებებით ბალანსდება, მკაფიოდ ნაწილდება უფლებამსოილება ხელისუფლების შტოებს შორის. პარლამენტი იძენს თავის ბუნებრივ როლს და წონას, მარტივდება პარლამენტის მიერ მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურები. მთავრობა ხდება უფრო ეფექტური, კიდევ უფრო კონკრეტდება პრეზიდენტის, როგორც ნეიტრალური არბიტრის ფუნქციები. იზრდება ადამიანის საზოგადოების დაცულობის ხარისხი და კონსტიტუციის გარდამავალ დებულებებში ფიქსირდება ქვეყნის საგარეო პოლიტიკური არჩევანი. აღნიშნული ცვლილებებით კონსტიტუციით რეგულირდება მნიშვნელოვანი საკითხები- მიწის გასხვისება აღარ იქნება შესაძლებელი საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირზე, შესაძლებელი იქნება მხოლოდ გრძელვადიანი იჯარით განსაკუთრებულ შემთხვევებში:,- აღნიშნა პრემიერმა. როგორც მთავრობის მეთაურმა განაცხადა, იზრდება საპარლამენტო ოპოზიციის უფლებები,  შესაძლებელი ხდება საპარლამენტო ოპოზიციის მიერ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნა. „იზრდება სოციალური პასხუსიმგებლობა, იზრდება შრომითი უფლებების დაცულობის ხარისხი. მყარდება სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის ხარისხი. კონსესნსუსის მიღწევის მიზნით, 2018 წელს ისევ პირდაპირი წესით იქნება არჩეული პრეზიდენტი. საბოლო ჯამში ამ ეტაპისთვის შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა ერთადერთ საკითხზე - პროპორციულ სისტემაზე გადასვლის თარიღზე. აღნიშნულ საკითხზე აზრთა სხვადასხვაობა იყო საპარლამენტო უმრავლესობაში, რაც ხაზს უსვამს ჯანსაღი და დემოკრატიული მიდგომების ჩვენი ხელისუფლების პირობებში. საბოლოოდ, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატების ის ნაწილი, რომელსაც განსხვავებული პოზიცია აქვს ამ საკითხთაბნ დაკავშირებით, დაეთანხმა გადაწყვეტილებას, რო
წაკითხვა
ირმა ინაშვილი - 115 ხმით საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცება ერთპარტიული დიქტატურაა
გამოქვეყნებულია: 2017-06-22 19:12:00
115 ხმით საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცება ერთპარტიული დიქტატურაა, -ეს განცხადება საზოგადოებრივთან "პატრიოტთა ალიანსის" ერთ-ერთმა ლიდერმა ირმა ინაშვილმა გააკეთა. ინაშვილის განმარტებით,  115 ხმით ცვლილებების დამტკიცება იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში იმაზე მძიმე ვითარებაა, ვიდრე ეს ვინმეს წარმოუდგენია. „უმრავლესობის მიერ მიღებული ცვლილებები არცერთი პოლიტიკური ძალის და საზოგადოების დიდი ნაწილის მიერ მხარდაჭერილი არ არის. ერთმა პარტიამ საკონსტიტუციო ცვლილებები თვითონ შექმნა, თვითონ განიხილა პირველი მოსმენით და ამ კანონს მხარს თვითონვე უჭერს. ეს ერთპარტიული დიქტატურაა. ერთპარტიული დიქტატი ყოველთვის ცუდია. „მე ვარ მართალი და შეუმცდარი სახელმწიფო მართვაში“ - ეს აზროვნება დამღუპველია. ჩრდილოეთ კორეაში სხვა რამე კი არ ხდება. ეს უმძიმესი პროცესი "ქართული ოცნებისთვის" უმძიმესი შედეგებით დასრულდება.", - აღნიშნა ინაშვილმა.ოპოზიციონერი ვიცე-სპიკერის განმარტებით, პარლამენტის რიგგარეშე სხდომებზე ოპოზიციის ბოიკოტი გაგრძელდება.
წაკითხვა
გიორგი კვირიკაშვილი დაგეგმილ ბრიფინგზე სავარაუდოდ საკონსტიტუციო ცვლილებებზე ისაუბრებს
გამოქვეყნებულია: 2017-06-22 19:10:00
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დღეს დაგეგმილ ბრიფინგზე სავარაუდოდ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით გააკეთებს განცხადებას. მთავრობის მეთაური პარლამენტის მიერ დღეს საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების ფაქტს გამოეხმაურება. პრემიერ-მინისტრი საპარლამენტო ოპოზიციის ბოიკოტზეც ისაუბრებს. გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს 20:00 საათზე განცხადებას გააკეთებს. 
წაკითხვა
გიგი უგულავა - კონსტიტუციური ცვლილებები საზოგადოების კონსენსუსს არ ემყარება
გამოქვეყნებულია: 2017-06-22 19:07:00
გადაუჭარბებლად შეგვიძლია ვთქვათ, დღეს ივანიშვილმა და"ქართულმა ოცნებამ"  თითოეულ ადამიანს, ჩვენს მოსახლეობას თავზე გადაახია კონსტიტუცია, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ლიდერმა გიგი უგულავამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც გიგი უგულავამ აღნიშნა, "ქართული ოცნების "უმრავლესობამ დღეს პირველი მოსმენით დაამტკიცა პრაქტიკულად ახალი კონსტიტუცია, რომელიც არ ეფუძნება საზოგადოების, არასამთავრობო ორგანიზაციების, პოლიტიკური პარტიების კონსენსუსს. "ეს არის ერთპიროვნულად ბიძინა ივანიშვილის და ,,ქართული ოცნების" კონსტიტუცია, ამ კონსტიტუციით თქვენ, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, წაგართვეს პრეზიდენტის არჩევის უფლება.ამ კონსტიტუციით თქვენ, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, წაგართვეს და გადაგივადეს სამართლიანი საარჩევნო წესით საკუთარი პარლამენტის არჩევის უფლება. შევახსენებ საზოგადოებას და განსაკუთრებით ჩვენს გლეხობას, რომ ეს კონსტიტუცია ითვალისწინებს პირდაპირ შეთქმულებას ქართველი გლეხის წინააღმდეგ, რადგან თქვენ, მიწათმფლობელო ქართველო გლეხებო, თქვენი მიწის გაყიდვის სურვილის შემთხვევაში პოტენციურად შეგიმცირეს პოტენციური მყიდველები. ამით გააიაფეს თქვენი მიწა, მიწა აღარ ჩაიდება ბანკში დამატებითი ფულადი რესურსის მოსაძიებლად, გააუფასურეს და პოტენციურად კოლექტიური თოფაძეები და ივანიშვილები იაფად შეისყიდიან თქვეს მიწებს", - განაცხადა გიგი უგულავამ.მისივე თქმით, კონსტიტუციით დააკანონეს, რომ ოჯახი არის ქალის და მამაკაცის ერთობა, რითაც საზოგადოების გარკვეული ჯგუფების სტიგმატიზაცია მოახდინეს. გიგი უგულავას განცხადებით, ის რაც გამოიტანეს სხდომაზე არსებითად განსხვავდება იმისგან, რაც განხილვის პროცესში იყო. "გადაუჭარბებლად შეგვიძლია ვთქვათ, დღეს ივანიშვილმა და "ქართულმა ოცნებამ" ჩვენს მოსახლეობას თავზე გადაახია კონსტიტუცია. მშვიდად, მტკიცედ, მაგრამ გაბრაზებულებმა, ყველა ერთად, თითოეული მოქალაქე უნდა მივიდეთ არჩევნებზე და დავსაჯოთ "ქართული ოცნება". "ქართული ოცნების" დასჯა იქნება, რომ გავისტუმროთ იქ, სადაც არის მისი ადგილი", - განაცხადა გიგი უგულავამ. საქართველოს პარლამენტმა დღეს საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი პირველი მოსმენით მიიღო. 
წაკითხვა

უახლესი