საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

კვირიკაშვილი: ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა საქართველოს მოქალაქეებისთვის, უკეთ გაიცნონ ევროკავშირი
გამოქვეყნებულია: 2017-03-28 06:10:00
„ეს არის ძალიან დიდი მიღწევა, ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა საქართველოს მოქალაქეებისთვის, უკეთ გაიცნონ ევროკავშირი, უკეთ შეიცნონ ის ღირებულებები, რაზეც დგას ევროკავშირი“, - ეს განცხადება საქართველოს პრემიერმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ათენში გამგზავრების წინ გააკეთა. გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედების დღეს ისტორიული უწოდა. „ეს არის ჩვეულებრივი პასპორტი. დღეს არის ისტორიული დღე. დღეს საქართველოს მოქალაქეებისთვის უკვე საბოლოოდ იხსნება უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა შენგენის ქვეყნებში, ევროკავშირის ქვეყნებში. ეს არის ძალიან დიდი მიღწევა, ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა საქართველოს მოქალაქეებისთვის, უკეთ გაიცნონ ევროკავშირი, უკეთ შეიცნონ ის ღირებულებები, რაზეც დგას ევროკავშირი. ეს არის ჩვენი სტუდენტებისთვის ძალიან კარგი შესაძლებლობა, ჩაერთონ სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამაში. დღეს ჩვენ მივდივართ, სტუდენტებთან ერთად, ევროპის ძველ კულტურულ დედაქალაქში - ათენში, სადაც გვექნება შეხვედრები უნივერსიტეტში, ასევე გვექნება პოლიტიკური შეხვედრები, შემდეგ, შუადღის მერე მივდივართ უკვე ბრიუსელში, პოლიტიკურ დედაქალაქში, სადაც ვიზეიმებთ ამ ძალიან დიდ მიღწევას, რომელიც თანმიმდევრული, ძალიან ინტენსიური შრომის შედეგია. არამხოლოდ საქართველოს ხელისუფლების, არამედ საქართველოს მოქალაქეების უდიდესი ჩართულობის შედეგად გახდა ეს შესაძლებელი და მე მინდა, ყველას მივულოცო ეს ძალიან დიდი დღესასწაული, მართლაც ისტორიული დღესასწაული. ეს გახლავთ ჩეულებრივი პასპორტი, რომლითაც მე მივემგზავრები დღეს ევროპაში“, - განაცხადა საქართველოს პრემიერმა. 28 მარტს ისტორიულ დღეს უწოდებენ აეროპორტში მისული მინისტრთა კაბინეტის წევრებიც. შეგახსენებთ, საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის ამოქმედებასთან დაკავშირებით, დღეს, 28 მარტს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სტუდენტებთან, მეცნიერებთან, მედიის წარმომადგენლებთან და მთავრობის წევრებთან ერთად, უძველესი ცივილიზაციის დედაქალაქში - ათენში, შემდეგ კი, ევროპის პოლიტიკურ ცენტრში - ბრიუსელში უვიზოდ გაემგზავრება. 
წაკითხვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრები თბილისში არიან
გამოქვეყნებულია: 2017-03-28 04:11:00
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრები უკვე თბილისში არიან. კერსტინ ლუნდგრენი და ბას კლეინი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე წუთის წინ ჩამოფრინდნენ. დელეგაციის კიდევ ერთი წევრი, ბორის სილევიჩი საქართველოს დედაქალაქს 27 მარტს ეწვია. როგორც კერსტინ ლუნდგრენმა ჟურნალისტებს განუცხადა, მათი ვიზიტი საკმაოდ დატვირთულია, დაგეგმილ შეხვედრებზე საუბარი კი სხვადასხვა პოლიტიკურ თემას შეეხება. „ვფიქრობ, შეხვედრები საკმაოდ ნაყოფიერი იქნება“, - აღნიშნა მან. ვიზიტის ფარგლებში, 28 მარტს დელეგაციის წევრები, მრგვალი მაგიდის ფორმატში, არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდებიან. განხილვის მთავარი თემები საკონსტიტუციო ცვლილებები და სასამართლო რეფორმა იქნება. 28 მარტს დელეგაციის წევრები ასევე შეხვდებიან საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს და საკონსტიტუციო კომისიის წევრებს. 29 მარტს შეხვედრები გაიმართება იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელ ალექსანდრე ბარამიძესთან, მთავარ პროკურორ ირაკლი შოთაძესთან, სახალხო დამცველ უჩა ნანუაშვილთან. 30 მარტს დაგეგმილია შეხვედრები პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან, საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძესთან, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სახელმწიფო მინისტრის პირველ მოადგილე არჩილ ყარაულაშვილთან, საპარლამენტო უმრავლესობის, საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებთან. ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია რამდენიმე შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, ასევე სხვადასხვა კანონპროექტზე მომუშავე საპარლამენტო ჯგუფებთან. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ვიზიტი თბილისში 31 მარტს დასრულდება. 
წაკითხვა
ნიკა გვარამია „რუსთავი 2“-დან წასვლის ფაქტს არ ადასტურებს
გამოქვეყნებულია: 2017-03-27 20:55:00
​ნიკა გვარამია საზოგადოებრივთან საუბრისას „რუსთავი 2“-ის დატოვების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს. მისი თქმით, ის არსად წასვლას არ აპირებს და არხის გენერალურ დირექტორად რჩება."არსად წასვლას არ ვაპირებ. რუსთავი 2-ში ვრჩები და ჩემს საქმიანობას განვაგრძობ", - განაცხადა ნიკა გვარამიამ საზოგადოებრივთან საუბრისას. ​ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში რამდენიმე წუთის წინ პოსტიც გამოაქვეყნა. "ვერაფრით ვერ ვხვდები, რა მაიძულებს, ქექესთან ერთად მშვიდად ცხოვრების ნაცვლად, აქ ვიყო ომში მანიაკ ავაზაკთან და პასუხად უმადურობას და ზურგში დანებს ვითმენდე და ვიგერიებდე. მათ შორის, ყველაზე სამწუხაროდ, მეგობრებისგანაც, რომლებსაც პოლიტიკური დაპირისპირების ნიადაგზე, მგონი გონება დაუცურდათ. უნდა ჩავუღრმავდე ერთი ამ საკითხს მოცალეობის ჟამს.", - წერს ნიკა გვარამია საკუთარ „ფეისბუქის“ გვერდზე.
წაკითხვა
აპრილიდან ფარული მიყურადების შესახებ ახალი კანონი ამოქმედდება - NGO-ები ახალი სამართლებრივი დავისთვის ემზადებიან
გამოქვეყნებულია: 2017-03-27 20:22:00
მწვავე განხილვების შემდეგ, მომავალი თვიდან, ფარული მიყურადების შესახებ ახალი კანონი ამოქმედდება, თუმცა სამჯერ ვეტოდადებული და ორჯერ ვეტოდაძლეული დოკუმენტის გარშემო ახალი სამართლებრივი დავის დაწყება იგეგმება. არასამთავრობო ორგანიზაციები საკონსტიტუციო და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოებში გასაგზავნ სარჩელებს ამზადებენ. სამართლებრივ დავაში მესამე სექტორს მხარდაჭერას უცხადებს პრეზიდენტიც, რომელმაც მის მიერვე დაწუნებულ კანონს, დღეს, ხელი მოაწერა. სწორედ ამ ხელმოწერის გამო, კანონში შესული ცვლილებებით უკმაყოფილო უფლებადამცველებს, გიორგი მარგველაშვილის მიმართ კითხვები აქვთ. მიშა ფეიქრიშვილის სიუჟეტი.
წაკითხვა
პეტრო პოროშენკომ გიორგი კვირიკაშვილს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედება მიულოცა
განახლებულია: 2017-03-27 20:15:00
უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედება მიულოცა. "ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ არ ჩამოგრჩეთ", - მიმართა პეტრო პოროშენკომ გიორგი კვირიკაშვილს.უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ სუამ-ის წევრ სახელმწიფოთა მთავრობების მეთაურებს უმასპინძლა. შეხვედრის მთავარი თემა სუამ-ის ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავება და ორგანიზაციის პოტენციალის გამოყენება იყო. საქართველოს მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ სუამ-ში საქართველოს თავმჯდომარეობის ძირითადი პრიორიტეტებია, ორგანიზაციის ფარგლებში პოლიტიკური და ეკონომიკური კონსოლიდაციის გაძლიერება; დარგობრივი თანამშრომლობის გაფართოება; სუამ-ის პარტნიორ ქვეყნებთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის ინტენსიფიკაცია და სუამ-ის საპარლამენტო განზომილების გააქტიურება.შეხვედრისას აღინიშნა, რომ სუამ-ის წევრი სამი სახელმწიფო - საქართველო, უკრაინა და მოლდოვა ეკონომიკური მიმართულებით წარმატებით თანამშრომლობს ევროკავშირთან და უნდა მოხდეს სუამ-ის ინტეგრაცია ევროკავშირთან. მხარეებმა ასევე ისაუბრეს "აბრეშუმის გზის" სატრანზიტო პოტენციალის გამოყენებისა და ინიციატივაში - "ერთი სარტყელი - ერთი გზა" ჩართულ ქვეყნებთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე. ყურადღება ასევე დაეთმო უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას. რატი ხვისტანი განავრცობს თემას.
წაკითხვა
მთავრობის ადმინისტრაცია, მშვიდობის ხიდი და სატელევიზიო ანძა ევროკავშირის დროშის ფერებში განათდა
გამოქვეყნებულია: 2017-03-27 20:14:00
უვიზო მიმოსვლის ამოქმედებასთან დაკავშირებით მთავრობის ადმინისტრაცია, მშვიდობის ხიდი და სატელევიზიო ანძა ევროკავშირის დროშის ფერებში განათდა.28 მარტიდან საქართველოს მოქალაქეები ევროპაში მოგზაურობას ვიზის გარეშე შეძლებენ. ბიომეტრიული პასპორტის მქონე საქართველოს მოქალაქეებს უვიზოდ გადაადგილების უფლება ევროკავშირის 22 წევრ ქვეყანაში და ოთხ არაწევრ ქვეყანაში ექნებათ. 
წაკითხვა
„ევროპის კარი საქართველოსთვის ღიაა“- დეპუტატები ვიზალიბერალიზაციის მნიშვნელობაზე საუბრობენ
განახლებულია: 2017-03-27 20:05:00
საქართველო მილოცვებს იღებს. დამსახურებული გადაწყვეტილება, კიდევ ერთი წარმატება ევროინტეგრაციის გზაზე, ქვეყანაში გატარებული დემოკრატიული რეფორმების შედეგი და პოლიტიკური გზავნილი, რომ ევროპის კარი საქართველოსთვის ღიაა: ასეთია შეფასებები ხელისუფლების პირველი პირებისგან, რომლებიც უვიზო რეჟიმის ამოქმედებამდე განვლილ გზას და ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესასრულებლად გადადგმულ ნაბიჯებს იხსენებენ. მთავრობა სავიზო რეჟიმის გაუქმებით მოსალოდნელ სარგებელზეც აკეთებს აქცენტს და მოქალაქეებს კიდევ ერთხელ ახსენებს საკუთარ ვალდებულებებს. მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს თბილისის საერთაშორისო აეროპორტშიც, საიდანაც რამდენიმე საათში მოქალაქეები ევროპის მიმართულებით უვიზოდ გაფრინდებიან.გიორგი კობერიძე განავრცობს თემას.
წაკითხვა
გიორგი კვირიკაშვილი - მინდა, მოგიწვიოთ საქართველოში, რათა პირადად გაეცნოთ ყველაფერს, რისი შემოთავაზებაც ჩვენს ქვეყანას შეუძლია
გამოქვეყნებულია: 2017-03-27 18:50:00
საქართველო რეგიონის წარმატებული ქვეყანაა საინვესტიციო მიმზიდველობისა და სტაბილურობის თვალსაზრისით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სუამ-ის წევრ სახელმწიფოთა ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, საქართველომ ერთ-ერთი საუკეთესო საინვესტიციო კლიმატი შექმნა. ეფექტიანი სახელმწიფო მომსახურება, არაკორუმპირებული სახელმწიფო და თავისუფალი, სამართლიანი და ღია ბიზნესგარემო, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციების რეიტინგებში აისახა და კვლავაც უმჯობესდება.„ჩვენს ქვეყანაში ინვესტირების შემოთავაზებები სულ უფრო მიმზიდველი ხდება რამდენიმე მიზეზის გამო - პირველ რიგში, საქართველოში ინვესტირება მინიმალურ საკანონმდებლო  ბარიერებსა თუ ნორმატიულ რეგულაციებთან არის დაკავშირებული. 2014 წელს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ხელმოწერილი  შეთანხმება ღრმა და ყოვლისმომცველი  თავისუფალი ვაჭრობის ზონის შესახებ, ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვინაიდან ითვალისწინებს საქართველოს თანდათანობით ინტეგრაციას ევროკავშირის ბაზრებზე.DCFTA-ს ამოქმედებულმა რეჟიმმა უკვე გამოიღო პირველი მნიშვნელოვანი შედეგები. საქართველოს ექსპორტი ევროკავშირში 15 პროცენტით გაიზარდა 2016 წელს. ამასთან ზოგიერთი ქართული პროდუქტის ექსპორტი ორჯერ და სამჯერაც კი გაიზარდა, მაგალითად, ისეთი პროდუქტებისა, როგორიცაა თხილი, თაფლი, ნავთობ-ზეთები. წელს საქართველო იწყებს ევროპაში თაფლის ექსპორტს, რომელიც, საქართველოდან ექსპორტირებული ისეთი წამყვანი   პროდუქტების რიგში ჩადგება, როგორებიცაა ღვინო, თხილი, მოცვი. მეორე - საქართველო, აზერბაიჯანთან ერთად, წარმოადგენს სხვა ბაზრებზე გასასვლელს, მათ შორის ცენტრალური აზიისა და შორეული აღმოსავლეთის ბაზრებზე. ამასთან დაკავშირებით ჩვენ უზრუნველვყოფთ ფიზიკურ წვდომას თანამედროვე სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის საშუალებით და ასევე ნორმატიულ წვდომას თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების სახით. კერძოდ, ჩვენ დავასრულეთ მოლაპარაკებები და საქართველო რეგიონის პირველი ქვეყანა გახდება, რომელსაც ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება ექნება. ჩვენ მსგავსი შეთანხმებები გვაქვს დსთ-ს ქვეყნებთან, თურქეთთან და ასევე GSPრეჟიმი აშშ-სთან, კანადასა და იაპონიასთან. ჩვენ ვგეგმავთ, წელს ასეთივე ხელშეკრულება დაიდოს ინდოეთთან. ასეთი ლიბერალური რეჟიმის, დაბალი გადასახადებისა და ჩვენი სტრატეგიული ადგილმდებარეობის წყალობით, საქართველო საინვესტიციო შესაძლებლობების მხრივ სულ უფრო მიმზიდველი ხდება. მესამე - საქართველო გვთავაზობს მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ბიზნესგარემოს, რომელიც წლიდან წლამდე უმჯობესდება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.მისივე თქმით, 
წაკითხვა
პრეზიდენტმა ე.წ. მოსმენების კანონს ხელი მოაწერა
განახლებულია: 2017-03-27 18:30:00
პრეზიდენტმა ე.წ. ფარული მოსმენა-მიყურადების შესახებ კანონს ხელი მოაწერა.ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ავლაბრის სასახლეში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.„საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ფარული საგამოძიებო მოქმედებების, ე.წ მოსმენების ახალი სისტემა უნდა ამოქმედდეს 2017 წლის 31 მარტიდან. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პარლამენტმა არ გაითვალისწინა პრეზიდენტი მოტივირებული შენიშვნები, ე.წ. ვეტო მოსმენების კანონთან დაკავშირებით, ამით, ფაქტობრივად, ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, შეგვექმნა თვისობრივად ახალი დამოუკიდებელი სისტემა, პრეზიდენტი პატივს სცემს საკონსტიტუციო სასამართლოს, მის გადაწყვეტილებას, ხელს აწერს იმ კანონს, რომელიც პარლამენტმა მიიღო.ამავე დროს, საზოგადოებისთვის ცნობილი იქნება ის ფაქტი, რომ მრავალი ორგანიზაცია თუ ადამიანი აპირებს, რომ ახალი სისტემის შექმნისთვის იბრძოლოს სხვადასხვა სამართლებრივ ასპარეზზე, იქნება ეს საკონსტიტუციო სასამართლოში თუ სტრასბურგში,“- განაცხადა ანა დოლიძემ.გიორგი მარგველაშვილმა ე.წ. ფარულ მოსმენა-მიყურადების შესახებ მომზადებულ კანონპროექტზე ვეტო ორჯერ გამოიყენა.პარლამენტმა კანონი ხელმოსაწერად პრეზიდენტს 6 მარტს გადაუგზავნა. საქართველოს პარლამენტმა ფარული საგამოძიებო ქმედებების შესახებ საკანონმდებლო პაკეტი პირველ მარტს მიიღო.საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის მიხედვით, ფარული მოსმენების განსახორციელებლად სუს-ის დაქვემდებარებაში „ოპ
წაკითხვა
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით უკრაინის პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ გროისმანი ​ჩამოვა
გამოქვეყნებულია: 2017-03-27 18:21:00
საქართველოს, შემოდგომაზე, ოფიციალური ვიზიტით, უკრაინის პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ გროისმანი ეწვევა, - ამის შესახებ უკრაინის მთავრობის მეთაურმა ქართველ კოლეგასთან, გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრისას განაცხადა. მხარეებმა სუამ-ის წევრი სახელმწიფოების  მთავრობების მეთაურთა სხდომის შედეგებისა და ორმხრივი თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს. საუბრისას აღინიშნა, რომ ბოლო პერიოდში საქართველო-უკრაინის პოლიტიკური ურთიერთობები პოზიტიური დინამიკით გამოირჩევა. პრემიერ-მინისტრებმა ხაზი გაუსვეს სექტორული თანამშრომლობის გააქტიურების აუცილებლობას ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის  მიმართულებით. გიორგი კვირიკაშვილმა უკრაინელი კოლეგა "აბრეშუმის გზის" ფორუმზე მიიწვია, რომელიც თბილისში ნოემბერში იგეგმება.მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივას. პრემიერ-მინისტრების შეფასებით, ამ პროცესში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომა, რომელიც აპრილში კიევში გაიმართება. საქართველოსა და უკრაინის პრემიერ-მინისტრებმა ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ურყევი მხარდაჭერისთვის ერთმანეთს მადლობა გადაუხადეს. 
წაკითხვა
28-29 მარტს ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი გაიმართება
განახლებულია: 2017-03-27 18:17:00
ქართული მხარე ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდისთვის ემზადება, რომელიც 28-29 მარტს შედგება. დელეგაცია შვეიცარიაში უკვე გაემგზავრა. განსახილველ საკითხთა დღის წესრიგი ფართოა. ოფიციალური თბილისი ოკუპირებული ტერიტორიებიდან მოქალაქეების გატაცების ფაქტებზე და ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციისა და დე ფაქტო აფხაზეთის ე.წ მთავრობის გადაწყვეტილებით, გადასასვლელი პუნქტების დახურვის თემებზე იმსჯელებს.მოლაპარაკებების მორიგ რაუნდამდე, ქართული მხარე რუსეთის საგარეო უწყების განცხადებასაც ეხმაურება და მას პროვოკაციულს უწოდებს.   ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებზე გაერო-ს შესაბამისი ორგანოს მიერ, 24 მარტს მიღებული რეზოლუციის შემდეგ, ლავროვის უწყებამ დოკუმენტს პოლიტიზებული უწოდა, ქართული მხარე კი ჟენევის მოლაპარაკებათა მოახლოებული რაუნდის საბოტაჟის მცდელობაში დაადანაშაულა.
წაკითხვა
მიხეილ ჯანელიძე: ევროკავშირში უვიზოდ შესვლისთვის, მოქალაქემ მესაზღვრესთან ვიზიტის მიზნობრიობა უნდა დაასაბუთოს
გამოქვეყნებულია: 2017-03-27 18:15:00
„ჩვენ ძირითადი გამოწვევები გავიარეთ, როდესაც ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულება და რეფორმების განხორციელება დავიწყეთ. ამ გზით, ჩვენ გავხდით ევროკავშირის სანდრო პარტნიორი, რამაც შესაძლებელი გახადა ეს მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილება“,-ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ მოამბეში განაცხადა. მინისტრის განმარტებით, ევროკავშირში უვიზოდ შესვლისთვის, მოქალაქემ მესაზღვრესთან ვიზიტის მიზნობრიობა უნდა დაასაბუთოს.
წაკითხვა
28 მარტს გიორგი კვირიკაშვილი სტუდენტებთან, მეცნიერებთან, მედიის წარმომადგენლებთან, მთავრობის წევრებთან ერთად ათენსა და ბრიუსელში უვიზოდ გაემგზავრება
გამოქვეყნებულია: 2017-03-27 18:07:00
საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის ამოქმედების ისტორიულ ფაქტთან დაკავშირებით, 28 მარტს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სტუდენტებთან, მეცნიერებთან, მედიის წარმომადგენლებთან და მთავრობის წევრებთან ერთად, თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან უძველესი ცივილიზაციის დედაქალაქში - ათენში, შემდეგ კი, ევროპის პოლიტიკურ ცენტრში - ბრიუსელში უვიზოდ გაემგზავრება. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, 28 მარტს პრემიერ-მინისტრი ათენის კაპოდისტრიას სახელობის ეროვნულ უნივერსიტეტში გახსნის კონფერენციას- „საქართველო ევროპიდან ევროპამდე,“ რომელსაც ქართველი და ბერძენი პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები და მეცნიერები დაესწრებიან. გიორგი კვირიკაშვილი შეხვედრას გამართავს საბერძნეთის პრემიერ-მინისტრ ალექსის ციპრასთან. შეხვედრის შემდეგ პრემიერ-მინისტრები ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. ახალგაზრდებთან და მეცნიერებთან ერთად, პრემიერ-მინისტრი ათენის აკროპოლისს დაათვალიერებს. ათენის შემდეგ საქართველოს დელეგაცია ბრიუსელში გაემგზავრება, სადაც საქართველოს მთავრობის მეთაური ორმხრივ შეხვედრებს გამართავს ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკთან და ევროკომისიის პრეზიდენტთან, ჟან-კლოდ იუნკერთან. მხარეები ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. ევროკავშირის ინსტიტუტების წარმომადგენელთა პატივსაცემად, საქართველოს მთავრობის სახელით, ბრიუსელში საზეიმო მიღება გაიმართება. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან ვიცე-პრემიერი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე,, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გია შარვაშიძე, ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის კლასიკური ფილოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი ირინა დარჩია, საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი, არქეოლოგი დავით ლორთქიფანიძე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ასოცირებული პროფესორი ლევან გიგინეიშვილი, მწერალი ზურაბ ქარუმიძე, განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიანტები, “სტარტაპ საქართველოს” მიერ დაფინანსებული ბენეფიციარები, თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კლასიკური ფილოლოგიისა და ნეოგრეცისტიკის მიმართულების წარმატებული სტუდენტები, სახელმწიფო პროგრამის- “აწარმოე საქართველოში” ფარგლებში დაფინასებული ახალგაზრდები, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული წარმატებული სტუდენტები, სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე სტუდენტები, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი სტუდენტები.
წაკითხვა
გიორგი მღებრიშვილი - მესაზღვრეებს დაევალებათ, გაესაუბრონ მოქალაქეებს, რომლებიც ევროპულ ქვეყნებში მიემგზავრებიან
გამოქვეყნებულია: 2017-03-27 18:00:00
მესაზღვრე კონტროლიორებს საბაჟო გამშვებ პუნქტებზე, 28 მარტიდან ოფიციალურად დაევალებათ, რომ დეტალურად გაესაუბრონ ყველა მოქალაქეს, რომლებიც იმ ევროპულ ქვეყნებში მიემგზავრებიან, სადაც ვრცელდება თავისუფალი სავიზო რეჟიმი, - ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც მღებრიშვილმა აღნიშნა, ვიზალიბერალიზაციის გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებები სწორედ შსს-ზე მოდიოდა. "მე დღეს ხელი მოვაწერე ბრძანებას, რომლითაც ჩვენს მესაზღვრე კონტროლიორებს საბაჟო გამშვებ პუნქტებზე 28 მარტიდან ოფიციალურად დაევალებათ, რომ დეტალურად გაესაუბრონ ყველა მოქალაქეს, რომლებიც იმ ევროპულ ქვეყნებში მიემგზავრებიან, სადაც ვრცელდება თავისუფალი სავიზო რეჟიმი, გაუწიონ კონსულტაცია უვიზო მიმოსვლის პირობებთან დაკავშირებით და შეამოწმონ მათი სამგზავრო დოკუმენტების შესაბამისობა შენგენის მოთხოვნებთან.იმ შემთხვევაში, თუ ამგვარი შემოწმებისას, გასაუბრებისას გამოვლინდება, რომ რომელიმე დოკუმენტი არ შეესაბამება საზღვრის კვეთისთვის საჭირო სტანდარტებს, რაც თავისთავად გულისხმობს იმას, რომ აღნიშნულ პირს მაღალი ალბათობით არ შეუშვებენ ევროკავშირში, მესაზღვრე ამის შესახებ წინასწარ გააფრთხილებს და მოსალოდნელ შედეგებსაც გააცნობს", - განაცხადა მღებრიშვილმა.  
წაკითხვა
„ევროპული საქართველო“ დევნილთა შემწეობის 45-დან 60 ლარამდე გაზრდის ინიციატივით გამოდის
განახლებულია: 2017-03-27 16:23:00
„მოძრაობა თავისუფლებისთვის – ევროპული საქართველო“ ახალი ინიციატივით გამოდის. პარტია დევნილთა შემწეობის 45 ლარიდან 60 ლარამდე გაზრდას მოითხოვს. ელენე ხოშტარიას განცხადებით, ინიციატივა რეალისტურია და სახელმწიფოს ამის რესურსი აქვს. „ევროპული საქართველო“ ახალი ინიციატივით პარლამენტს მიმართავს და მსჯელობის პროცესში სოზარ სუბარის ჩართვასაც მოითხოვს. 
წაკითხვა
საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ლატვიის პრეზიდენტი ეწვია
განახლებულია: 2017-03-27 16:16:00
საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ლატვიის პრეზიდენტი ეწვია. პრეზიდენტის თვითმფრინავი თბილისის საერთშორისო აეროპორტში ცოტა ხნის წინ დაეშვა. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრებსა და ღონისძიებებზე მარიამ ცარელაშვილი ისაუბრებს.
წაკითხვა
გიორგი კვირიკაშვილი - მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ, უფრო გავაძლიეროთ არა მარტო სუამ-ი, არამედ ჩვენი ქვეყნებიც
განახლებულია: 2017-03-27 16:15:00
ჩვენ მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ, უფრო გავაძლიეროთ არა მარტო სუამ-ი, არამედ ჩვენი ქვეყნებიც,  მკაფიოდ უნდა ვაცნობიერებდეთ, რას გვინდა მივაღწიოთ ერთობლივად, მოცემული ფორმატის დახმარებით, რადგან წარმატება, უპირველეს ყოვლისა, დამოკიდებულია ჩვენს თანმიმდევრულ და კოორდინირებულ თანამშრომლობაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სუამ-ის წევრ სახელმწიფოთა მთავრობების მეთაურთა სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. საქართველოს მთავრობის მეთაურმა უკრაინელ კოლეგას მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ შეხვედრა ორგანიზაციის ფარგლებში პოლიტიკური და სექტორული თანამშრომლობის განმტკიცებას შეუწყობს ხელს. პრემიერის თქმით, საქართველოს თავმჯდომარეობის პროგრამა შემთხვევით არ იყო წარმოდგენილი დევიზით - „ერთად ძლიერი სუამ-ისთვის“, რადგან ორგანიზაციას, როგორც არასდროს, სჭირდება მისი წევრების პოლიტიკური კონსოლიდაციის გამყარება, რათა ყველა დასახულ მიზანს მიაღწიოს. "დღეს, გლობალური და რეგიონალური გამოწვევები გვავალდებულებს,  განვამტკიცოთ ჩვენი  ურთიერთქმედება სუამ-ის ფარგლებში, ასევე საერთაშორისო სარბიელზე. ტერიტორიული მთლიანობა წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მტკივნეულ პრობლემას და ერთობლივ გამოწვევას სუამ-ის წევრი ქვეყნებისთვის. გადაუჭრელი კონფლიქტები სუამ-ის რეგიონში კვლავ აბრკოლებს ჩვენს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ განვითარება. ამასთან დაკავშირებით, სუამ-ის ხმა უნდა ჟღერდეს რაც შეიძლება ხმამაღლა. ყველა ჩვენგანისთვის მნიშვნელოვანია, უფრო აქტიურად გამოვიყენოთ სუამ-ის პოტენციალი ფართო საერთაშორისო მხარდაჭერისა და ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოთა ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის ფაქტებთან დაკავშირებით ადექვატური რეაქციის მიღწევის მიზნით", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. პრემიერის თქმით,  საქართველო, როგორც თავმჯდომარე ქვეყანა, მიიჩნევს, რომ დარგობრივი თანამშრომლობის წარმატებული განვითარება პოლიტიკური ურთიერთქმედების განმტკიცებასა და წევრი ქვეყნების ერთობლივი და ინდივიდუალური ეკონომიკური ინტერესების მიღწევას შეუწყობს ხელს. "გასული 20 წლის განმავლობაში ჩვენ შევიძინეთ მნიშვნელოვანი გამოცდილება სუამ-ის ფარგლებში ერთობლივი და ურთიერთმომგებიანი პროექტების რეალიზაციისას, ისეთ სფეროებში, როგორიცაა ვაჭრობა, ეკონომიკა, ტრანსპორტი, ტურიზმი, სამართალდამცავი საქმიანობა და კიბერუსაფრთხოება.  დღეს ჩვენს წინაშე გადაშლ
წაკითხვა
ვიქტორ დოლიძე: მეტი საქართველო ევროპაში
გამოქვეყნებულია: 2017-03-27 16:00:00
ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის ამოქმედებამდე ერთი დღე რჩება. ხვალიდან ბიომეტრიული პასპორტის მქონე საქართველოს მოქალაქეები ევროპაში მოგზაურობას ვიზის გარეშე შეძლებენ. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, ვიქტორ დოლიძე ამ წუთებში ბრიფინგს მართავს 
წაკითხვა
დოლიძე: ხელმოწერა სიმბოლურია, ეს არის მცდელობა, პატივი ვცეთ საკონსტიტუციო სასმართლოს გადაწყვეტილებას
გამოქვეყნებულია: 2017-03-27 15:44:00
საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის ანა დოლიძის განცხადებით, ე.წ. მოსმენების კანონზე პრეზიდენტის ხელმოწერა სიმბოლურია. მისივე თქმით, შესაძლებელი იყო რომ პრეზიდენტს არ მოეწერა ხელი კანონზე და ეს მის ნაცვლად პარლამენტის თავმჯდომარეს გაეკეთებინა, თუმცა, როგორც დოლიძემ აღნიშნა, საქართველოს პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია საკონსტიტუციო სასამართლოს როლის და მისი გადაწყვეტილებების გათვალისწინება, მიუხედავად იმისა, მოსწონს თუ არა ის პრეზიდენტს.„ის ფაქტი, რომ პრეზიდენტი ხელს აწერს კანონს, ამას აქვს სიმბოლური მნიშვნელობა და ამავდროულად, სახელმწიფოებრივიც. ეს არის მცდელობა, რომ დაინერგოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება და სწორედ ამ მცდელობით ვცემთ პატის ინიციატივას.მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ საკონსტიტუციო სასამართლოს როლი და მიუხედავად იმისა, მოგვწონს თუ არა პროდუქტი, უნდა დავემორჩილოთ სასამართლოს მითითებებს“, - განაცხადა დოლიძემ.ანა დოლიძის თქმით, საქართველოს პრეზიდენტი მზადყოფნას გამოთქვამს იბრძოლოს ახალი სისტემის შექმნისთვის.„გაქვს მიმდინარე კავშირი ყველა იმ აქტიურ ჯგუფთან, რომელსაც აინტერესებს, რომ კარგი ახალი სისტემა შეიქმნას. გამოჩნდება თანამშრომლობის რა ფორმა მოინახება“,- განაცხადა დოლიძემ.პრეზიდენტმა ე.წ. ფარული მოსმენა-მიყურადების შესახებ კანონს ხელი მოაწერა.ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ავლაბრის სასახლეში გამართულ ბრიფინგზე
წაკითხვა
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები საქართველოში მონიტორინგს განახორციელებენ
გამოქვეყნებულია: 2017-03-27 15:32:00
​ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები ბორის სილევისი და კერსტინ ლანდგრენი საქართველოს ეწვევიან და მონიტორინგს განახორციელებენ. მათი ვიზიტის მთავარი ფოკუსი ქვეყანაში პოლიტიკური კლიმატისა და პლურალიზმის შესწავლა იქნება, განსაკუთრებით კი, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პერიოდში. ევროპის საბჭოს თანამომხსენებლები, ასევე, დააკვირდებიან ახალი მთავრობის პრიორიტეტებსა და სასამართლო რეფორმის მიმდინარეობას. ​ისინი შეხვდებიან საქართველოს პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს, პრემიერსა და საგარეო საქმეთა მინისტრს. თანამომხსენებლები შეხვედრას გამართავენ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარესთან და და გენერალურ პროკურორთანაც. ​გარდა ამისა, ​ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები გეგმავენ,  შეხვდნენ პარლამენტის წევრებს, სამოქალაქო საზოგადოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.წყარო: http://www.assembly.coe.int/
წაკითხვა

უახლესი