საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

"თავისუფლებისა და მხარდაჭერის ცენტრი" ივანიშვილს მიმართავს, ახალაიას საქმეს გადახედოს
გამოქვეყნებულია: 2013-01-30 18:25:00
"თავისუფლებისა და მხარდაჭერის ცენტრი" ბიძინა ივანიშვილს მიმართავს, ახალაიას საქმეს პირადად გადახედოს. გიორგი ონიანმა და ყოფილი თავდაცვის მინისტრის მხარდამჭერებმა დღეს ახალაიას საქმე ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრში მიიტანეს. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები პრემიერთან ან მის წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვენ, რათა საქმის დეტალები გააცნონ. გიორგი ონიანის განცხადებით, საქმესთან დაკავშირებით პროკურატურას არ გააჩნია არცერთი მტკიცებულება და ამის შესახხებ პრემიერი ინფორმირებული უნდა იყოს.
წაკითხვა
"საკანონმდებლო მაცნეს" ახალი რედაქტორი ჰყავს
გამოქვეყნებულია: 2013-01-30 18:08:00
"საკანონმდებლო მაცნეს" ახალი რედაქტორი ჰყავს. ჯონი კვინიკაძე იუსტიციის მინისტრმა წარადგინა. თეა წულუკიანმა და ახალმა ხელმღვანელმა დაგეგმილ და განხორციელებულ სიახლეებზე ისაუბრეს. მინისტრის განცხადებით, კანონების კოდიფიცირებული ვერსიების ნახვა, რომელიც ამ დრომდე მხოლოდ ავტორიზებული მომხმარებლისთვის იყო ხელმისაწვდომი, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს უფასოდ შეეძლება. მიმდინარე წელს "საკანონმდებლო მაცნე" მომხმარებელს ახალ მომსახურებებსაც შესთავაზებს.
წაკითხვა
გელა ნიკოლაიშვილმა გია გვირჩიანის საქმის ახალ გარემოებებზე ისაუბრა
გამოქვეყნებულია: 2013-01-30 18:08:00
"თელასის" ყოფილი დირექტორის გია გვირჩიანის საქმის ახალ გარემოებებზე ისაუბრა ადვოკატმა გელა ნიკოლაიშვილმა. როგორც ნიკოლაიშვილი აცხადებს, დნმ-ის ანალიზის პასუხს გამოძიება 7 წლის განმავლობაში მალავდა. გელა ნიკოლაიშვილი უახლოეს ორ კვირაში სააპელაციო სასამართლოში საქმის ხელახლა განხილვას მოითხოვს. გია გვიჩიანი 2006 წლის 7 მარტს დააკავეს. მას "თელასის" ფინანსური მენეჯერის, ნიკა ლომინაძის მკვლელობაში დასდეს ბრალი და უვადო პატიმრობა მიუსაჯეს.
წაკითხვა
"ადამიანის უფლებათა ცენტრი" ჩახალიანის გარშემო პოლიტიკური სპეკულაციების გამო შეშფოთებას გამოხატავს
გამოქვეყნებულია: 2013-01-30 18:03:00
"ადამიანის უფლებათა ცენტრი" ამნისტიის კანონის საფუძველზე გათავისუფლებული ვაჰაგნ ჩახალიანის გარშემო პოლიტიკური სპეკულაციების გამო შეშფოთებას გამოხატავს და საქართველოს პრეზიდენტს და უმცირესობის წევრებს გამიზნული დეზინფორმაციის შეწყვეტისკენ მოუწოდებს. ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის ალექსანდრე ცქიტიშვილის განცხადებით, პრეზიდენტი და უმცირესობის სხვა წარმომადგენლები თავიანთ განცხადებებში ჩახალიანს ისეთ მძიმე დანაშაულებს მიაწერენ, რაც მას წაყენებული არ ჰქონია და ამით მისი უდანაშაულობის პრეზუმფციას არღვევენ. ამავე დროს "ადამიანის უფლებათა ცენტრს" მიაჩნია, რომ მსგავსი განცხადებები საქართველოში მცხოვრები მრავალათასიანი სომხური დიასპორის უკმაყოფილებას იწვევს.
წაკითხვა
ტარიელ ხიზანეიშვილი დაკითხეს
გამოქვეყნებულია: 2013-01-30 17:19:00
ტარიელ ხიზანეიშვილი მერიასთან დაკავშირებულ ერთ-ერთ საქმეზე დაკითხეს. ამის შესახებ მან მთავარი პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა. პროკურატურის პრესსამსახურის ინფორმაციით, ხიზანეიშვილი მოწმის სტატუსით დაკითხეს. თბილისის მერის მოადგილე პროკურატურაში ერთ-ერთი მშენებლობის საქმეზე რამდენიმე დღის წინაც იყო დაბარებული, თუმცა ამჯერად ხიზანეიშვილი სხვა საქმეზე იკითხებოდა.
წაკითხვა
BBC - "ყველაზე უსაფრთხო ქალაქის" შიშები - პატიმრებს ციხეებიდან ათავისუფლებენ"
გამოქვეყნებულია: 2013-01-30 16:57:00
"ყველაზე უსაფრთხო ქალაქის" შიშები - პატიმრებს ციხეებიდან ათავისუფლებენ", - ამ სათაურით დემიენ მაკგინესის სტატიას "ბი-ბი-სი" აქვეყნებს. "საქართველოში ამნისტიის კანონის შედეგად სულ მცირე 3 ათასმა პატიმარმა დატოვა ციხე, უახლოეს მომავალში კი გათავისუფლების გზას 2 ათასი ადგას. თუმცა, მიუხედავად მთავრობის განცხადებისა, რომ ისინი უსამართლოდ იყვნენ დაპატიმრებული, მათ საპატიმროში დაუნდობლად ეპყრობოდნენ. საქართველოში შიშობენ, რომ მათი თავისუფლება, შესაძლოა, ევროპის ყველაზე უსაფრთხო ქალაქს დაემუქროს", -ნათქვამია სტატიაში. "ახლა არსებობს შუალედური სისტემის შექმნის შანსი: სისტემის, რომელიც არც ავტორიტარულია, არც ანარქისტული. ქართველების დიდ ნაწილს ორივე უკიდურესობა ყელში აქვს ამოსული, მაგრამ საქართველო მაინც რჩება დრამის მოყვარულ ქვეყანად, სადაც ქვეყნის ლიდერი ერთ წუთში შეიძლება მხსნელად აღაზევონ, მეორე წუთში კი კრიმინალში დაადანაშაულონ. და ამჟამინდელი საყოველთაო განწყობა, რაც ათასობით ადამიანის საპატიმროდან გათავისუფლებას მოჰყვა, იმით არის გამოწვეული, რომ ისინი, ვინც ყოფილმა ხელისუფლებამ დააპატიმრა, პოლიტპატიმრები არიან. საქართველოს კრიმინალური წარსულის გათვალისწინებით, ნათელია, რომ ეს ასე არ იყო. დღემდე ქვეყნის ციხეებში რჩებიან ორივე ტიპის უდანაშაულო მსხვერპლნი – ისინი, ვინც შეურაცხყოფისგან იტანჯებოდნენ და კორუფციული კრიმინალები, რომელთაც ერთ დროს საქართველო ასე საშიშად აქციეს. ახალი ხელისუფლების გამოწვევა კი იმის გარკვევაა, ვინ ვინ არის", - აღნიშნულია სტატიაში.
წაკითხვა
თენგიზ გუნავას პროცესი გაიმართა
გამოქვეყნებულია: 2013-01-30 16:54:00
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს გენინსპექციის ყოფილი უფროსის თენგიზ გუნავას საქმეზე საქალაქო სასამართლოში პროცესი ცოტა ხნის წინ დასრულდა. მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა, რომელიც გუნავას სამსახურეობრივი უფლებამოსილების შეწყვეტას გულისხმობდა, არ დააკმაყოფილა. დღევანდელ პროცესზე საქმის არსებითი განხილვა მოხდა, სადაც 3 ათასი ლიტრი საწვავის მითვისების ბრალდება განიხილეს. თენგიზ გუნავას ადვოკატ მალხაზ ველიჯანაშვილის თქმით, ბრალდების მხარეს თენგიზ გუნავას ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ გააჩნია. საქმის არსებით განხილვაზე, რომელიც 4 თებერვალს არის ჩანიშნული, გუნავას დაცვის მხარე მოსამართლეს შუამდგომლობით მიმართავს, გუნავას წინააღმდეგ არსებული საქმეები გაერთიანდეს და ერთ საქმედ განიხილონ. თენგიზ გუნავას საქმის არსებითი განხილვა საქალაქო სასამართლოში 4 თებერვალს 12:00 საათზეა ჩანიშნული.
წაკითხვა
"კანონიერი ქურდები" ციხეებს ტოვებენ
გამოქვეყნებულია: 2013-01-30 16:40:00
ამნისტიის შედეგად ციხეებს "კანონიერი ქურდებიც" ტოვებენ. უკრაინული მედია წერს, რომ სასჯელაღსრულების #7 დაწესებულებიდან გასულ კვირას ერთდროულად 6 კრიმინალური ავტორიტეტი გამოვიდა. თებერვალში კი ციხეებს 20 კანონიერი ქურდი დატოვებს. ერთ-ერთი რუსული გამოცემის – "კრიმინალური სამყაროს" ინფორმაციით, ე.წ. ავტორიტეტები უკვე გააფრთხილეს, რომ საპყრობილიდან გათავისუფლებისთანავე, საქართველო რამდენიმე დღეში უნდა დატოვონ. თუმცა, უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე ახალი ინიციატივით გამოდის და ამბობს, რომ სისხლის სამართლის კოდექსში ის მუხლი, რომელიც კანონიერ ქურდებს ეხება, საერთოდ უნდა გაუქმდეს. რუსულ საინფორმაციო სააგენტოში აღნიშნულია ის ფაქტიც, რომ ამჟამინდელი პარლამენტის რამდენიმე დეპუტატი კრიმინალური ავტორიტეტების ყოფილი ადვოკატები არიან და შესაძლოა, მათ გათავისუფლებაზე ამანც მოახდინა გავლენა. "კანონიერი ქურდების" გათავისუფლებასთან დაკავშირებით უკვე გამოთქვა შეშფოთება ოპოზიციამ. კომენტარს აკეთებს აღმასრულებელი ხელისუფლებაც.
წაკითხვა
გიორგი სიბაშვილს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური რამდენიმე ეპიზოდში ედავება
გამოქვეყნებულია: 2013-01-30 16:32:00
კახეთის რეგიონში პრეზიდენტის რწმუნებულის ყოფილი პირველი მოადგილე გიორგი სიბაშვილი ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაშია მიცემული. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს. გამოძიება სიბაშვილს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და გადამეტებაში, ასევე სახელმწიფო ქონების მართლსაწინააღმდეგო მითვისებისა და გაფლანგვის ფაქტებზე ედავება. საქმე ეხება საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მანავში წყალდიდობით დაზიანებული შიდა გზების აღდგენითი სამუშაოების ჩატარებისას, დედოფლისწყაროში არსებული ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოებისას და კახეთის რეგიონული ტურიზმის განვითარებისთვის აუცილებელი ნივთებისა და ატრიბუტიკის შესყიდვისას ფულის გაფლანგვას. გამოძიების ინფორმაციით, აღნიშნულ ქმედებაში, სიბაშვილის გარდა, ჩართული იყო კახეთის რეგიონული სააგენტოს დირექტორი ვალერიან გრემელაშვილუც. გამოძიებამ სიბაშვილი კიდევ ერთ დანაშაულებრივ ქმედებაში ამხილა. კერძოდ, ბრალდებულმა გრემელაშვილს უკანონოდ დაავალა კახეთის რეგიონული განვითარების სააგენტოში თანამშრომლებად გაეფორმებინა თავისი მეგობრები, რომლებიც არავითარ სამუშაოს არ ასრულებდნენ და ერთი წლის განმავლობაში ხელფასის სახით იღებდნენ სხვადასხვა ოდენობის თანხებს. გარდა ამისა, ერთი წლის განმავლობაში სიბაშვილი გრემელაშვილს სთხოვდა მისთვის, როგორც კახეთის რეგიონული განვითარების სააგენტოს გამგეობის თავმჯდომარისთვის, პრემიები ჩაერიცხა. სიბაშვილის გარდა, სისხლის სამართლის პასუხისგებაშია მიცემული კახეთის რეგიონული სააგენტოს დირექტორი ვალერიან გრემელაშვილიც. "მოამბე" ბრალდებულებს - გიორგი სიბაშვილსა და ვალერიან გრემელაშვილს ესაუბრა. ისინი არცერთ ეპიზოდში თავს დამნაშავედ არ ცნობენ. სიბაშვილმა გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა. მისი თქმით, მისი უდანაშაულობის დამამტკიცებელი მტკიცებულებების ნაწილი გამოძიებას უკვე გადასცა. თავს დამნაშავედ არ მიჩნევს ვალერიან გრემელაშვილიც. კომენტარები გააკეთეს საპარლამენტო უმცირესობის წევრებმაც. გიორგი ვაშაძის თქმით, სიბაშვილის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრით ხელისუფლება კახეთის ყოფილ გუბერნატორ გიორგი ღვინიაშვილზე ზეწოლის მოხდენას ცდილობს, რადგან "ქართულ ოცნებას" პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების მისაღებად 9 დეპუტატი სჭირდება და ხმების მოპოვებას ასე ცდილობს. გიორგი ღვინიაშვილი კი ამბობს, რომ ზეწოლის განხორციელებას ჯერ მასზე ცდილობდნენ, თუმცა იმის გამო, რომ შედეგს ვერ მიაღწიეს, ზეწოლის მოხდენას ახლა სიბაშვილზე ცდილობენ.
წაკითხვა
იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებაში ბრალდებულები დააკავეს
გამოქვეყნებულია: 2013-01-30 13:47:00
შინაგან საქმეთა სამინისტროს ვაკე-საბურთალოს პოლიციის მე-2 განყოფილების თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, ლევან ქ. და თენგიზ ჯ. დააკავეს. სამართალდამცველებმა ორივე ბრალდებული ვაჟა-ფშაველას მე-4 კვარტალში ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დააკავეს. მათი პირადი ჩხრეკის შედეგად, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი "კალაშნიკოვი", ნიღბები და ხელთათმანები ამოიღეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 3-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
წაკითხვა
ძარცვაში ბრალდებული დააკავეს
გამოქვეყნებულია: 2013-01-30 13:45:00
შსს–ს ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოს მე-5 განყოფილების თანამშრომლებმა, ძარცვის ბრალდებით, 1991 წელს დაბადებული თორნიკე კ. დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, დაკავებული თბილისის სხვადასხვა უბანში, საცხოვრებელი კორპუსების ლიფტებში სისტემატურად ძარცვავდა ქალებს, მათ შორის, არასრულწლოვან გოგონებს. სამართალდამცველებმა ბრალდებული ოპერატიულ–სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ცხელ კვალზე, საბურთალოზე, ბერბუკის ქუჩაზე, ერთ–ერთი საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში დააკავეს, ნაძარცვი ოქროს სამკაულები და "აიპადი" კი ნივთმტკიცებად ამოიღეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 178–ე მუხლის (ძარცვა) მე–2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით, რაც 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
წაკითხვა
წულუკიანი კუბლაშვილს დებატებში იწვევს
გამოქვეყნებულია: 2013-01-30 12:22:00
იუსტიციის მინისტრი კვლავ სასამართლოების წინააღმდეგ გამოდის. მართლმსაჯულების ორგანო თეა წულუკიანმა "რუსთავი 2-ის" ეთერში, ნინო შუბლაძის გადაცემა "პოზიციაში" გააკრიტიკა. წულუკიანი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს დებატებში იწვევს. მან სასამართლოში რეფორმის დაჩქარებული წესით განხორციელების აუცილებლობაზე ისაუბრა. თეა წულუკიანის თქმით, სასამართლო პროკურატურასთან ოპოზიციაში იმყოფება. ამის დამადასტურებლად მინისტრმა საქალაქო სასამართლოს მიერ პროკურატურის არაერთი მოთხოვნის უგულებელყოფა და გახმაურებულ საქმეებზე დაკავებული პირების, პატიმრობის ნაცვლად, გირაოს საფუძველზე გათავისუფლება დაასახელა. წულუკიანის განცხადებით, სასამართლოს ეს გადაწყვეტილება ხელს უშლის გამოძიების სამართლიანად წარმართვას. თეა წულუკიანმა პირდაპირ ეთერში ის მოსამართლეები დაასახელა, რომლებიც მისი თქმით, კოტე კუბლაშვილის მიერ იმართებიან.
წაკითხვა
გიორგი ტუღუშმა დავით უსუფაშვილს ღია წერილით მიმართა
გამოქვეყნებულია: 2013-01-30 11:27:00
ყოფილმა სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილს ღია წერილით მიმართა. წერილში გიორგი ტუღუში სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტის შესახებ საუბრობს: "მიგვაჩნია, რომ ცვლილებები უარყოფით გავლენას მოახდენს ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით საქართველოს კანონმდებლობაში არსებულ მდგომარეობაზე და გაზრდის საქმის სამართლიანი განხილვის უფლების ხელყოფას. ამავდროულად, ცვლილებათა ნაწილი შესაძლოა, დამაბრკოლებელ ფაქტორად იქცეს მართლმსაჯულების ეფექტურად განხორციელებისათვის. მოგმართავთ წერილით, რათა კანონპროექტის განხილვის პროცესში გაითვალისწინოთ ჩვენი ხედვა და ყურადღება გაამახვილოთ იმ რისკებზე, რომლებიც წარმოიშვება ხსენებული ცვლილებებით. ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ, არამართებულად მიგვაჩნია "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში" ცვლილებების განხორციელება, რადგან არსებული პროექტი, ერთი მხრივ, წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციური მნიშვნელობის დებულებებთან, რაც წარმოშობს რისკს, რომ ბრალდებულს სასამართლოსაგან დამოუკიდებლად წაერთვას საქმის ობიექტური და სამართლიანი განხილვის უფლება და მეორე მხრივ, ცვლილება შეიძლება ხელშემშლელ ფაქტორად იქცეს ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებისათვის", - აღნიშნულია წერილში.
წაკითხვა
მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისია იქმნება
გამოქვეყნებულია: 2013-01-30 11:04:00
იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისია იქმნება. მის წევრებს და თავმჯდომარეს პარლამენტი აირჩევს. არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, უკვე შემუშავდა შესაბამისი კანონპროექტი, რომელზეც უახლოეს პერიოდში მთავრობის სხდომაზე იმსჯელებენ. აღნიშნულ საკანონმდებლო ინიციატივაზე იუსტიციის მინისტრმა "რუსთავი 2-ის" ეთერში, ნინო შუბლაძის გადაცემა "პოზიციაში" ისაუბრა. თეა წულუკიანის თქმით, კომისია დაადგენს, რამდენად სამართლიანად იყო განაჩენი გამოტანილი ამა თუ იმ საქმეზე. კომისიის წევრები პირველ რიგში მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულზე გამოტანილ გადაწყვეტილებებს გადახედავენ, თუმცა ასევე განიხილავენ სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებსაც. დასკვნა კი სასამართლოს გადაეგზავნება. მინისტრის თქმით, კომისია დროებითი იქნება.
წაკითხვა
თავდასხმა "საქართველოს ბანკის" ფილიალზე
გამოქვეყნებულია: 2013-01-30 10:49:00
შეიარაღებული თავდასხმა "საქართველოს ბანკის" ფილიალზე - ნუცუბიძის ქუჩაზე მდებარე შენობას თავს ერთი შენიღბული პირი დაესხა. თავდასხმა საღამოს, დაახლოებით 21:00 საათისთვის მოხდა. უცნობია, რა თანხის გატაცება მოახერხა თავდამსხმელმა. ბოლო ერთი თვის განმავლობაში "საქართველოს ბანკის" ეს ფილიალი უკვე მეორედ დააყაჩაღეს. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულნი იყვნენ საპატრულო და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება. პოლიცია ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს.
წაკითხვა
ვანო ჩხარტიშვილზე აღძრული სისხლის სამართლის საქმეზე ძიება შეწყვეტილია
გამოქვეყნებულია: 2013-01-29 17:29:00
ვანო ჩხარტიშვილზე აღძრული სისხლის სამართლის საქმეზე ძიება შეწყვეტილია. გადაწყვეტილება პროკურატურამ 26 იანვარს მიიღო. ძიება 9 ბრალს აერთიანებდა. ვანო ჩხარტიშვილს ბადრი პატარკაციშვილის მეუღლე ინა გუდავაძე უჩიოდა. დავის საგანი პატარკაციშვილის ქონების ნაწილი იყო, რომელიც გუდავაძის განცხადებით, ჩხარტიშვილმა დაისაკუთრა. დღეს ლანდონში მყოფმა ვანო ჩხარტიშვილმა სპეციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც ამბობს, რომ მასსა და ინა გუდავაძეს შორის დავა სააკაშვილის რეჟიმის მიერ იყო ინსპირირებული.
წაკითხვა
საქართველოში დაბრუნებას გეგმავს მიხეილ ქარელი
გამოქვეყნებულია: 2013-01-29 10:04:00
საქართველოში დაბრუნებას გეგმავს შიდა ქართლის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ ქარელი. ინფორმაცია ამის შესახებ გუშინ სააგენტოების საშუალებით გავრცელდა. თუმცა ქვეყანაში მისი ჩამოსვლის ზუსტი თარიღი უცნობია. მიხეილ ქარელის ნათესავები ადასტურებენ, რომ ყოფილი გუბერნატორი საქართველოში უახლოეს პერიოდში დაბრუნდება.
წაკითხვა
ლევან მამალაძეს საქართველოში დაბრუნება სურს
გამოქვეყნებულია: 2013-01-29 10:00:00
ქვემო ქართლის ყოფილ გუბერნატორ ლევან მამალაძეს საქართველოში დაბრუნება სურს. მანამდე კი პოლიტდევნილის სტატუსის მინიჭებას ითხოვს. ამის შესახებ მამალაძემ "მოამბესთან" საუბარში განაცხადა. ყოფილი გუბერნატორი ამბობს, რომ უდანაშაულოა და მისი თბილისში ჩამოსვლის შემთხვევაში, ის ამის დამტკიცებას შეეცდება. მამალაძე მიიჩნევს, რომ ყოფილმა ხელისუფლებამ მისი საქმის ფალსიფიკაცია მოახდინა და არ არსებული საქმეებით გაასამართლა. ლევან მამალაძეს ბრალი სამი მუხლის მიხედვით, დაუსწრებლად წაუყენეს და 17 -წლიანი პატიმრობა შეუფარდეს. ექსგუბერნატორი ქრთამის აღების და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის საქმეებით გაასამართლეს, რის შემდეგაც მასზე ძებნა ინტერპოლის მეშვეობით გამოცხადდა მამალაძე საქართველოში დაბრუნების შემთხვევაში პოლიტიკურ საქმიანობას აღარ გეგმავს.
წაკითხვა
ნარკოტიკული საშუალების შეძენა–შენახვა–გასაღების ფაქტზე 2 პირი დააკავეს
გამოქვეყნებულია: 2013-01-28 18:28:00
2013 წლის 25 იანვარს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა–შენახვა–გასაღების ფაქტზე, წარსულში ნასამართლევი, 1963 წელს დაბადებული ნანა კ. და ასევე წარსულში ნასამართლევი, 1978 წელს დაბადებული ირაკლი ყ. დააკავეს. დაკავებული ირაკლი ყ–ს პირადი ჩხრეკისას სამართალდამცველებმა 4 აბი და 1 აბის ნატეხი "სუბუტექსი" ამოიღეს. გაირკვა, რომ აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება მან ნანა კ–სგან შეიძინა. ჩატარებული სამძებრო–საგამოძიებო ღონისძიების შედეგად დადგინდა, რომ ნანა კ-ს შვედეთიდან ჩემოდნით, ტანსაცმელში ჩამალული ნარკოტიკული საშუალება "სუბუტექსი" შემოჰქონდა. სამართალდამცველებმა, მისი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, სარეალიზაციოდ გამზადებული 35 აბი "სუბუტექსი" და სავარაუდოდ, ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული 1060 ლარი ამოიღეს. გაირკვა, რომ ირაკლი ყ. ნარკოტიკების აქტიური მომხმარებელია. ნარკოლოგიურმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ის დაკავების მომენტში ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ იყო. დაკავებულები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ. გამოძიება საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის III ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 20 წლით ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. საქმეს იძიებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი.
წაკითხვა
ქურდობაში ბრალდებული დააკავეს
გამოქვეყნებულია: 2013-01-28 18:23:00
სამართალდამცველებმა ქურდობის ფაქტზე 1992 წელს დაბადებული გიორგი მ. დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულმა, თანმხლებ პირთან ერთად, თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, ერთ–ერთი კორპუსის ეზოში გაჩერებული, ამავე კორპუსში მცხოვრები, 1947 წელს დაბადებული ნიკოლოზ შაიშმელაშვილის "ფოლცვაგენ გოლფის" მარკის ავტომანქანის მინა ჩაამსხვრია და მანქანის მაგნიტოფონი მოიპარა. სამართალდამცველებმა, ოპერატიულ–სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ცხელ კვალზე გიორგი მ. დააკავეს, ხოლო მისმა თანამზრახველმა მიმალვა მოახერხა. ნაქურდალი ნივთი ნივთმტკიცებად ამოიღეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის "დ" ქვეპუნქტით, რაც 4–დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. თანამზრახველის დასაკავებლად, გრძელდება ოპერატიულ–სამძებრო ღონისძიებები.
წაკითხვა

უახლესი