საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

საქალაქო სასამართლო მთაწმინდაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის საქმეზე ინფორმაციას ავრცელებს
გამოქვეყნებულია: 2017-08-19 15:23:00
თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუმდგომლობა განზრახ მკვლელობის ფაქტზე, ბრალდებულ მიხეილ ი.-ს მიმართ, აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის გამოყენების თაობაზე.საქმე ეხება,  2017 წლის 16 აგვისტოს,   ქ. თბილისში ჭონქაძის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობას, რა დროსაც ბრალდებულმა შურისძიების მოტივით, ი.ძ.-ს  ცეცხლსასროლი იარაღიდან ზურგში სიცოცხლისათვის შეუთავსებელი დაზიანებები მიაყენა. დანაშაულის ჩადენის შემდეგ ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.სასამართლომ მხარეთა განმარტებების მოსმენის, წარმოდგენილი მასალების,  შუამდგომლობის დასაბუთებულობის შესწავლისა და შემოწმების შედეგად მიიჩნია, რომ სახეზეა აღკვეთის ღონისძიების გამოყენების როგორც ფაქტობრივი, ისე ფორმალური საფუძვლები. კერძოდ, სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ ბრალდებულს ბრალად ედება სიცოცხლის წინააღმდეგ ჩადენილი, განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის შესაძლო ჩადენა.   სასამართლომ გაითვალისწინა ქმედების სპეციფიკა, გარემოებები, დამდგარი მძიმე შედეგი, ასევე,  ბრალდებულის მხრიდან მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენისა და საქმისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოპოვებისათვის ხელშეშლის საფრთხეები და მიხეილ ი.-ს აღკვეთის ღონისძიების სახედ  პატიმრობა შეუფარდა.  მოცემულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2017 წლის 5 ოქტომბერს 12:00 გაიმართება.აღკვეთის ღონისძიების გამოყენების, შეცვლის ან გაუქმების შესახებ განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს ერთჯერადად, მისი გამოტანიდან 48 საათში სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში.
წაკითხვა
მთაწმინდაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა
გამოქვეყნებულია: 2017-08-19 14:57:00
თბილისში, მთაწმინდაზე ჭონქაძის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულ მიხეილ იაშვილს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა.მოსამართლემ მსუბუქი ღონისძიების გამოყენებაზე დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. ბრალდებულმა კი სხდომაზე აღნიშნა, რომ ბრალს არ აღიარებს.როგორც ბრალდებულმა აღნიშნა, კახა ძნელაძის მკვლელობის დროს სახლში იმყოფებოდა და მოპედის ჩაფხუტში მოკლულის ცოლი მის ამოცნობას ვერ შეძლებდა, რადგან არც კი ყავდა ნანახი.ამასთან, ბრალდებულის თქმით, ის კახა ძნელაძეს იცნობდა და იცოდა, რომ ის დაავადებული იყო ჰეპატიტით. "ჩემს ცოლს ვუთხარი, რომ სანთელი დავანთოთ კახას სახელზეთქო. ვიცნობდი კახას და ვიცოდი, რომ ცუდად იყო C ჰეპატიტით. ჩემი მიმალვის საფრთხე არ არსებობს, ადრეც ვიყავი ბრალდებული და გირაო მქონდა. როცა საჭირო იყო, ვცხადდებოდი სასამართლოში", - განაცხადა იაშვილმა. ბრალდებულმა სხდომაზე მასზე განხორციელებულ ზეწოლაზეც ისაუბრა. როგორც მიხეილ იაშვილმა აღნიშნა, მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა და ბრალის აღიარებას აიძულებდნენ. "წამიყვანეს და დამჭმუჭნეს. გამომძიებელი მეუბნებოდა დაიბრალე და რვა წელს მოგცემთ, მაგრამ ორ წელში გახვალო. რატომღაც კრიმინალურ ავტორიტეტად მომიხსენიებენ და წლების განმავლობაში მთხოვდნენ, ქვეყანა დამეტოვებინა. თუ რამე მოხდებოდა ჩავყავდი განყოფილებაში", - განაცხადა იაშვილმა.საქმის პროკურორმა კი აღნიშნა, რომ ბრალდებულის განცხადებაზე, სადაც ის ზეწოლაზე საუბრობს, შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოხდება. ამასთან, ბრალდების მხარე არ აკონკრეტებს რა მტკიცებულებები არსებობს ბრალდებულის ბრალის სამტკიცებლად საქმეში, მოკლულის მეუღლის ჩვენების გარდა, რომელიც ამბობს, რომ კახა ძნელაძის მკვლელობის ადგილზე მოპედის მძღოლი ჩაფხუტში ამოიცნო და ის მიხეილ იაშვილი იყო. ჭონქაძის ქუჩაზე, 16 აგვისტოს მომხდარი მკვლელობის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 5 ოქტომბერს ჩაინიშნა. 
წაკითხვა
საქალაქო სასამართლოში ჭონქაძის ქუჩაზე მოკლული კახა ძნელაძის მეუღლე მივიდა
გამოქვეყნებულია: 2017-08-19 12:46:00
თბილისის საქალაქო სასამართლოში ჭონქაძის ქუჩაზე მოკლული კახა ძნელაძის მეუღლე ვანდა იმნაძე მივიდა. ძნელაძის მეუღლე სხდომათა დარბაზში შესვლას ცდილობდა, სადაც მკვლელობაში ბრალდებულ მიხეილ იაშვილს სასწრაფოს ექიმები სამედიცინო დახმარებას უწევენ. მანდატურის თანამშრომლებმა ვანდა იმნაძე დარბაზში არ შეუშვეს. ის სიტყვიერად დაუპირისპირდა ბრალდებულ მიხეილ იაშვილის ადვოკატს. "ამ მკვლელს როგორ იცავ. გულგაგლეჯილი მეუღლე მყავს სახლში. ეგ რომ გათავისუფლდეს ღორივით მოვკლავ", - ხმამაღალი შეძახილით მიმართავდა მოკლულის ცოლი ბრალდებულის ადვოკატს და ახლობლებს. მმოკლულის მეუღლე ჟურნალისტებს მიმართავს, რომ ფაქტებს ნუ ამახინჯებენ. მისი თქმით, მისმა მეუღლემ ბრალდებული იაშვილი წარსულში სცემა იმის გამო, რომ ტაქსებს ფულს ართმევდა და არა იმის გამო, რომ ტაქსის ბიზნესი ვერ გაიყვეს.მანდატურის სამსახურმა ვითარება განმუხტა. ვანდა იმნაძე სასამართლოს ეზოში რჩება. 
წაკითხვა
მთაწმინდაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული მიხეილ იაშვილი სასამართლო სხდომაზე შეუძლოდ გახდა
გამოქვეყნებულია: 2017-08-19 12:23:00
თბილისის საქალაქო სასამართლოში მთაწმინდაზე, ჭონქაძის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული მიხეილ იაშვილი შეუძლოდ გახდა. პროცესი ახალი დაწყებული იყო, რა დროსაც ბრალდებულის ადვოკატმა საქმის პროკურორის აცილების შუამდგომლობა დააყენა. ამ შუამდგომლობის განხილვა ვერ მოესწრო, რადგან ბრალდებულმა თქვა, რომ შეუძლოდ არის. სასწრაფო დახმარების ბრიგადა სასამართლოში უკვე მივიდა. იაშვილი სასამართლო სხდომის დაწყებამდე ორჯერ გახდა ცუდად, ერთხელ დარბაზში მიყვანამდე და მეორედ დარბაზში შეყვანის შემდეგ. როგორც ცნობილია, 16 აგვისტოს, კახა ძნელაძის მკვლელობაში ბრალდებული პროტესტის ნიშნად მშრალ შიმშილობას აცხადებს. იაშვილი განზრახ მკვლელობის ბრალს არ აღიარებს. 
წაკითხვა
მთაწმინდაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული მშრალ შიმშილობას აგრძელებს
განახლებულია: 2017-08-19 12:05:00
თბილისში, მთაწმინდაზე ჭონქაძის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული მიხეილ იაშვილი პროტესტის ნიშნად, მშრალ შიმშილობას აგრძელებს და ბრალს არ აღიარებს, ამის შესახებ იაშვილის აღკვეთის ღონისძიების სხდომამდე ბრალდებულის ადვოკატმა დავით ცინცქილაძემ განაცხადა. როგორც ადვოკატმა აღნიშნა, დღეს სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით, რომ მიხეილ იაშვილს ყველაზე მსუბუქი აღკვეთის ღონისძიება - გირაო შეეფარდოს. ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის წინააღმდეგ, მხოლოდ გარდაცვლილის ცოლის ჩვენება არსებობს, რომელიც ამბობს, რომ "მკვლელი მოტოციკლზე, ჩაფხუტით ამოიცნო, რაც ცრუ ჩვრნებაა". ამასთან, ადვოკატის თქმით, საქმეში არსებობს "ცრუ ოპერატიული ინფორმაცია". საქმის პროკურორის გია შაიშმელაშვილის განცხადებით, საქმეში საკმარისი მტკიცებულებები არსებობს, რითიც ბრალდებულის დანაშაული დასტურდება, თუმცა პროკურორს დამატებითი განმარტებები არ გაუკეთებია.
წაკითხვა
მთაწმინდაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის მეუღლე აცხადებს, რომ პოლიციის განყოფილებაში ცრუ ჩვენების მიცემას აიძულებდნენ
გამოქვეყნებულია: 2017-08-19 11:22:00
მთაწმინდის პოლიციის განყოფილებაში ცრუ ჩვენების მიცემას მაიძულებდნენ, თითქოს ჩემი ქმარი კახა ძნელაძის მკვლელობის დღეს, სახლიდან იყო გასული, - ამის შესახებ ჭონქაძის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის, მიხეილ იაშვილის მეუღლემ ჯულიეტა იაშვილმა სასამართლოში ჟურნალისტებს განუცხადა.მისი თქმით, თუ კი აღნიშნულ ჩვენებას არ მისცემდა, ემუქრებოდნენ, რომ მეუღლეს 15-20 წლიანი პატიმრობა ემუქრებოდა. ამასთან, ბრალდებულის მეუღლის თქმით, მას მოკლული კახა ძნელაძის ცოლი პოლიციის განყოფილებაში ფიზიკურად გაუსწორდა."ძნელაძის მკვლელობის დროს, ჩემი მეუღლე, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონეა, სახლში იყო, რადგან წოლითი რეჟიმი აქვს. ამის მოწმეები არიან მეზობლები. არც ის არის მართალი, რომ ჩემ მეუღლეს ძნელაძესთან დაპირისპირება ჰქონდა ადრე. მიხეილ იაშვილი უდანაშაულოა. ის ერთი წლის წინ გათავისუფლდა და პოლიცია გამუდმებით აიძულებდა ქვეყნის დატოვებას მაგრამ ინვალიდია და შეუძლებელია გადაადგილება", - განაცხადა იაშვილის მეუღლემ. 
წაკითხვა
მთაწმინდაზე მომხდარი მკვლელობისთვის დაკავებულს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს
გამოქვეყნებულია: 2017-08-18 18:08:00
თბილისში, მთაწმინდაზე, ჭონქაძის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობისთვის დაკავებულ მიხეილ იაშვილს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს. ადვოკატის განცხადებით, მას განზრახ მკვლელობა და იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა ტარება ედება. მისივე თქმით, იაშვილი ბრალს არ აღიარებს და მშრალ შიმშილობას აგრძელებს. როგორც უფლებადამცველმა განაცხადა, ბრალის დადგენილებაში წერია, რომ ბრალდებული მოპედით და ჩაფხუტით მოძრაობდა. რაც შეეხება მოტივს, დავით ცინცქილაძის თქმით, ბრალში არ წერია კონკრეტული მოტივი და შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას შურისძიების თაობაზე, ისინი არ ეთანხმებიან.ჭონქაძის ქუჩაზე მკვლელობა რამდენიმე დღის წინ მოხდა.  მკვლელობის მოტივად შურისძიება დასახელდა. 
წაკითხვა
ფონიჭალაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ ფაილ ჰუსეინივს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა
გამოქვეყნებულია: 2017-08-18 17:47:00
ფონიჭალაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ ფაილ ჰუსეინივს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა. მისი ადვოკატი 10 000 ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლე დავით კურტანიძემ პროკურორის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. თავად ბრალდებულმა სხდომაზე ბრალი უარყო და აღნიშნა, რომ ნარკოტიკების მომხმარებელია, მაგრამ როდესაც მის საცხოვრებელ სახლში სამართალდამცველები მივიდნენ, ნარკოტიკული საშუალება არ ჰქონია.ნარკოტიკის ჩადებაზე მის ბრალდებას სამართალდამცველების მიმართ, საქმის პროკურორი მარიამ გოგორელიანი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ დაკავებულის სახლის ჩხრეკისას განსაკუთრებით დიდი ოდენობის ჰეროინი და მორფინის მარილი ამოიღეს. ჰუსეინოვი ფონიჭალაში ორი დღის წინ დააკავეს ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად. 
წაკითხვა
ფონიჭალაში დაკავებულის მამა მიიჩნევს, რომ მის შვილს ნარკოტიკი ჩაუდეს
გამოქვეყნებულია: 2017-08-18 15:38:00
ჩემს შვილს, ფაილ გუსეინოვს ნარკოტიკი ჩაუდეს, 100 % დარწმუნებული ვარ, - ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოში, ფაილ ჰუსეინივის აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებულ პროცესამდე ბრალდებულის მამამ აკრამ ჰუსეინოვმა განაცხადა. მისი თქმით, ფაილ ჰუსეინივი იგივე მეთოდით დააკავეს, როგორც 3 თვის წინ მისი დედა - ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით. "იმ სახლში ნარკოტიკი არ ყოფილა. რა ვიდეოც გაავრცელეს, იქ ჩანს, რომ ნარკოტიკი მაგიდაზეა, ამოღება რატომ ვერ გადაიღეს? 100 % ვიცი, რომ ეს ნარკოტიკი მიიტანეს ჩემი შვილის სახლში და ექვსი სახეობის რაღაც ნივთიერება დადეს თვითონ. რომ შევარდნენ სახლში, ჩემი რძალი და მისი დედა იყო. ბავშვთან ერთად სამზარეულოში ჩაკეტეს და დადეს ნარკოტიკი", - განაცხადა აკრამ ჰუსეინოვმა. ფაილ ჰუსეინივი ორი დღის წინ, ფონიჭალაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დააკავეს. მას ბრალად ნარკოტიკევის უკანონო შეძენა-შენახვა ედება. მის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. ამ დროისთვის სასამართლოში ბრალდებულის ნათესავები იმყოფებიან
წაკითხვა
როგორ ანადგურებს შსს უკანონო ბრუნვიდან ამოღებულ ნარკოტიკულ საშუალებებს [ვიდეო]
გამოქვეყნებულია: 2017-08-17 17:04:00
შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანების საფუძველზე შექმნილმა მუდმივმოქმედმა კომისიამ საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად უკანონო ბრუნვიდან ამოღებული, სხვადასხვა სახეობის ნარკოტიკული საშუალებები: 12 კილო და 900 გრამი კოკაინი, 1 კილო და 792 გრამი ჰეროინი, 1343 აბი „სუბუტექსი“, კოდეინის შემცველი 2863 აბი, 14 კილო და 425 გრამი კანაფი, 14 კილო და 456 გრამი მარიხუანა, 25,6 გრამი მეტადონი, 797 აბი „მდმა“, 1820 აბი „ტრამადოლი“, ასევე, სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები ახალი ტექნოლოგიით, მაღალტემპერატურულ ღუმელში გაანადგურა.შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველები ნარკოტიკულ და ფსიქოაქტიურ საშუალებებს სასამართლოს შესაბამისი განაჩენის შემდეგ, 3 თვეში ერთხელ ანადგურებენ.ნარკოტიკების განადგურების პროცესს, შსს-ს თანამშრომლებთან ერთად, მთავარი პროკურატურის და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებიც დაესწრნენ.
წაკითხვა
ავტოსადგურ “ოკრიბას“ ტერიტორიაზე დაკარგული ლევან მამაგეიშვილი სამართალდამცველებმა ურეკში იპოვეს
გამოქვეყნებულია: 2017-08-17 16:44:00
ავტოსადგურ "ოკრიბას" ტერიტორიაზე დაკარგული ლევან მამაგეიშვილი სამართალდამცველებმა ურეკში იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ლევან მამაგეიშვილი თავს კარგად გრძნობს. ლევან მამაგეიშვილს ოჯახის წევრები ხუთი დღის განმავლობაში ეძებდნენ. ის თბილისში, ავტომობილის საყიდლად ჩავიდა და გაუჩინარდა. შსს-ს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 132-ე მუხლით გრძელდება, რაც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს. 
წაკითხვა
Gem Fest-ის ფარგლებში შესაძლო ფინანსურ დარღვევებთან დაკავშირებით, საგამოძიებო სამსახურმა მოკვლევა დაიწყო
გამოქვეყნებულია: 2017-08-17 16:13:00
ელექტრონული მუსიკის Gem Fest-ის ფარგლებში შესაძლო ფინანსურ დარღვევებთან დაკავშირებით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა მოკვლევა დაიწყო.ამის შესახებ ინფორმაცია პირველ არხს საგამოძიებო სამსახურიდან მიაწოდეს.  მათივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე  საქმეზე ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები, კერძოდ დოკუმენტების ამოღება, ინფორმაციის გამოთხოვა, მოწმეთა გამოკითხვა. "საქართველოს ფინანსთა სამინსიტროს საგამოძიებო სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის N092090817006 საქმეზე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლების ანაკლიასა და განმუხურის ტერიტორიაზე 2017 წლის 14 ივლისიდან 14 აგვისტომდე პერიოდში შპს "არტ პლატფორმას" მიერ ჩატარებული ელექტრონული ფესტივალის Gem Fest ფარგლებში შესაძლო ფინანსური ხასიათის დარღვევებთან დაკავშირებით. ამ ეტაპზე საქმეზე ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები, კერძოდ დოკუმენტების ამოღება, ინფორმაციის გამოთხოვა, მოწმეთა გამოკითხვა", - აღნიშნულია ინფორმაციაში. 
წაკითხვა
აზერბაიჯანის სასამართლომ აფგან მუხტარლის წინასწარი პატიმრობის ვადა ორი თვით გაუგრძელა
გამოქვეყნებულია: 2017-08-17 15:28:00
აზერბაიჯანის სასამართლომ ჟურნალისტს აფგან მუხტარლის წინასწარი პატიმრობის ვადა 2 თვით გაუგრძელა. ამის შესახებ ინფორმაცია აზერბაიჯანული მედია მუხტარლის ადვოკატზე დაყრდნობით ავრცელებს. აფგან მუხტარლის სასამართლომ სამთვიანი წინასწარი პატიმრობა მაისის ბოლოს შეუფარდა.აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხტარლი თბილისიდან 29 მაისს გაუჩინარდა. მოგვიანებით კი გაირკვა, რომ ის ბაქოში იყო დაპატიმრებული საზღვრის უკანონო კვეთისას და არადეკლარირებული დიდი ოდენობის თანხის გადატანის ბრალდებებით.ჟურნალისტის საქმეზე აზერბაიჯანში გამოძიება საზღვრის უკანონო გადაკვეთისა და კონტრაბანდის მუხლებით დაიწყო. ჟურნალისტის საქმესთან დაკავშირებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.
წაკითხვა
მთაწმინდაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის დედის ინფორმაციით, გარდაცვლილსა და დაკავებულს არანაირი კონფლიქტი არ ჰქონიათ
გამოქვეყნებულია: 2017-08-17 15:23:00
დიღმის სამმართველოსთან იმყოფება მთაწმინდაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის, მიხეილ იაშვილის დედა. მისი თქმით, იაშვილი მთელი დღის განმავლობაში სახლში იმყოფებოდა და როდესაც სახლში სამართალდამცავები შევიდნენ, მის შვილს ეძინა."20-30 პოლიციელი შემოვარდა და სახლიდან წაიყვანეს მძინარე, მეუღლე მიაგდეს კედლისკენ და ლოგინში მწოლოარე აიყვანესდა ხელიდან გაგვტაცეს. მთელი დღის განმაბლობაში ის სახლში იმყოფებოდა, მცირეწლოვან ბავშვებთან და მეუღლესთან ერთად. თავდაყირა დააყენეს სახლი, თუმცა არაფერი წაუღიათ, არანაირი მტკიცებულება. გვითხრეს, რომ მოწმის სახით დასაკითხად მიყავდათ", - აღნიშნა ნინო შავგულიძემ.კითხვაზე, იცნობდა თუ არა დაკავებული მოკლულს, ნინო შავგულიძემ განაცხადა, რომ ისინი უბნელები იყვნენ."უბნელი იყო და იცნობდა, მეც ვიცნობდი, არანაირი კონფლიქტი არ ჰქონიათ, ის დიდი იყო ამაზე და იცნობდა როგორც უბნელს ", - განაცხადა დაკავებულის დედამ.
წაკითხვა
ადვოკატის განცხადებით, მთაწმინდაზე მკვლელობისთვის დაკავებული პირველი ჯგუფის ინვალიდია
გამოქვეყნებულია: 2017-08-17 14:54:00
ადვოკატის განცხადებით, მთაწმინდაზე, ჭონქაძის ქუჩაზე მკვლელობისთვის დაკავებული პირველი ჯგუფის ინვალიდია. როგორც ადვოკატმა დავით ცინცქილაძემ განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი რამდენჯერმე არის ნასამართლევი. "ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი სასჯელს 11 წელი იხდიდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა პენიტენციურ დაწესებულებაში გაუარესდა, მას ფსიქოლოგიური პრობლემებიც აქვს", - განაცხადა ადვოკატმა. რაც შეეხება მის ნაცნობობას გარდაცვლილთან ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი იცნობდა გარდაცვლილს, თუმცა ახლო ურთიერთობა არ აკავშირებდა.კითხვაზე, იხდიდნენ თუ არა ერთდროულად სასჯელს დაკავებული და მოკლული, ადვოკატმა აღნიშნა, რომ ეს მისთვის უცნობია.ადვოკატის განცხადებით, დაკავებულის სახლის ჩხრეკისას არავითარი კანონსაწინააღმდეგო ნივთი არ ამოუღიათ. რაც შეეხება ბრალის წაყენებას, დავით ცინცქილაძის თქმით, დაკავებულს ბრალს სავარაუდო ხვალ წარუდგენენ. ჭონქაძის ქუჩაზე მკლველობაში ბრალდებული შსს-მ დღეს დააკავა. 
წაკითხვა
ადვოკატის განცხადებით, მთაწმინდაზე მომხდარ მკველობაში ბრალდებული ბრალს არ აღიარებს და შიმშილობას აცხადებს
გამოქვეყნებულია: 2017-08-17 14:28:00
მთაწმინდაზე მომხდარ მკველობაში ბრალდებულის, მიხეილ იაშვილის ადვოკატი ამ წუთებში დიღმის სამმართველოში მისი დაცვის ქვეშ მყოფს ხვდება.დავით ცინცქილაძის განმარტებით, დაკავებული ბრალს არ აღიარებს და შიმშილობას აცხადებს."ჯერჯერობით ბრალი არ წაუყენებიათ, მისი დაკავება მოხდა რამდენიმე წუთის წინ, ის თავს უდანაშაულოდ აცხადებს, პროტესტის ნიშნად უვადო შიმშილობას იწყებს და ამასთან ერთად საქართველოს მოქალაქეობაზე უარს ამბობს", - აცხადებს ადვოკატი.როგორც ადვოკატმა აღნიშნა, მისი დაკავება მოხდა პოლიციის განყოფილებაში, მაშინ როდესაც ის მოწმის სახით წაიყვანეს დასაკითხად."დაკითხვის შემდეგ მიღებული იქნა გადაწყვეტილება მისი დაკავების თაობაზე, ის დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსისს 108-ე და 236-ე მუხლებით. მისი დაკითხვაზე გადაყვანა მოხდა იმ დროს, როდესაც ის იმყოფებოდა სახლში, ერეკლე უკლებას 7 ნომერში მთაწმინდაზე და ეძინა. მოხდა მისი ბინის ჩხრეკა და შემდეგ ის იძულებითი წესით წაიყვანეს განყოფილებაში, მოწმის სახით დაკითხვის მიზნით. საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა საღამოს საათებში დაალხოებით 23:00 საათზე", -აღნიშნა ადვოკატმა.
წაკითხვა
ნარკოტიკების რეალიზების ბრალდებით დაკავებულ ორ პირს ბრალი წარუდგინეს
გამოქვეყნებულია: 2017-08-17 13:39:00
ნარკოტიკების რეალიზების ბრალდებით დაკავებულ ორ პირს ბრალი წარუდგინეს.  ბრალის წარდგენას მათი ადვოკატიც ესწრებოდა. ვ.ჰ და ა.ჰ ს ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვა გასაღებას ედავება გამოძიება. აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო პროცესი სავარაუდოდ დღეს გაიმართება. წარდგენილი ბრალდებიდან გამომდინარე პროკურატურამ აღკვეთის ღონისძიებად შესაძლოა, წინასწარი პატიმრობა მოითხოვოს.ბრალდებულების დამცველი ადვოკატი აცხადებს, რომ აღკვეთის გარეშე უნდა დარჩნენ ბრალდებულები. ადვოკატი ამის ერთ-ერთ არგუმენტად იმ გარემოებას ასახელებს, რომ დაკავების მომენტში ადგილი ჰქონდა პროცესუალურ დარღვევებს. ადვოკატის განცხადებით, მას არ მიეცა შესაძლებლობა დასწრებოდა ჩხრეკის ოპერაციას. ნარკოტიკების რეალიზების ბრალდებით ორი პირი ორი დღის წინ თბილისსა და სოფელ ფონიჭალაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს. მათი ადვოკატის განცხადებით,  დაკავებულები ამ ეტაპზე დუმილის უფლებას იყენებენ.
წაკითხვა
საქალაქო სასამართლოში ელისო კილაძის შვილის, დავით ხარშილავას სასამართლო სხდომა გაიმართება
გამოქვეყნებულია: 2017-08-17 12:00:00
თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს ჟურნალისტ ელისო კილაძის შვილის, დავით ხარშილავას დასკვნითი სასამართლო სხდომა გაიმართება. სხდომაზე დაცვის მხარე და თავად ბრალდებული დასკვნით სიტყვებს იტყვიან, ამის შემდეგ მოსამართლე ხათუნა ხარჩილავა სათათბიროდ გავა. როგორც სხდომის დაწყებამდე ბრალდებულმა დავით ხარშილაძემ განაცხადა, იმედოვნებს, რომ მოსამართლე გამამართლებენ განაჩენს გამოიტანს. ელისო კილაძის თქმით, მასაც შვილის მსგავსად დადებითი მოლოდინი აქვს, თუმცა ამბობს, რომ ის სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს აუცილებლად მიმართავს. როგორც ჟურნალისტი აცხადებს, თუ მის შვილის მიმართ გამამართლებელი განაჩენი დადგება, ის სტრასბურგში 120 დღიან უკანონო პატიმრობას გაასაჩივრებს.
წაკითხვა
სასამართლომ განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
გამოქვეყნებულია: 2017-08-17 10:27:00
გორის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და თ.ჩ. დამნაშავედ სცნო განზრახ მკვლელობაში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით.პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2016 წლის 17 დეკემბერს, დაახლოებით 19:00 საათზე, გორის რაიონის სოფელ ფლავისმანში მდებარე ა.ა.- ს საცხოვრებელ სახლში, თ.ჩ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, განზრახ მოკვლის მიზნით, ბლაგვი საგნის გამოყენებით, ფიზიკური დაზიანებები მიაყენა ა.ა.-ს, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო თ. ჩ. შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მათივე ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბრალდებული 2017 წლის 19 დეკემბერს ქ. ფოთში დააკავეს. დაკავებულს ბრალდება წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა). გორის რაიონულმა სასამართლომ თ.ჩ. დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 11 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
წაკითხვა
„თეთრი ხმაურის მოძრაობის“ აქტივისტის ბექა წიქარიშვილის საქმეზე მოსამართლემ გადაწყვეტილება შესაძლოა, დღეს გამოაცხადოს
გამოქვეყნებულია: 2017-08-16 11:32:00
“თეთრი ხმაურის მოძრაობის“ აქტივისტის ბექა წიქარიშვილის საქმეზე მოსამართლემ გადაწყვეტილება შესაძლოა, დღეს გამოაცხადოს. დაცვის მხარე დასკვნით სიტყვას იტყვის, რის შემდეგაც მოსამართლე გადაწყვეტილების გამოსატანად სათათბიროდ გავა. განაჩენი შესაძლოა დღესვე გამოცხადდეს, ან მხარეებს კონკრეტული თარიღი ეცნობებათ. „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ წევრი ბექა წიქარიშვილი და მისი ინტერესების დამცველები იმედოვნებენ, რომ მოსამართლე განაჩენის გამოცხადებისას წიქარისვილს რაიმე ტიპის სანქციებს არ დააკისრებს. მუხლი, რომლითაც ბექა წიქარიშვილი დააკავეს  -70 გრამამდე მარიხუანის მოხმარებისთვის, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ სასჯელის სახედ პატიმრობას აღარ ითვალისწინებს და ამჟამად მოქმედი რედაქციით, სანქციის სახით გათვალისწინებულია ჯარიმა ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის დაწესება.ადვოკატის განცხადებით,  წიქარიშვილი  მარიხუანის მოხმარების ფაქტს ადასტურებს, თუმცა განაჩენის გამოცხადებისას მოსამართლემ მას ჯარიმა ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის სანქცია არ უნდა დააკისროს, რადგან საკონსტიტუციომ გააუქმა ამ მუხლზე პატიმრობა და ეს მუხლი გარკვეული პერიოდი არავითარ სანქციებს აღარ ითვალისწინებდა, თუმცა შემდეგ ჯარიმა დაწესდა ამ მუხლის დარღვევაზე. ნარკოდანაშაულისთვის ბექა წიქარიშვილი 2013 წელს დააკავეს და ის ათი ათას ლარიანი გირაოთი გაათავისუფლეს. მას შემდეგ წიქარიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა კანონის ის მუხლი, რომელიც 70 გრამამდე გამომშრალი მარიხუანის პირადი მოხმარებისთვის პატიმრობას ითვალისწინებდა. 2015 წელს საკონსტიტუციომ პატიმრობის სასჯელი გააუქმა და კანონშიც აისახა, რომ 70 გრამამდე გამომშრალი მარიხუანის პირადი მოხმარებაზე პატიმრობა გაუქმდეს. გარკვეული პერიოდის შემდეგ კი სანქციის სახით ამ მუხლის დარღვევისთვის ჯარიმა დაწესდა.
წაკითხვა