საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

ნიკა გილაური ახალ საგადასახადო კოდექსს წარმოადგენს
გამოქვეყნებულია: 2010-06-03 09:40:04
ახალი საგადასახადო კოდექსის პრეზენტაციას დღეს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური თავად გამართავს. ახალი პროექტის თანახმად, მეწარმეები, რომელთა ფინანსური ბრუნვა 30 000 ლარს ქვემოთ ფიქსირდება, აღარ დაიბეგრებიან; იმ მეწარმეებს კი, რომელთა ბრუნვაც 200 000 ლარს შეადგენს, საბუღალტრო პროცედურები გაუმარტივდებათ. საგადასახადო კოდექსში შემოდის მიკრო და მცირე ბიზნესის ცნება. მცირე და მიკრო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის დიფერენცირებული გადასახადი დაწესდება. თუ რა ოდენობის გადასახადზეა საუბარი, დეტალები დღეს პრემიერ-მინისტრისგან გახდება ცნობილი.
წაკითხვა
საგადასახადო კოდექსი ძირეულად იცვლება
გამოქვეყნებულია: 2010-06-02 16:44:05
საქართველოს საგადასახადო კოდექსი 98 პროცენტით შეიცვლება. კოდექსი ეკონომიკური პოლიტიკის მთავარი საკითხია. არასამთავრობო ორგანიზაციების შემდეგ, ფინანსთა მინისტრი კახა ბაინდურაშვილი დღეს ბიზნესასოციაციის წევრებს ხვდება. ბაინდურაშვილის თქმით, კოდექსში შესატანი ცვლილებები მცირე მეწარმეებისთვის განსხვავებულ დაბეგვრას, ხოლო გარე მოვაჭრეებისთვის ფიქსირებულ გადასახადს გულისხმობს. მიმდინარე კვირაში ცვლილებებს ექსპერტებიც გაეცნობიან, ერთი კვირის შემდეგ კი განხილვა პარლამენტში დაიწყება.
წაკითხვა
ქართულ-შვედური ბიზნესსემინარი იმართება
გამოქვეყნებულია: 2010-06-02 12:35:59
სასტუმრო "რედისონ ივერიაში" ქართულ-შვედური ბიზნესსემინარი გაიხსნა. სემინარში მონაწილეობას, ქართველი და შვედი ბიზნესმენების გარდა, საქართველოს ეკონომიკისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებისა და შვედეთის სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები იღებენ. შეხვედრაზე ქვეყნებს შორის ბიზნესურთიერთობების გაღრმავებისა და შვედეთში ქართული ექსპორტის გაზრდის გზებს განიხილავენ, ასევე ერთმანეთს ეკონომიკის სხვადასხვა დარგსა და სოფლის მეურნეობის სფეროში საკუთარ გამოცდილებას უზიარებენ. შვედეთის ბიზნესდელეგაციის ვიზიტი საქართველოში 2 დღეს გასტანს.
წაკითხვა
ეროვნულმა საინვესტიციო სააგენტომ ექსპორტის ხელშეწყობის პროგრამა წარმოადგინა
გამოქვეყნებულია: 2010-05-25 12:45:28
საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტო და ეკონომიკის სამინისტრო ექსპორტის ხელშეწყობის მიმართულებით მუშაობას ააქტიურებენ. ეროვნულმა საინვესტიციო სააგენტომ ექსპორტის ხელშეწყობის პროგრამა წარმოადგინა. სააგენტოს მიზანია, შეიქმნას მექანიზმი, რომელიც ახალი ბაზრების ათვისებაში ადგილობრივ მწარმოებლებს დაეხმარება. უახლოეს მომავალში "მრგვალი მაგიდის" ფორმატში ქართველ მწარმოებლებსა და ექპორტიორებთან შეხვედრები ჩატარდება, სადაც ექსპორტის ხელშეწყობის ახალი ინიციატივების პრეზენტაცია და ადგილობრივ კომპანიებთან მომავალი თანამშრომლობის განხილვა მოხდება.
წაკითხვა
სავაჭრო პალატას 4 ქვეყანაში თავისი წარმომადგენელი ეყოლება
გამოქვეყნებულია: 2010-05-25 12:20:28
მსოფლიოს 4 ქვეყანაში საქართველოს სავაჭრო პალატას თავისი წარმომადგენელი ეყოლება. გელა გელაშვილი ამერიკაში, დავით ვაგრამოვი კანადაში, ქეთი გორგილაძე ესპანეთში, მიხეილ ჯაფარიძე კი გერმანიაში საკუთარი მოვალეობების შესრულებას უკვე დღეიდან შეუდგებიან. სავაჭრო პალატის წარმომადგენლებად ეს პირები აღნიშნულ ქვეყნებში წარმატებული ბიზნესსაქმიანობის გამო დაინიშნენ. ახალი წარმომადგენლები დღეს მთავრობის კანცელარიაში სავაჭრო პალატის თავმჯდომარე ჯემალ ინაიშვილმა და დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენლებმა წარადგინეს და სპეციალური სიგელებით დააჯილდოვეს.
წაკითხვა
თავისუფლების მოედანზე ახალი ბიზნესცენტრი გაიხსნა
გამოქვეყნებულია: 2010-05-20 16:48:12
თბილისში დღეს კიდევ ერთი ახალი ბიზნესცენტრი გაიხსნა. თავისუფლების მოედანზე არსებულ შენობაში სხვადასხვა ოფისები განთავსდება. სოლოლაკის უძველეს შენობაში სამუშაოები სამშენებლო კომპანია "რედიქსმა" ჩაატარა. რესტავრაცია ჩაუტარდა ფასადის დეკორაციებს და ლითონის აივნებს. შენარჩუნებულია შენობის ისტორიული იერსახე. ოფისები დამქირავებელს გარემონტებული ჩაბარდება. ბიზნესცენტრ "ტაბიძე პირველის" ოფიციალურ გახსნას დღეს თბილისის მერი გიგი უგულავაც დაესწრო.
წაკითხვა
უცხოეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენები ბიზნესკლიმატს გაეცნენ
გამოქვეყნებულია: 2010-05-20 10:27:07
პროექტი - "დაბრუნება საქართველოში" დღეს დასრულდა. 12 ქვეყნიდან ჩამოსული 23 ქართველი ბიზნესმენი საქართველოში 3 დღის განმავლობაში იმყოფებოდა და ბიზნესკლიმატის გასაცნობად, სხვადასხვა რეგიონი დაათვალიერა. მათი ბოლო ვიზიტი სიღნაღში შედგა, სადაც, მათთან ერთად, სახელმწიფო მინისტრი დიასპორის საკითხებში პაპუნა დავითაია და ეკონომიკის მინისტრი ზურაბ პოლოლიკაშვილი იმყოფებოდნენ. შეხვედრის ბოლოს შემაჯამებელი ბრიფინგი გაიმართა. ბიზნესმენების განცხადებით, უკვე გაჩნდა იდეა, რომ შეიქმნას ქართველ ემიგრანტთა საინვესტიციო ფონდი, რომელიც საქართველოში კონკრეტულ პროექტებს დააფინანსებს და განახორციელებს.
წაკითხვა
საქართველო სავალუტო ფონდის სპეციალურ სტანდარტს შეუერთდა
გამოქვეყნებულია: 2010-05-18 10:47:25
საქართველო საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემთა გავრცელების სპეციალურ სტანდარტს შეუერთდა. ამ სტანდარტში მონაწილეობის შედეგად, კიდევ უფრო მეტად იზრდება ქვეყნის მიმართ უცხოელი ინვესტორების ინტერესი და ნდობის ხარისხი. აღსანიშნავია ისიც, რომ სტანდარტების გამოყენება ხელს უწყობს ეროვნული ვალუტის კურსის სტაბილურობს. მონაცემებს სტანდარტით დადგენილი პერიოდულობით ეროვნული ბანკი, ფინანსთა სამინისტრო და სტატისტიკის ეროვნული სამსახური გამოაქვეყნებენ. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემეთა გავრცელების სპეციალური სტანდარტი იმ ქვეყნებისათვის არის განკუთვნილი, რომელთაც სურვილი აქვთ მონაწილეობა მიიღონ კაპიტალის საერთაშორისო ბაზრების აქტივობაში. 67 ქვეყანასთან ერთად, წელს ამ სტანდარტს უკვე საქართველოც შეუერთდა.
წაკითხვა
უცხოეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენები თბილისში იმყოფებიან
გამოქვეყნებულია: 2010-05-17 09:42:43
უცხოეთში მცხოვრები და მოღვაწე ქართველი ბიზნესმენები სპეციალური მოწვევით თბილისში იმყოფებიან. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს და დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ერთობლივი პროექტი ”დაბრუნება საქართველოში” ხორციელდება. პროექტის მიზანია უცხოეთში მცხოვრებ წარმატებულ ქართველ ბიზნესმენებს შესაძლებლობა ჰქონდეთ საქართველოში დააბანდონ კაპიტალი და საკუთარი წვლილი შეიტანონ მის ეკონომიკურ განვითარებაში. პროექტის პირველი ეტაპი 17-დან 19 მაისამდე გასტანს, რომელშიც 30-მდე ქართველი ბიზნესმენი მონაწილეობს. 3 დღის განმავლობაში ბიზნესმენები მინისტრებთან ერთად სვანეთს, ბათუმსა და კახეთს ესტუმრებიან, სადაც სხვადასხვა ბიზნესპროექტების მიმდინარეობას გაეცნობიან. ვიზიტის ფარგლებში ბიზნეს-დიასპორის დელეგაციის წევრები შეხვდებიან საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს. პრემიერ ნიკა გილაურს და მთავრობის სხვა წარმომადგენლებს. ბიზნესმენები ქვეყანას 20 მაისს დატოვებენ.
წაკითხვა
საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ისრაელში იმყოფება
გამოქვეყნებულია: 2010-05-14 10:48:11
საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ხუთდღიანი ვიზიტით ისრაელში იმყოფება. ზურაბ პოლოლიკაშვილი ისრაელის ფინანსთა მინისტრთან ერთად ხელს მოაწერს ხელშეკრულებას ორმხრივი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ. ქართველმა მინისტრმა მონაწილეობა მიიღო საქართველო-ისრაელის ბიზნესფორუმში, რომელშიც 40-ზე მეტი ადგილობრივი კომპანიის წარმომადგენელი მონაწილეობდა. ვიზიტის ფარგლებში მინისტრი ასევე შეხვდა იერუსალიმის პატრიარქს, ისრაელის ტურიზმის, მრეწველობის, შრომისა და საგარეო ვაჭრობის მინისტრებს და კერძო კომპანიების წარმომადგენლებს. ზურაბ პოლოლიკაშვილმა ის საწარმოებიც დაათვალიერა, რომლებიც საქართველოში დიდი ინვესტიციების განხორციელებას გეგმავენ. საქართველოში ისრაელის კომპანიების მიერ განხორციელებული ინვესტიციები ნახევარ მილიარდ დოლარს აღემატება.
წაკითხვა
დონორთა კონფერენციაზე სატრანსპორტო პროექტებზე მსჯელობენ
გამოქვეყნებულია: 2010-05-12 16:43:09
ახალი პროექტები და პერსპექტივები ტრანსპორტის სფეროში, - დონორთა მეოთხე კონფერენციას პარიზის შემდეგ, ამჯერად თბილისი მასპინძლობს. შეხვედრის მიზანი ახალი ინიციატივები, სტრატეგიული პროექტების შესრულება და დონორთა შორის კოორდინაციის გაუმჯობესებაა. ღონისძიებას ქართული, სომხური, აზერბაიჯანული მხარეები და ტრანსპორტის სექტორში ჩართული დონორი ორგანიზაციები ესწრებიან. ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრის დავით ტყეშელაშვილის განცხადებით, დღევანდელი შეხვედრა მნიშვნელოვანია ყველა მხარისთვის, რადგან ეს ტრანსპორტის განვითარების სფეროში მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია, რომელიც სამხრეთ კავკასიის ქვეყნებისა და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების კოორდინირებულ თანამშრომლობას უზრუნველყოფს.
წაკითხვა
ენერგეტიკული თანამშრომლობის მინისტერიალზე ახალი მთავრობათაშორისი ხელშეკრულება გაფორმდა
გამოქვეყნებულია: 2010-05-12 16:13:56
თბილისში დღეს რუმინეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს ენერგეტიკული თანამშრომლობის საკითხებზე მინისტერიალი გაიმართა. მხარეებმა სამი ქვეყნის ენერგეტიკული თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს და მთავრობათაშორისი ხელშეკრულებაც გააფორმეს. შეთანხმება ერთობლივი კომპანიის დაფუძნებას ითვალისწინებს, რომელიც აზერბაიჯანი-საქართველო-რუმინეთის ენერგეტიკულ პროექტს განახორციელებს. მინისტრებმა იმაზეც იმსჯელეს, თუ როგორ სრულდება ბუქარესტში 2010 წლის 13 აპრილს ხელმოწერილი ურთიერთგაგების მემორანდუმი. ბუქარესტში 13 აპრილს მხარეებმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს გათხევადებული ბუნებრივი აირისა და მისი ტრანსპორტირების სფეროში თანამშრომლობის შესახებ, რომელიც საქართველოში გაზის გამათხევადებელი, ხოლო რუმინეთში რეგაზიფიკაციის ტერმინალის მშენებლობას ითვალისწინებს. მინისტერიალში რუმინეთის ეკონომიკის, აზერბაიჯანის მრეწველობისა და ენერგეტიკის და საქართველოს ენერგეტიკის მინისტრებმა მიიღეს მონაწილეობა.
წაკითხვა
ეკონომიკის სამინისტროში აეროპორტის ასაფრენი ბილიკის რეაბილიტაციაზე იმსჯელეს
გამოქვეყნებულია: 2010-05-05 13:34:43
თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენი ბილიკის რეაბილიტაციას საფრანგეთის მთავრობა დააფინანსებს. სარეაბილიტაციო პროექტის წინა კვლევითი სამუშაოების ჩატარების საკითხი განიხილეს დღეს ეკონომიკის მინისტრთან კომპანია ედპი-ს წარმომადგენლებმა. მათი თქმით, სამუშაოების განხორციელება იმ პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს, რომელიც საქართველოს სამოქალაქო ავიაციის დირექციასა და საფრანგეთის საავიაციო მრეწველობის ხელმძღვანელობას შორისაა გაფორმებული. აეროპორტის ასაფრენი ბილიკის რეაბილიტაციისთვის 705 073 გამოყოფილი. შეთანხმების მიხედვით, ქართული მხარე საკუთარი ფინანსური სახსრებით მხოლოდ გეოტექნიკურ და ტოპოგრაფიულ კვლევებს ჩაატარებს.
წაკითხვა
"ქორთიარდ მარიოტში" ენერგეტიკულ საკითხებზე კონფერენცია მიმდინარეობს
გამოქვეყნებულია: 2010-05-05 12:47:09
სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" ენერგეტიკულ საკითხებზე კონფერენცია მიმდინარეობს. კონფერენცია მსოფლიო ენერგოუსაფრთხოების საკითხებს ეხება და ევროატლანტიკური საბჭოს პარტნიორობის ფორმატში იმართება. კონფერენცია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა გიორგი ბარამიძემ გახსნა.
წაკითხვა
საავტომობილო გზების მშენებლობის თემაზე კონფერენცია გაიმართა
გამოქვეყნებულია: 2010-05-04 17:10:55
სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" კონფერენცია, თემაზე - "საქართველოს საავტომობილო გზები და ტექნოლოგიური პროგრესი" გაიმართა. ქართული და უცხოური საგზაო-სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებმა თანამედროვე სამშენებლო ტექნოლოგიების პრეზენტაცია გამართეს. ასევე, განიხილეს გარემოს დაცვის საკითხებიც. კონფერენციაზე სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. საავტომობილო გზების მშენებლობის სფეროში ამ ფორმატის კონფერენცია უკვე მეორედ ტარდება. საავტომობილო გზების მშენებლობის სფეროში ამ ფორმატის კონფერენცია უკვე მეორედ გაიმართა. კონფერენციას საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე რამაზ ნიკოლაიშვილი და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ტყეშელაშვილი დაესწრნენ.
წაკითხვა
სადაზღვევო ტენდერებში გამარჯვებული კომპანიები ცნობილია
გამოქვეყნებულია: 2010-05-01 16:13:14
სადაზღვევო ტენდერებში გამარჯვებული კომპანიები ცნობილია. სახელმწიფო პროგრამებით დაზღვეულთა უმრავლესობას კომპანია “ალფა” დააზღვევს. შედეგები დღეს გახდა საჯარო. სადაზღვევო კომპანიების გამოსავლენად ჩატარებულ აუქციონში 8 კომპანია და ერთი ამხანაგობა მონაწილეობდა. ტენდერში გამარჯვებულთა სია ასე გამოიყურება: "ჯი-პი-აი ჰოლდინგი”, არქიმედე გლობალ ჯორჯია”, იმედი ელ ინტერნეიშენალი”, ”ალდაგი ბისიაი”, ”შპს ვესტი”, ”აისი ჯგუფი”, ”ალფა”, ”ირაო”, ”ქართუ” და ამხანაგობა სამცხე 2010”. გამარჯვებულ კომპანიებს ასევე ევალებათ შექმნან მაღალტექნოლოგიური საავადმყოფოები. საქართველოს სამედიცინო რაიონების მიხედვით, სადაზღვევო კომპანიების გამოსავლენად აუქციონი 20 აპრილს გაიმართა.
წაკითხვა
დმანისისა და მარნეულის რაიონს აზერბაიჯანის დელეგაცია ეწვია
გამოქვეყნებულია: 2010-04-30 10:59:09
დმანისისა და მარნეულის რაიონს ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკის სამთავრობო დელეგაცია ეწვია. დელაგაციის წევრები ეკონომიკური განვითარების მინისტრი, ექსპორტისა და ინვესტიციის ხელშეწყობის სააგენტოს ხელმძღვანელი და 23 კომპანიის წარმომადგენლები იყვნენ. მათი მონაწილეობით მარნეულში საქართველო-აზერბაიჯანის ბიზნეს- ფორუმი გაიმართა. ფორუმს საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი ზურაბ პოლოლიკაშვილი, ქვემო ქართლის გუბერნატორი დავით კირკიტაძე და საქართველოში მოღვაწე ბიზნესჯგუფები ესწრებოდნენ. ფორუმზე საქართველოში აზერბაიჯანული ინვესტიციების საკითხები განიხილეს.
წაკითხვა
საქართველოს აზერბაიჯანის რესპუბლიკის სამთავრობო დელაგაცია ეწვია
გამოქვეყნებულია: 2010-04-29 16:37:50
საქართველოს ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკის სამთავრობო დელაგაცია ეწვია. ვიზიტის ფარგლებში სასტუმრო "რედისონში" საქართველოსა და აზერბაიჯანის ერთობლივი ბიზნესფორუმი გაიმართა. ფორუმს აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრთან ერთად, საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი ზურაბ პოლოლიკაშვილიც დაესწრო. ბიზნესფორუმის შემდეგ აზერბაიჯანულ დელეგაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა უმასპინძლა. პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის დასრულების შემდეგ კი ზურაბ პოლოლიკაშვილმა და მისმა აზერბაიჯანელმა კოლეგამ ხელი მოაწერეს ორმხრივ ოქმს, საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის საქონლისა და მომსახურების ბაზრებზე დაშვების შესახებ. ასევე, აზერბაიჯანული დელეგაცია დმანისსა და მარნეულს ეწვევა, სადაც შედგება შეხვედრა ქვემო ქართლის გუბერნატორ დავით კირკიტაძესთან. საქართველო-აზერბაიჯანის ბიზნესფორუმი ასევე მარნეულშიც გაიმართება.
წაკითხვა
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ”ფინკა-საქართველოს” კლიენტების რაოდენობა იზრდება
გამოქვეყნებულია: 2010-04-29 12:54:53
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ”ფინკა-საქართველოს” კლიენტების რაოდენობა იზრდება. "ფინკა" დღეს 25 ათასზე მეტ კლიენტს ემსახურება. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიზანი ყველაზე დაბალშემოსავლიანი მეწარმეების ხელშეწყობა და მათი დასაქმებაა. "ფინკა" ბაზარზე ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს არა მხოლოდ კლიენტების რაოდენობით, არამედ ფილიალების ქსელის მასშტაბითაც. ორგანიზაციას საქართველოში 29 ფილიალი აქვს, რაც სასესხო პროდუქტებს ყველა რეგიონისთვის ხელმისაწვდომს ხდის. არსებობს სპეციალური სასესხო პროდუქტი - სოფლის მეურნეობის სესხი 9-თვიანი საშეღავათო პერიოდით, რომელიც ხელმისაწვდომია სოფლის მეურნეობით დაინტერესებული ყველა პირისთვის. "ფინკა-საქართველოს" ხელშეწყობით, ცხოვრების პირობების გაუმჯობესება 130 ათასზე მეტმა ადამიანმა შეძლო. გლობალური კრიზისის მიუხედავად, ორგანიზაცია ინვესტიციების მოზიდვას განაგრძობს და უმსხვილეს მიკროსაფინანსო ორგანიზაციათა ქსელის ჩამოყალიბებას გეგმავს.
წაკითხვა
დავით ბაქრაძე საბანკო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა
გამოქვეყნებულია: 2010-04-26 16:48:00
პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე საბანკო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. ერთსაათიანი შეხვედრის დროს საბანკო სექტორში არსებული მდგომარეობა, ეკონომიკური სიტუაცია და საპროცენტო განაკვეთების შემცირების პერსპექტივა განიხილეს. შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ პარლამენტი და საბანკო სექტორი ერთობლივად იმუშავებენ იმისთვის, რომ სესხი მომხმარებლისთვის იყოს იაფი, მარტივი და ხელმისაწვდომი. საუბარი შეეხო საგადასახადო კოდექსში შესულ ცვლილებებსაც.
წაკითხვა

უახლესი