საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

ენერგეტიკული ფორუმი თბილისში
გამოქვეყნებულია: 2012-01-20 12:21:07
ენერგეტიკული პროექტი "ბეშიქ ჰაია" მტკვრის კალაპოტს არ შეცვლის და არც ეკოლოგიურ პრობლემებს გამოიწვევს,- ეს განცხადება თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა „რედისონში“ ქართველ კოლეგა ალექსანდრე ხეთაგურთან ერთობლივი ბრიფინგის დროს გააკეთა. ტექნიკური სამუშაოები უკვე დაწყებულია და მხარეების განცხადებით, პროექტი მტკვრის რესურსის სრული გამოყენებით და მდინარის კალაპოტის შეუცვლელად განხორციელდება. დღესვე ხელი მოეწერა ბორჩხა-ახალციხის დამაკავშირებელი 400- კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზით ელექტროენერგიის ტრანსსასაზღვრო ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებას. პროექტის ფარგლებში 500 და 400-კილოვოლტიანი გადამცემი ხაზები აშენდება, მოეწყობა მუდმივი დენის ჩანართი და არსებულ ინფრასტრუქტურას რეაბილიტაცია ჩაუტარდება. სპეციალისტების შეფასებით, ეს შესაძლებელს გახდის შეუფერხებლად და დანაკარგების გარეშე საქართველოში წარმოებული ელექტროენერგია ექსპორტზე თურქეთსა და ევროპაში გავიდეს.
წაკითხვა
მთავრობის სხდომაზე გასული წლის ეკონომიკური შედეგები შეაჯამეს
გამოქვეყნებულია: 2012-01-18 16:45:24
მთავრობის სხდომაზე მინისტრებმა გასული წლის ეკონომიკური შედეგები შეაჯამეს. წინასწარი მონაცემებით, 2011 წელს ეკონომიკური ზრდა 6.8 პროცენტს შეადგენს. მინისტრთა კაბინეტის წევრებმა ექსპორტისა და იმპორტის ზრდის მაჩვენებლებზეც ისაუბრეს. 2011 წელს ექსპორტი 39 პროცენტით, იმპორტი კი 34 პროცენტით არის გაზრდილი. ნიკა გილაურის განცხადებით, გაორმაგებულია ავტომობილებისა და თხილის ექსპორტი. ხოლო რაც შეეხება იმპორტის გაზრდილ მონაცემებს, მაჩვენებელის ზრდა, ძირითადად, კომპიუტერებისა და სამშენებლო მასალების შემოტანაზე მოდის.
წაკითხვა
"ჰოლიდეი ინში" ყველის გამოფენა მოეწყო
გამოქვეყნებულია: 2012-01-16 13:55:21
ადგილობრივმა ყველის მწარმოებლებმა დღეს 14 სახეობის ყველი გამოფინეს სასტუმრო "ჰოლიდეი ინში". სხვადასხვა სახეობის ქართული ყველის დაგემოვნება დღეს ყველა მისულ სტუმარს შეეძლო. ღონისძიებას სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა გოროზია დაესწრო. მინისტრი ყველის მწარმოებლებს იმ მექანიზმებზე ესაუბრა, რომლითაც საერთაშორისო ბაზარზე ქართული პროდუქციის დაცვა მოხდება. დღევანდელი გამოფენის მიზანი იყო ქართული ყველის პოპულარიზაცია და საექსპორტო არეალის გაზრდა.
წაკითხვა
დიმიტრი გვინდაძემ ჟურნალისტებს 2012 წლის პრიორიტეტები გააცნო
გამოქვეყნებულია: 2012-01-04 16:59:48
ფინანსთა მინისტრმა დღეს 2012 წლის პრიორიტეტებზე ისაუბრა. დიმიტრი გვინდაძემ დღეს ჟურნალისტებს ის სფეროები გააცნო, რომელზეც უწყება მომავალ წელს იმუშავებს - საბიუჯეტო პოლიტიკა, მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნება, კერძო სექტორის განვითარებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა, თანამშრომლობა კერძო სექტორთან, ახალი სამუშაო ადგილების შექმნისათვის. დღესვე ფინანსთა სამინისტროს ახალი ვებგვერდის პრეზენტაციაც გაიმართა.
წაკითხვა
2011 წელს აჭარას 1 300 000-ზე მეტი ტურისტი ეწვია
გამოქვეყნებულია: 2012-01-04 16:56:21
2011 წელს აჭარას 1 300 000-ზე მეტი ტურისტი ეწვია, რაც 2010 წელთან შედარებით, 39 პროცენტით მეტია. გასული წლის შედეგები აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარემ დღეს სპეციალურ ბრიფინგზე შეაჯამა. ტურისტების ყველაზე დიდი რაოდენობა თურქეთიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ირანიდან, ისრაელიდან და უკრაინიდან შემოვიდა. ვაჟა დიასამიძის განცხადებით, რეგიონისადმი ვიზიტორების დაინტერესების ზრდა ახალი ტურისტული პროექტების შექმნამ განაპირობა. მათ შორისაა პროექტი ბათუმი-ველო, სარესტორნო ქსელის გაფართოება, საკრუიზო გემების რაოდენობის გაზრდა, დაცულ ტერიტორიებზე ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, ასევე სამთო-სათხილამურო კურორტებისა და სოფლის ტურიზმის განვითარება. ტურიზმის დეპარტამენტის მონაცემებით, წელს პირველად შესრულდა ჩარტერული ავიარეისები უცხოეთის ქვეყნებიდან, ხოლო შემოდგომა-ზამთრის პერიოდში ტურისტთა რაოდენობამ აჭარაში ყველაზე მაღალ მაჩვენებელს მიაღწია.
წაკითხვა
ეკონომიკის სამინისტროში ჩინურ კომპანიასთან მემორანდუმი გაფორმდა
გამოქვეყნებულია: 2011-12-28 13:26:26
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს ჩინურ კომპანია "ჰუევეისთან". აღნიშნულმა კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს 370 000 დოლარის ღირებულების დატა ცენტრი გადასცეს, ასევე უახლესი ვი-დი-აი ტექნოლოგიით მომუშავე 200 კომპიუტერი სრული კომპლექტაციით. ეს ხელს შეუწყობს საქართველოში საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარებას და მთავრობაში თანამედროვე დატა ცენტრების გამოყენებას.
წაკითხვა
ტურიზმის სააგენტომ 2011 წელი შეაჯამა
გამოქვეყნებულია: 2011-12-27 12:23:38
2 მილიონ 756 ათასი ტურისტი, 39 პროცენტით გაზრდილი ნაკადი - ტურიზმის ეროვნულმა სააგენტომ 2011 წელი შეაჯამა. განვლილი თვეები საქართველოსთვის წარმატებული იყო, რასაც ხელი იმ პროექტებმა შეუწყო, რომლებიც საქართველოში განხორციელდა როგორც ინფრასტრუქტურის, ასევე ტურიზმის სფეროში მომუშავე პერსონალის გადამზადების კუთხით. ტურები უცხოელი ჟურნალისტებისთვის, მსოფლიოს 117 ქვეყნის წამყვან ტელეარხებზე გასული დოკუმენტური ფილმები და ვიდეორგოლები საქართველოს შესახებ. სააგენტოში 2012 წლის გეგმებზეც ისაუბრეს, წინასწარი პროგნოზით, მომავალ წელს ქვეყანაში 3-მილიონნახევარი ტურისტი ჩამოვა.
წაკითხვა
საქართველოს ბიზნესგარემოს კვლევის პრეზენტაცია გაიმართა
გამოქვეყნებულია: 2011-12-26 16:26:49
საქართველოს ბიზნესგარემოს კვლევა - "ეი-სი-თიმ", ბიზნესომბუდსმენის დახმარებით, 1000-მდე კომპანიის წარმომადგენელი გამოკითხა და 2011 წლის შედეგები შეაჯამა. კვლევის ძირითადი მიზნები ბიზნესგარემოსა და კომპანიების მდგომარეობის შეფასება, ზოგადი პრობლემების და უკეთესი ბიზნესგარემოს ფორმირებისთვის საჭირო ქმედების იდენტიფიცირება იყო. კვლევამ აჩვენა, რომ გამოკითხულ ბიზნესმენთა მხოლოდ 0.2 მეათედ პროცენტს ჰქონია კორუფციული ხასიათის შემთხვევა საბიუჯეტო ორგანიზაციებთან შეხვედრისას. კომპანიების 45 პროცენტი თვლის, რომ დაცულია და მხოლოდ 11 პროცენტი მიიჩნევს თავს დაუცველად. მიმდინარე წელს კომპანიების 76 პროცენტი გაფართოვდა ან იგივე დონეზე დარჩა. გამოკითხულთა 51.2 პროცენტი წარმოების ზრდასა და საქმიანობის გაფართოებას გეგმავს. "საქართველოს ბიზნესგარემოს კვლევის" პრეზენტაციას დღეს ბიზნესმენები ესწრებოდნენ. ისინი ტენდენციებს დადებითად აფასებენ.
წაკითხვა
2011 წლის ანგარიში საზოგადოებას ვერა ქობალიამ წარუდგინა
გამოქვეყნებულია: 2011-12-23 16:33:32
2011 წლის ანგარიში საზოგადოებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა წარუდგინა. რეიტინგები, საპრივატიზაციო პროექტები, ტურიზმი, საერთაშორისო და ადგილობრივი ინვესტიციები და სატრანსპორტო სფერო ის ძირითადი მიმართულებები იყო, რაზეც ვერა ქობალიამ ისაუბრა. მიმდინარე წელს საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში ამაღლდა. ინვესტიციების შედეგად ქვეყნის ბიუჯეტი 190 მილიონი ლარით გაიზარდა. ქვეყნის ტერიტორიაზე 8 ახალი ავიაკომპანია შემოვიდა. მიმდინარეობს ახალი აეროპორტების მშენებლობა და არსებული საფრენი ბილიკების რეაბილიტაცია. ერთ-ერთი ძირითდი სექტორი ტურიზმია. ამ მიმართულებით ქვეყანამ სხვადასხვა პროექტი განახორციელა, რისი მეშევეობითც შემოსული ტურისტების რიცხვი წლის ბოლომდე 2 მილიონ შვიდასი ათასს შეადგენს. 2012 წელს ეკონომიკის სამინისტრო მთლიანად გადავა ელექტრონულ სისტემაზე, მოხდება არქივების შექმნა. შიდა ტურიზმის მიმართულებით მომავალ წელს სამინისტროს პრიორიტეტი კახეთი იქნება. კახეთის ტურისტული განვითრების პროექტს ეკონომიკის სამინისტრო მსოფლიო ბანკთან ერთად ახორციელებს.
წაკითხვა
Fitch Ratings-მა "საქართველოს რკინიგზის" რეიტინგი BB სტაბილურამდე გაზარდა
გამოქვეყნებულია: 2011-12-19 17:36:20
სარეიტინგო კომპანია Fitch Ratings-მა შპს "საქართველოს რკინიგზის" საკრედიტო რეიტინგი B+ პოზიტიურიდან BB სტაბილურამდე გაზარდა. საკრედიტო რეიტინგის ზრდა კომპანიის მეტ გადახდისუნარიანობასა და აღებული ვალდებულებების შესრულებას ადასტურებს. "საქართველოს რკინიგზის" საკრედიტო რეიტინგის ზრდა ქვეყნის რეიტინგის ზრდის პარალელურად მოხდა. აღნიშნული მონაცემები ხელს უწყობს ინვესტიციების შემოსვლას, როგორც რკინიგზაში, ასევე ქვეყანაში მოქმედი კომპანიებისთვის. დღეისათვის კომპანიის სასესხო ვალდებულებები 250 მილიონი ამერიკული დოლარია, რაც კომპანიის მიერ 2010 წელს წარმატებით განთავსებული ევროობლიგაციებით არის წარმოდგენილი.
წაკითხვა
კვიპროსზე საქართველოს საინვესტიციო სააგენტოს პრეზენტაცია გაიმართა
გამოქვეყნებულია: 2011-12-15 13:50:33
საქართველოს საინვესტიციო სააგენტოს პრეზენტაცია კვიპროსზე. ქალაქ ლიმასოლში სპეციალურმა დელეგაციამ კვიპროსელ ბიზნესმენებს ქართული საინვესტიციო გარემოს შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. შეხვედრა სამრეწველო-სავაჭრო პალატის ოფისში შედგა და მას ადგილობრივ ბიზნესმენებთან ერთად, კვიპროსზე მცხოვრებ ქართველ ბიზნესმენთა ჯგუფიც დაესწრო. საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს წარმომადგენლებმა მოწვეულ სტუმრებს ქართული ბიზნესგარემო გააცნეს და თბილისში კვიპროსელ ბიზნესმენთა ვიზიტიც დაიგეგმა. ლიმასოლში გამართული შეხვედრა კვიპროსზე საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით შედგა.
წაკითხვა
ევროკავშირი საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებას იწყებს
გამოქვეყნებულია: 2011-12-12 16:04:00
საქართველოს ევროკავშირთან დაახლოება და ახალი პერსპექტივები ჩვენი ქვეყნისთვის. ევროპული ბაზარი, ათასობით სამუშაო ადგილი და ახალი ინვესტიციები, – ეს არის მთავარი შედეგი, რომელსაც საქართველო ევროკავშირთან დაწყებული თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკების შემდეგ მიიღებს. ქართველი პოლიტიკოსები ბრიუსელში დაწყებულ მოლაპარაკებათა პროცესს აფასებენ. დეპუტატები ამბობენ, რომ კონსულტაციების წარმატებით დასრულების შემდეგ, ქართველ ბიზნესმენებს შესაძლებლობა ექნებათ, გავიდნენ ერთ-ერთ ყველაზე დიდ და სტაბილურ, ევროპულ ბაზარზე. თბილისში აქცენტს ეკონომიკურ ეფექტთან ერთად, მოლაპარაკების პოლიტიკურ მნიშვნელობაზეც აკეთებენ და ამბობენ, რომ ეს კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია საქართველოს ევროინტეგრაციის კუთხით. ევროკავშირის ქვეყნებთან თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებების ოფიციალურად დაწყება დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროშიც შეაფასეს. მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძის განცხადებით, ევროკავშირმა მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც მნიშვნელოვანია საქართველოს ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით. მინისტრის მოადგილის თქმით, საკითხის გადაწყვეტის შემდეგ, საქართველოს შესაძლებლობა ექნება, გახდეს კონკურენტუნარიანი და თავისი პროდუქცია ევროკავშირის ქვეყნების ბაზრებზე გაიტანოს, რაც სამუშაო ადგილების ზრდასა და სავაჭრო ურთიერთობების გამყარებას გამოიწვევს. ბრიუსელში მიმდინარე პროცესს დილიდან პოლიტოლოგებიც ეხმაურებიან. ექსპერტების თქმით, გაერთიანების წევრებთან თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობები დამატებით სამუშაო ადგილებს შექმნის და რაც მთავარია, ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის დასაწყებად საქართველოში მოქმედ უცხოურ კომპანიებსაც წაახალისებს. გაერთიანების ქვეყნებთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკება ბრიუსელში ოფიციალურად რამდენიმე საათში გაიხსნება. მანამდე კი საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამ საკითხზე მაღალი რანგის მოლაპარაკებებს მართავს. ნიკა გილაური უკვე შეხვდა ვაჭრობის საკითხებში ევროკომისარ კარლ დე გუხტს. კონსულტაციების ოფიციალურად გახსნას დაესწრებიან პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ სიკორსკი და მოლდოვას პრემიერ-მინისტრი ვლად ფილატი. მოლაპარაკება ევრო ეკონომიკური ზონის სრულუფლებიან წევრობაზე იმ პროცესის ნაწილია, რომელიც საქართველოში 2010 წლიდან მიმდინარეობს. კონსულტაციები დღეიდან აქტიურ ფაზაში შევიდა. ქართული მხარე იმედოვნებს, რომ მომდევნო ეტაპი ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებაზე დიალოგის დაწყება იქნება.
წაკითხვა
ყაზახურ ნავთობს ევროპის ბაზარზე დღეიდან ბათუმის პორტის და შავი ზღვის გავლით გადაზიდავენ
გამოქვეყნებულია: 2011-12-09 14:13:14
ყაზახურ ნავთობს ევროპის ბაზარზე დღეიდან ბათუმის პორტისა და შავი ზღვის გავლით გადაზიდავენ. უმსხვილესმა ყაზახურმა გადამზიდავმა კომპანია “ყაზმორტრანსფლოტმა” ნავთობის ტრანსპორტირებისთვის 100 მილიონ დოლარად ორი ტანკერი „ალტაი“ და „ალათაუ“ შეიძინა. ტანკერ „ალტაის“ ექსპლუატაციაში გაშვების პრეზენტაცია დღეს ბათუმის პორტში გაიმართა. იგი მსხვილტონაჟიანი ტანკერია, რომლის სიგრძე 250 მეტრი, სიგანე კი 250 მეტრია. გემს ერთდროულად 100 ათასი ტონა ნავთობის ტრანსპორტირება შეუძლია. კომპანია „ყაზმორტრანსფლოტი” დღეისთვის 21 მსხვილი გემის, მათ შორის 8 ტანკერის მფლობელია. ორი ახალი ტანკერი, რომელიც კომპანიამ სამხრეთ კორეაში შეიძინა, რეისებს შავ და ხმელთაშუა ზღვებში განახორციელებს. ყაზახური მხარის განცხადებით, სიახლე მომგებიანი იქნება ქართული მხარისთვის, რადგან ბათუმის პორტის ტვირთბრუნვაც გაიზრდება და გაჩნდება დამატებითი სამუშაო ადგილებიც.
წაკითხვა
ევრობანკის ახალი პროექტი საქართველოში
გამოქვეყნებულია: 2011-12-08 12:12:47
ევრობანკის ახალი პროექტი საქართველოში და კიდევ ერთი მხარდაჭერა, ამჯერად ელექტროკომუნიკაციის სფეროში - პროექტი პირველ ოქტომბერს დაიწყო, ახლა პირველი ეტაპი სრულდება. ევრობანკის მხარდაჭერით საქართველოში თანამედროვე სტანდარტებზე გადადის ინფოკომუნიკაციებზე დაფუძნებული ყველა სერვისი. საუბარია ახალ ქსელებზე, ინტერნეტზე, სატელეფონო სისტემებზე და ასე შემდეგ. მზადდება ახალი გეგმა, რომელიც მეორე ეტაპზე უნდა გაიწეროს, დღეს თბილისში დეტალებს სპეციალურ კონფერენციაზე აჯამებენ.
წაკითხვა
შემოსავლების სამსახური მცირე მეწარმეებს დაბეგვრის ახალ ფორმას სთავაზობს
გამოქვეყნებულია: 2011-12-07 16:49:29
შემოსავლების სამსახური მცირე მეწარმეებს დაბეგვრის ახალ ფორმას - ფიქსირებულ გადასახადს სთავაზობს. უახლოეს მომავალში ფიქსირებული გადასახადის ორი მოდელი ამოქმედდება. პირველი მოდელით ის მცირე მეწარმეები ისარგებლებენ, რომლებიც ეწევიან ფიზიკური პირების მომსახურებას. ასევე, მათ მოეხსნებათ სალარო აპარატის გამოყენების აუცილებლობა. მეორე მოდელი მორგებული იქნება იმ მეწარმეებზე, რომლებიც ეწევიან ვაჭრობას და მათი მომხმარებლებიც ფიზიკური პირები არიან. ასეთი კატეგორიის მეწარმეებისთვის შეთავაზებული იქნება ფიქსირებული გადასახადი ბრუნვის 3%-ის ოდენობით და დაანგარიშება სალარო აპარატით დაფიქსირებული შემოსავლიდან მოხდება. ორივე კატეგორიის მეწარმეებისთვის გაუქმდება 100 000-ლარიანი ზღვარი დღგ-ს გადამხდელად აღრიცხვისთვის. დაბეგვრის ალტერნატიულ ფორმაზე გადასვლა ნებაყოფლობითი იქნება. ფიქსირებულ გადასახადთან დაკავშირებული ცვლილებათა პაკეტი საქართველოს პარლამენტში უკვე განიხილება.
წაკითხვა
დიმიტრი გვინდაძე ეკონომიკური მრჩევლების საბჭოს ხვდება
გამოქვეყნებულია: 2011-12-07 12:59:58
ამ წუთებში ფინანსთა მინისტრი დიმიტრი გვინდაძე ეკონომიკური მრჩევლების საბჭოს წევრებს ხვდება. მრჩეველთა საბჭო 2009 წელს შეიქმნა და მის შემადგენლობაში საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელთა ეკონომიკური მრჩევლები შედიან. ფინანსთა მინისტრი დეტალურ ინფორმაციას წარადგენს საქართველოს მთავრობის სტრუქტურული - "ათპუნქტიანი გეგმის მოდერნიზაციისა და დასაქმებისთვის" შესახებ. შეხვედრაზე ასევე მიმოხილული იქნება 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების დინამიკა და 2012 წლის ბიუჯეტის პროექტის ძირითადი პრიორიტეტები.
წაკითხვა
საქართველო-ბულგარეთის სამთავრობო კომისიის სხდომაზე დოკუმენტს მოეწერა ხელი
გამოქვეყნებულია: 2011-12-07 12:47:46
საქართველოსა და ბულგარეთის სამთავრობო კომისიის სხდომა დოკუმენტზე ხელმოწერით დასრულდა, რომელსაც საქართველოს მხრიდან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ვერა ქობალიამ მოაწერა ხელი. მასში განსაზღვრულია ის პრიორიტეტული საკითხები, რომელსაც ქვეყნები განახორციელებენ სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის ენერგეტიკის, ტრანსპორტის, სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის კუთხით. გადაწყდება შავ ზღვაზე საბორნე მიმოსვლის გააქტიურების საკითხი, ასევე დაიწყება მუშაობა საქართველოსა და ბულგარეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყების შესახებ. ორი ქვეყნის მთავრობათაშორისი კომისიის მომდევნო სხდომა საქართველოში გაიმართება.
წაკითხვა
სოფია საქართველო-ბულგარეთის სამთავრობოთაშორისო კომისიის სხდომას მასპინძლობს
გამოქვეყნებულია: 2011-12-06 11:01:51
თანამშრომლობა ტრანსპორტის, კომუნიკაციების, ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და ენერგეტიკის სექტორებში - ეს არის მცირე ჩამონათვალი საკითხებისა, რომლებზეც მოლაპარაკებები ბულგარეთის დედაქალაქში მიმდინარეოს. სოფია მეორე დღეა საქართველო-ბულგარეთის სამთავრობოთაშორისო კომისიის სხდომას მასპინძლობს. დღეს საბოლოოდ გაირკვევა ის საკითხები, რომლებზეც კომისიის წევრებმა შეთანხმებას მიაღწიეს. საქართველოს მხრიდან კომისიას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალია ხელმძღვანელობს. მან უკვე გამართა შეხვედრები ბულგარეთის პროფილური სამინისტროების ხელმძღვანელებთან, გარდა ამისა, მონაწილეობა მიიღო საქართველო-ბულგარეთის ბიზნეს-ფორუმში.
წაკითხვა
ეკონომიკის სამინისტრომ კორეულ კომპანიასთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
გამოქვეყნებულია: 2011-12-03 16:22:51
ეკონომიკის სამინისტრომ კორეულ კომპანიასთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. მემორანდუმს ხელი ეკონომიკის სამინისტოში მოეწერა. კორეული კომპანია ქართულ მხარეს ინვესტიციების მოძიებაში დაეხმარება. მემორანდუმის მიზანი საქართველოს სავაჭრო, ეკონომიკური და საინვესტიციო კავშირების განვითარებაა.
წაკითხვა
საფონდო ბირჟების განვითარების გამოცდილება დღეს საქართველოს მთავრობას პოლონელებმა გაუზიარეს
გამოქვეყნებულია: 2011-12-02 16:30:24
საფონდო ბირჟების განვითარების გამოცდილება დღეს საქართველოს მთავრობას პოლონეთის საფონდო ბირჟების წარმომადგენლებმა გაუზიარეს. შეხვედრას“ თიბისი ბანკის“ სათავო ოფისში საქართველოს პრემიერ-მინისტრიც დაესწრო. ნიკა გილაურმა საქართველოში ეკონომიკური ტემპების ზრდის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, ჩვენს ქვეყანაში მზარდი ტემპები ფიქსირდება და სამი კვარტლის მონაცემებით, საქართველო რეგიონის ლიდერია. დღესვე ვარშავის საფონდო ბირჟის წარმომადგენლებმა საკუთარი გამოცდილების შესახებ იაუბრეს, ანუ როგორ უნდა მოხდეს მოკლე დროში ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობის სტიმულურება. ექსპერტები იმედს გამოთქვამენ რომ საქართველოში საფონდო ბირჟის განვითარება ქვეყნის ეკონომიკის სტიმულირებას ხელს შეუწყობს.
წაკითხვა

უახლესი