საზოგადოებრივი
104.5 FM
საბავშვო ევროვიზიის ქართული სიმღერა შერჩეულია
გამოქვეყნებულია: 2017-10-06 16:16:00
საბავშვო ევროვიზიის ქართული სიმღერა შერჩეულია. ჟიურიმ ცხრა კომპოზიციიდან არჩევანი ერთხმად გიგა კუხიანიძის სიმღერაზე გააკეთა. კენჭისყრის პროცესში კომპოზიტორთა ვინაობა წესების თანახმად ანონიმური იყო. 26 ნოემბერს საბავშვო ევროვიზიის კონცერტზე გრიგოლ ყიფშიძე სწორედ აღნიშნულ სიმღერას შეასრულებს. კონკურსი ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება. 
წაკითხვა
ქუთაისის ლადო მესხიშვილის თეატრში „სიცოცხლის ფესტივალი“ მიმდინარეობს
გამოქვეყნებულია: 2017-10-05 20:50:00
ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში ბერი ანდრიას ფონდის მხარდამჭერი „სიცოცხლის ფესტივალი“ მიმდინარეობს. სპეციალურად ამ დღისთვის, ქუთაისში მსოფლიოში აღიარებული ცნობილი პიანისტი ლექსო თორაძე ჩავიდა. ორკესტრს ნიკოლოზ რაჭველი დირიჟორობს. კონცერტიდან შემოსული თანხა სიმსივნით დაავადებული ბავშვების სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობის ფონდში გადაირიცხება. ფესტივალის ფარგლებში, პირველი კონცერტი სვანეთში გაიმართა, დღეს კი ქუთაისში რეგიონებში საკონცერტო ტურნე დასრულდება.
წაკითხვა
თბილისი ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალს "საჩუქარს" უმასპინძლებს
გამოქვეყნებულია: 2017-10-05 20:47:00
15 ოქტომბრიდან თბილისი ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალს საჩუქარს უმასპინძლებს. ქართული და საერთაშორისო პროგრამა წელს კიდევ უფრო გაზრდილია. საჩუქარი 20 წლის იუბილეს აღნიშნავს, ამიტომ საქართველოს მსოფლიოს წამყვანი  თეატრალური დასები ესტუმრებიან. ერთი თვის განამვლობაში თბილისის სხვადახვა თეატრის სცენა გამოფენებს, ვორქშოფებსა და სემინარებსაც დაეთმობა. 
წაკითხვა
ევროვიზიის საკოორდინაციო ჯგუფის და დელეგაციის წევრებმა ოლიმპიური სასახლე მოინახულეს
გამოქვეყნებულია: 2017-10-05 18:47:00
ევროვიზიის საკოორდინაციო ჯგუფის და დელეგაციის წევრები საქართველოს სტუმრობენ. ვიზიტის ფარგლებში მათ ოლიმპიური სასახლე  მოინახულეს, რომელიც საბავშვო ევროვიზიის რიგით მე-15 კონკურს, 26 ნოემბერს უმასპინძლებს. სამი გამარჯვების შემდეგ 2017 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსი საქართველოში გაიმართება.მონაწილეობის მისაღებად, თბილისს  ევროპის 16 ქვეყნის წარმომადგენელი ეწვევა.
წაკითხვა
ჰაინრიჰ ბიოლის 100 წლის იუბილეს აღსანიშნავად ლიტერატურული კონკურსი ცხადდება
გამოქვეყნებულია: 2017-10-05 16:40:00
ჰაინრიჰ ბიოლის 100 წლის იუბილეს აღსანიშნავად ლიტერატურული კონკურსი ცხადდება. ინიციატივა გერმანელი მწერლის სახელობის ფონდსა და მწერალთა სახლს ეკუთვნის. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების მე-9 მე-12 კლასის მოსწავლეებს და სტუდენტებს. სტუდენტებმა უნდა წარმოადგინონ ჰაინრიჰ ბიოლის რომელიმე მცირე მოთხრობის ან ნაწყვეტის თარგმანი, ხოლო მოსწავლეებმა ჰაინრიჰ ბიოლის ნაწარმოებების მიხედვით შეთავაზებული სამი თხზულებიდან უნდა აირჩიონ და დაწერონ ერთ-ერთი. 
წაკითხვა
ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში კაძუო იშიგურომ მიიღო
გამოქვეყნებულია: 2017-10-05 15:32:00
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია იაპონური წარმოშობის ბრიტანელმა მწერალმა, კაძუო იშიგურომ მიიღო. შვედეთის ნობელის აკადემიის განცხადებაში ნათქვამია, რომ იშიგუროს რომანები ფლობს დიდ ემოციურ ძალას და ადამიანების სამყაროსთან კავშირის უფსკრულს ხსნის. კაძუო იშიგუროს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რომანია „დღის ნარჩენები“, რომლისთვისაც მან ბუკერის პრემია მიიღო. აღნიშნული რომანის მიხედვით გადაღებულ ფილმში ენტონი ჰოპკინსი და ემა ტომპსონი თამაშობენ. კინოსურათი ოსკარის რვა ნომინაციაზე იყო წარდგენილი. მის კალამს ასევე ეკუთვნის ასევე რომანები „მთების მკრთალი ხედი“, „როდესაც ობლები ვიყავით“, „დაუშოშმინებელი“ და სხვები. მწერლის ბოლო ნამუშევარია - „ნურასდროს გამიშვებ“. ნობელის პრემიაზე წარდგენილ კანდიდატებს შორის იყვნენ კენიელი მწერალი ნგუგი ვა თჰიონგო, იაპონელი ჰარუკი მურაკამი, ასევე კანადელი მარგარეტ ეთვუდი. ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში 1901 წლიდან გაიცემა. გასულ წელს საპატიო ჯილდოს მფლობელი ამერიკელი პოეტი და მუსიკოსი ბობ დილანი გახდა. 2005 წელს კი პრემია ბელარუსმა მწერალმა, სვეტლანა ალექსიევიჩმა მიიღო.
წაკითხვა
მარიამ ხაჭვანის ფილმმა „დედე“ ამერიკაში კიდევ ერთი პრიზი მოიპოვა
გამოქვეყნებულია: 2017-10-05 14:24:00
მარიამ ხაჭვანის ფილმმა „დედე“ ამერიკაში Annual Fort Lauderdale International Film Festival-ზე კიდევ ერთი პრიზი მოიპოვა.ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, ფილმმა ჯილდო განსაკუთრებულად ექსტრემალურ სიტუაციაში გადაღებული ნამუშევრისთვის დაიმსახურა. აღსანიშნავია, რომ ფილმისთვის ეს პირველი წარმატება არ არის. მარიამ ხაჭვანის ფილმი „დედე“ კარლოვი ვარის კინოფესტივალზე სექციაში East of the West ჟიურის პრიზის მფლობელი გახდა.ფილმი სვან გოგონაზე მოგვითხრობს, რომელიც სიყვარულისთვის იბრძვის და იმარჯვებს კიდეც. „დედეს" გადაღებები სვანეთში, ყაზბეგსა და კასპში მიმდინარეობდა. ფილმის უმეტესი ნაწილი სვანურ ენაზეა.კინოპროექტი „დედე“ ეროვნული კინოცენტრის, Doha Film Institute-სა და სანდენსის კინოფესტივალის მხარდაჭერით განხორციელდა.ფილმს პირველი წარმატება, საპოლოტე ვერსიამ „დინოლა“ მოუტანა, რომელიც 18 საერთაშორისო კინოფესტივალზე მთავარი პრიზების მფლობელი გახდა. სრულმეტრაჟიანი ფილმის პრემიერა კი კარლოვი ვარის კინოფესტივალზე შედგა. „დედეს“ პრემიერა საქართველოში ბათუმის საავტორო კინოფესტივალის biaff-ის ფარგლებში აჩვენეს. მასშტაბურ პრემიერას კი შემოქმედებითი ჯგუფი ნოემბრის თვეში გეგმავს.
წაკითხვა
ქართულ კინოგაქირავებაში ზაზა ურუშაძის ფილმი „აღსარება“ გამოვა
გამოქვეყნებულია: 2017-10-05 13:17:00
ქართულ კინოგაქირავებაში სულ მალე „ოსკარის“ ნომინანტის, ცნობილი ქართველი რეჟისორის ზაზა ურუშაძის ფილმი „აღსარება“ გამოვა. ფილმის მთავარი როლის შემსრულებლის, დიმიტრი ტატიშვილის ინფორმაციით, კინოსურათის ქართული პრემიერა 24 ოქტომბერს შედგება. „აღსარება“ სრულმეტრაჟიანი დრამაა, რომელიც საქართველოსა და ესტონეთის ერთობლივ პროდუქციას წარმოადგენს. ფილმის პროდიუსერია ესტონელი ივო ფელტი, რომელიც აგრეთვე იყო ურუშაძის ფილმის, ცნობილი ფილმის „მანდარინების“ პროდიუსერია. სცენარზე კი თავად ზაზა ურუშაძემ იმუშავა. ფილმში მთავარ როლებს დიმიტრი ტატიშვილი, სოფო სებისკვერაძე და იოსებ ქველიძე ასრულებენ.„აღსარება“ მღვდელმსახურ გიორგის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც მღვდლად კურთხევამდე კინორეჟისურით იყო გატაცებული. მას მთიან სოფელში პატარა ეკლესიაში მიავლენენ, სადაც მღვდელი დიდი ხნის განმავლობაში არ ყოფილა და წირვა არ ჩატარებულა. მღვდელი დიდი მონდომებით იწყებს მსახურებას და თითქოს ყველაფერი მშვიდადაა იქამდე, სანამ მუსიკის მასწავლებელს ლილის შეხვდება, რომლის სილამაზეს სოფელში აღმერთებენ და მას მერილინ მონროს ადარებენ. ქალი გულწრფელია მღვდელთან და მას თავისი ცხოვრების საიდუმლოებებს გაანდობს, რაც მოულოდნელ შედეგებს გამოიწვევს. მამა გიორგის სულიერი და ამქვეყნიური საწყისების ჰარმონია ნგრევას იწყებს.ზაზა ურუშაძე ქართველი რეჟისორია, რომლის მიერ გადაღებული ფილმი „მანდარინები“ „ოსკარის“ ხუთეულში მოხვდა საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში.
წაკითხვა
იტალიის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე - ჩვენ მაღალ შეფასებას ვაძლევთ საქართველოს ხელისუფლების მომავალზე ორიენტირებულ მიდგომებს
გამოქვეყნებულია: 2017-10-04 21:06:00
ეს გამოფენა მნიშვნელოვანია როგორც იტალიისთვის, ისე - საქართველოსთვის, იმიტომ, რომ საქართველო ევროპული ერების ოჯახის წევრია იმიტომ, რომ ჩვენი ღირებულებები ასევე თქვენი ღირებულებებია, - ამის შესახებ იტალიის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილემ ივან სკალფაროტომ ბოტიჩელისა და კარავაჯოს ნამუშევრების გამოფენის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. იტალიის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე იმედოვნებს, რომ ორი უდიდესი ხელოვანის ნამუშევრები ქართველი ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვანი შთაგონების წყარო გახდება. „საქართველო სულ უფრო მეტ ტურისტს იზიდავს. შესაბამისად, თბილისი იმსახურებს კიდევ უფრო მაღალი დონის, უფრო ცოცხალ კულტურულ ცხოვრებას და რეალურად ეს არის პროექტ Check in Georgia-ს მიზანი. ჩვენ მზად ვართ, მომავალშიც დავუჭიროთ მხარი მსგავს კულტურულ ღონისძიებებს და ჩვენთვის მაღალი სიმბოლიზმის მქონე სხვა ნამუშევრებიც ჩამოვიტანოთ საქართველოში. ჩვენ მაღალ შეფასებას ვაძლევთ საქართველოს ხელისუფლების მომავალზე ორიენტირებულ მიდგომებს“, - განაცხადა იტალიის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილემ. გიორგი კვირიკაშვილმა და ივან სკალფაროტომ ერთობლივად დაათვალიერეს ბოტიჩელისა და კარავაჯოს ნამუშევრების გამოფენა, რომელიც საქართველოში ნოემბრის ბოლომდე გაგრძელდება.
წაკითხვა
„ნემსის ყუნწის ტრიუმფალური თაღი“- დავით მაღრაძის პოეზიის ახალ კრებულს სანკტ-პეტერბურგში გაეცნენ
გამოქვეყნებულია: 2017-10-04 20:29:00
დავით მაღრაძის პოეზიის ახალ კრებულს ამჯერად სანკტ-პეტერბურგში გაეცნენ. ნემსის ყუნწის ტრიუმფალური თაღის პრეზენტაცია ანა ახმატოვას მუზეუმში მოეწყო.კრებულმა, რომელიც რუსულ ენაზეც არის გამოცემული, მუზეუმში შეკრებილი ცნობილი მწერლებისა და საზოგადო მოღვაწეების განსაკუთრებული მოწონებაც დაიმსახურა.  
წაკითხვა
თელავში, ძველი ბაღის ტერიტორიაზე ღვინის ფესტივალი „თელავინო 2017“ გაიმართება
გამოქვეყნებულია: 2017-10-04 18:50:00
თელავში, ძველი ბაღის ტერიტორიაზე ღვინის ფესტივალი „თელავინო 2017“ გაიმართება. 7 ოქტომბერს ფესტივალზე მისულ სტუმრებს საშუალება ექნებათ, დააგემოვნონ დიდი და მცირე მარნების მიერ წარმოებული 100-მდე სხვადასხვა ტიპის, ღვინო, ჭაჭა და სხვა სასმელები ქართულ ტრადიციულ კერძებთან ერთად. ასევე წარმოდგენილი იქნება გასართობი ღონისძიებები, ფოლკლორული კონცერტი და ქართული ფოკლორული ხელოვნების ნიმუშების გამოფენა. თელავინოს ორგანიზატორი კახეთის მეღვინეთა გილდიაა. ღონისძიების მხარდამჭერია ღვინის ეროვნული სააგენტო.
წაკითხვა
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო კუმურდოს ტაძრის რესტავრაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გამოქვეყნებულია: 2017-10-04 18:33:00
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო კუმურდოს ტაძრის რესტავრაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო კუმურდოს საეპისკოპოსო ტაძრის რესტავრაციის პროცესს გააგრძელებს.„2015 წლიდან დაწყებული არქეოლოგიური კვლევის სამუშაოები, რომელიც დღემდე მიმდინარეობს, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაციის პროცესის დასრულების შემდგომაც წარიმართება. ისტორიული შრეების 2-წლიანმა შესწავლამ, რომლის შედეგადაც ტაძრის ტერიტორიაზე მნიშვნელოვანი არქეოლოგიური არტეფაქები გამოვლინდა, კუმურდოს ეკლესიის სარეაბილიტაციო პროექტის პირველადი ვარიანტი შეცვალა და ის ხელახლა დაკორექტირდა. ამჟამად, დამტკიცებული პროექტის საფუძველზე, ტაძრის კომპლექსური რესტავრაცია, რაც შინაარსობრივად გუმბათისა და დასავლეთის ფერდის მინაშენის აღდგენასაც მოიცავს, მაქსიმალურად იქნება მისადაგებული მის ავთენტურ ფორმასთან. სარეაბილიტაციო სამუშაოების ძირითადი ეტაპის განხორციელებას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო მომავალი წლიდან დაიწყებს. ამ დროისთვის კი არქიტექტორ რესტავრატორთა ჯგუფი კუმურდოს ტაძრის ყველაზე კრიტიკულ უბნებზე აწარმოებს გამაგრებით-სარეაბილიტაციო სამუშაოებს. არქეოლოგიური კვლევისას ტაძრის ტერიტორიაზე აღმოჩენილი საბჭოთა პერიოდში რეპრესირებული მოქალაქეების სამარხის ძვლები, რომელთაც დახვრეტის კვალი აშკარად აღენიშნება,სააგენტოს ინიციატივით, სამომავლოდ ტაძრის გალავნის მიღმა მოწყობილ სპეციალურ სამარხში საკადრისი პატივით დასვენდება. ამ პროცესის განხორციელების შემდეგ კი კუმურდოს ეკლესიის ტერიტორიაზე არქეოლოგიური კვლევის სამუშაოები სრული მასშტაბით გაგრძელდება“, - ნათქვამია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
წაკითხვა
კოლხური ოდა-სახლების შეტანას იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში ითხოვენ
გამოქვეყნებულია: 2017-10-04 18:25:00
იუნესკოს მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში, კოლხური ოდა-სახლების შეტანას ითხოვენ აბაშის საკრებულოს თავმჯდომარე და  მხატვარი რეზო ადამია.  ამ ეტაპზე ინიციატორები ოდა-სახლების გადასარჩენად პროექტს ამზადებენ, რომელსაც კულტურის სამინისტროს უახლოეს მომავალში წარუდგენენ. პროექტის ფარგლებში, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში დაგეგმილია რეზო ადამიას მიერ შექმნილი კოლხური ოდა-სახლების ამსახველი ფერწერული ტილოების გამოფენაც.
წაკითხვა
ევროვიზია 2017 - ევროფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფი საქართველოშია
განახლებულია: 2017-10-04 16:16:00
ევროფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფი საქართველოშია. ჯგუფი 2017 წლის საბავშვო ევროვიზიის ორგანიზატორებთან მართავს შეხვედრას. სამი გამარჯვების შემდეგ, 2017 წლის საბავშვო ევროვიზიის რიგით მე-15 კონკურსი 26 ნოემბერს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ჩატარდება. 2017 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსში მონაწილეობის მისაღებად თბილისში 16 ქვეყნის ახალგაზრდა მომღერალი ჩამოვა.
წაკითხვა
საბავშვო ევროვიზიის წარმომადგენლები ევროფესტივალის საორგანიზაცო ჯგუფის წევრებს შეხვდნენ
გამოქვეყნებულია: 2017-10-04 15:40:00
ევროფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფი თბილისს ეწვია და 2017 წლის საბავშვო ევროვიზიის ორგანიზატორებთან შეხვედრა გამართა. სამი გამარჯვების შემდეგ 2017 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსს საქართველო მასპინძლობს. საბავშვო ევროვიზიის რიგით მე-15 კონკურსი 26 ნოემბერს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ჩატარდება. 2017 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, თბილისს ევროპის 16 ქვეყნის წარმომადგენელი ახალგაზრდა ვარსკვლავი ეწვევა.„შეხვედრაზე გავმართეთ მართვითი ჯგუფის შემადგენლობასთან. განვიხილეთ მიმდინარე პროცესები, ინფორმაცია მივაწოდეთ ჯგუფს იმის შესახებ, თუ რა სტადიაში ვართ ამჟამად. განვიხილეთ ასევე მარკეტინგული საკითხები, როგორ გავაშუქებთ ამას საერთაშორისო ბაზარზე. საუბარი იყო ტრანსპორტირებისა და უსაფრთხოების საკითხებზეც. ასევე სოციალურ პროგრამებსა და იმ სპონსორების შესახებ, რომლებიც გვეხმარებიან და მონაწილეობას იღებენ ამ პროექტში. გავაცანით ჯგუფს ის დარბაზიც, რომელშიც გახსნითი ღონისძიება უნდა ჩატარდეს. საუბარია საპარლამენტო ბიბლიოთეკის დარბაზზე", - განაცხადა საბავშვო ევროვიზიის პროექტის ხელმძღვანელმა სერგი გვარჯალაძემ. 
წაკითხვა
ნობელის პრემიის ლაურეატის ჰაინრიჰ ბიოლის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით ლიტერატურული კონკურსი გამოცხადდა
გამოქვეყნებულია: 2017-10-04 13:47:00
ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის ბიურო და მწერალთა სახლი გერმანელი მწერლის, ნობელის პრემიის ლაურეატის ჰაინრიჰ ბიოლის 100 წლის იუბილის აღსანიშნავად ლიტერატურულ კონკურსს აცხადებს. ლიტერატურულ კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების IX-XII კლასის მოსწავლეებსა და სტუდენტებს, 15-დან 25 წლამდე ახალგაზრდებს. კონკურსში მონაწილეობისთვის სტუდენტებს ჰაინრიჰ ბიოლის რომელიმე მცირე მოთხრობის ან ნაწყვეტის თარგმანის წარდგენა ევალებათ, მოსწავლეებს კი ავტორის ნაწარმოებების მიხედვით შეთავაზებული სამი თხზულებიდან ერთ-ერთის დაწერა. მოსწავლეები ნამუშევარს შეარჩევენ ბიოლის 3 ნაწარმოებიდან, თემებზე :1. ადამიანი ომის ნაკვალევზე – ჰაინრიჰ ბიოლის რომანების „კლოუნის თვალთახედვა“ და „უკაცო სახლის“ მიხედვით;2. ჰაინრიჰ ბიოლი – მწერალი და მოქალაქე;3. ჩემი საყვარელი ნაწარმოები ჰაინრიჰ ბიოლის შემოქმედებიდან.ესეებს და თარგმანებს შეაფასებს ჟიური, რომლის ვინაობა დაჯილდოებამდე კონფიდენციალური იქნება. კვალიფიციური ჟიური პრიზებს რამდენიმე ნომინაციაში გასცემს, გათვალისწინებულია ფულადი ჯილდოც. ორი პირველი პრემია (თხზულებასა და თარგმანში) , ორი მეორე პრემია (თხზულებასა და თარგმანში) – წამახალისებელი პრემია.გამარჯვებულ ახალგაზრდებს გადაეცემათ სიგელები და წიგნების საყიდელი ვაუჩერები.გამარჯვებულების ვინაობა 21 დეკემბერს მწერალთა სახლში გამართულ დაჯილდოებაზე გახდება ცნობილი.
წაკითხვა
სანდრო ბოტიჩელის „ვენერას“ ორიგინალი თბილისში ჩამოიტანეს
გამოქვეყნებულია: 2017-10-04 12:30:00
სანდრო ბოტიჩელის „ვენერას“ ორიგინალი თბილისში დღეს სპეციალური რეისით, უსაფრთხოების ნორმების განსაკუთრებული დაცვით ჩამოიტანეს. ფერწერული ტილო 1930 წლიდან ტურინის „გალერეა საბაუდას“ კოლექციის ნაწილია. ბოტიჩელის კიდევ ორი „ვენერაა“ შემორჩენილი, მათგან ერთი ბერლინის სამხატვრო გალერეაშია დაცული, ხოლო მეორე ჟენევაში კერძო კოლექციაში ინახება. პროექტი ვენუს პუდიცა, რომლის ფარგლებშიც ნამუშევარი თბილისს სტუმრობს, განხორციელებულია ტურინის სამეფო მუზეუმებთან და კულტურული ასოციაცია „მეტამორფოზასთან“ თანამშრომლობით. ბოტიჩელის ნამუშევრის ორიგინალი 5 ოქტომბრიდან  29 ნოემბრის ჩათვლით ეროვნულ გალერეაში ასევე იტალიელი მხატვრის, კარავაჯოს ნამუშევრების რეპროდუქციებთან ერთად იქნება წარმოდგენილი. გამოფენა „ჩექ ინ ჯორჯიას“ ფარგლებში იმართება.
წაკითხვა
ალექსანდრე აქუარიუსი - ადამიანი, რომლის ხელშიც ქართული დამწერლობა ხელახლა იბადება
გამოქვეყნებულია: 2017-10-03 20:55:00
წაკითხვა
თეატრმცოდნეები თეატრის შესახებ ოთხი წლის წინ მიღებული კანონის შეცვლას ითხოვენ
გამოქვეყნებულია: 2017-10-03 20:20:00
თეატრალების ნაწილი პარლამენტს მიმართავს. თეატრმცოდნეები თეატრის შესახებ ოთხი წლის წინ მიღებული კანონის შეცვლას ითხოვენ. უკმაყოფილება დოკუმენტის იმ მუხლის გარშემოა, რომელიც თეატრებში სამხატვრო ხელმძღვანელების დანიშვნის წესს და მათ ფუნქციებს ეხება. კანონმდებლობის შეცვლის ინიციატორები პოზიციას ცოტა ხნის წინ ჩატარებულ კონკურსზე გამოვლენილი ხარვეზებით ამყარებენ.  
წაკითხვა
სანდრო ბოტიჩელის „ვენერა“ საქართველოში ჩამოიტანეს
გამოქვეყნებულია: 2017-10-03 19:03:00
სანდრო ბოტიჩელის „ვენერა“ საქართველოშია. ნამუშევრის ორიგინალი დღეს სპეციალური რეისით, უსაფრთხოების ნორმების განსაკუთრებული დაცვით ჩამოიტანეს. ფერწერული ტილო 1930 წლიდან ტურინის „გალერეა საბაუდას“ კოლექციის ნაწილია. ბოტიჩელის კიდევ ორი „ვენერაა“ შემორჩენილი, მათგან ერთი ბერლინის სამხატვრო გალერეაშია დაცული, ხოლო მეორე ჟენევაში კერძო კოლექციაში ინახება. საბაუდას გალერეაში დაცულ ტილოზე ავტორი ვენერას მუქ ფონზე გამოსახავს. პროექტი venus pudica, რომლის ფარგლებშიც ნამუშევარი თბილისს სტუმრობს, განხორციელებულია ტურინის სამეფო მუზეუმებთან და კულტურული ასოციაცია „მეტამორფოზასთან“თანამშრომლობით.ბოტიჩელის ნამუშევრის ორიგინალი ორი თვის განმავლობაში, 5 ოქტომბრიდან 29 ნოემბრის ჩათვლით საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში ასევე იტალიელი მხატვრის, კარავაჯოს ნამუშევრებთან ერთად იქნება წარმოდგენილი. ორ იტალიურ გამოფენას სახელწოდება - „უნივერსალური ღირებულებები: ბოტიჩელი-სილამაზე, კარავაჯო-სინათლე“ აერთიანებს. პროექტის კოორდინატორია საქართველოში იტალიის საელჩო. გამოფენა „ჩექ ინ ჯორჯიას“ ფარგლებში იმართება.
წაკითხვა