საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

ოპერისა და ბალეტის თეატრში გია ყანჩელის კონცერტი გაიმართება
გამოქვეყნებულია: 2009-06-18 18:00:20
საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრი ხვალ თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში გია ყანჩელის საავტორო კონცერტს წარმოადგენს. შესრულდება გია ყანჩელის სამი ნაწარმოები – "იავნანა მზეს", "ვალს ბოსტონი" და "სტიქსი". ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან და საგუნდო კაპელასთან ერთად, რომელსაც ნიკა მემანიშვილი უდირიჟორებს, სოლისტის რანგში ბრიტანელი მაქსიმ რიზანოვი წარსდგება.
წაკითხვა
სენაკის თეატრში "ვეფხისტყაოსანს" წაიკითხავენ
გამოქვეყნებულია: 2009-06-17 13:18:57
სენაკის თეატრში "ვეფხისტყაოსანს" საჯაროდ წაიკითხავენ. შოთა რუსთაველის ნაწარმოებს ცნობილი ადამიანები, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები, ასევე სამხედრო მოსამსახურეები წაიკითხავენ. ღონისძიებას პარლამენტარებიც დაესწრებიან. "ვეფხისტყაოსნის" კითხვის დღე წელს მეექვსედ ეწყობა. იდეა მწერალ დათო ტურაშვილს, გამომცემლობა "ლიტერას" და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეკუთვნის. მარათონში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.
წაკითხვა
ბათუმში სახალხო თეატრების კვირეული გაიხსნა
გამოქვეყნებულია: 2009-06-16 11:25:08
ბათუმში სახალხო თეატრების კვირეული გაიხსნა. რამდენიმე წელია ბათუმში ასეთი ფესტივალის ჩატარება, რომელშიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონის თეატრები მონაწილეობენ, ტრადიციად იქცა. წელს ღონისძიებაში საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის მიერ შერჩეული სახალხო თეატრები მონაწილეობენ. პროგრამის მიხედვით, სპექტაკლების შემდეგ დისკუსიები და მასტერკლასები მოეწყობა. კვირეული ოფიციალურად 17 ივნისს დაიხურება.
წაკითხვა
მაგთიკომის ოფისში პროექტის "აქ საქართველოა" პრეზენტაცია გაიმართა
გამოქვეყნებულია: 2009-06-11 17:21:30
აქ საქართველოა - ასე ეწოდება პროექტს, რომლის პრეზენტაცია დღეს მაგთიკომის ოფისში გაიმართა. პროექტი სამ ფილმს აერთიანებს და მასში ორიგინალურად არის მოთხრობილი ისტორიები საქართველოს სხვადახვა კუთხეების შესახებ. პროექტის მიზანი ქართული კულტურის და სპორტის მხარდაჭერაა. მიკროფილმები "ნეო-სტუდიასთან" ერთად არის გადაღებული და ამ პროექტის გაგრძელებას მაგთი კვლავ აპირებს. დაგეგმილია ასევე სამი ფილმის გადაღება. მომავალი კვირიდან მაგთის ფილმები ქართულ ტელეეკრანეებზეც გამოჩნდება.
წაკითხვა
მთაწმინდის პარკში სტუდენტური ფესტივალის დახურვის ცერემონია გაიმართა
გამოქვეყნებულია: 2009-06-11 13:38:10
მთაწმინდის პარკში სტუდენტური ფესტივალი "ერის ხმის" დახურვის ცერემონია გაიმართა. ფოლკლორული ფესტივალი თბილისის მერიის ინიციატივითა და დაფინანსებით, საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების მონაწილეობით ყოველწლიურად ტარდება. მისი მიზანია ქართული ფოლკლორის პოპულარიზაცია და ეროვნული ღირებულებების შენარჩუნებაში სტუდენტობის მაქსიმალური ჩართვა. ფესტივალის დახურვის ცერემონიალს თბილისის მერის მოადგილე ნიკოლოზ ხაჩირაშვილი და სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გია ხუბუაც ესწრებოდნენ. ფესტივალის დახურვის ცერემონიალი გვიან საღამოს ფოიერვერკით დასრულდა.
წაკითხვა
თბილისში საიათნოვას მემორიალი გაიხსნა
გამოქვეყნებულია: 2009-06-07 16:17:14
ლესელიძის ქუჩასთან მდებარე მეიდანზე საიათნოვას მემორიალი გაიხსნა. წითელი ლენტი დღეს დედაქალაქის მერმა გიგი უგულავამ საქართველოში ვიზიტად მყოფ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ედუარდ ნალბანდიანთან ერთად გაჭრა. საიათნოვას მემორიალი მისი ხელნაწერის კომპოზიციაზეა აგებული, რომელზეც ამოტვიფრული ლექსი ოთხ – ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და სპარსულ ენებზეა შესრულებული. საიათნოვას მემორიალური კომპოზიციის პროექტზე კონკურსი მარტის თვეში გამოცხადდა და გამარჯვებული გია ჯაფარიძის და კახა ქორიძის ნამუშევარი გახდა. მემორიალის გახსნასთან დაკავშირებით, მეიდანზე შეკრებილი საზოგადოებისთვის სომხური ნაციონალური ცეკვები და სიმღერები შესრულდა.
წაკითხვა
ეთნოგრაფიულ მუზეუმში გამოფენა - "გახსენი" გაიხსნება
გამოქვეყნებულია: 2009-06-01 16:46:22
ეთნოგრაფიულ მუზეუმში დღეს თანამედროვე მხატვართა გამოფენა გაიხსნა, სახელწოდებით "გახსენი". მხატვრებმა გამოფენა საქართველოში არსებულ პოლიტიკურ მდგომარეობას მიუძღვნეს და აქედან გამომდინარეობს გამოფენის ნიუანსური სათაურიც.
წაკითხვა
ეთნოგრაფიულ მუზეუმში გამოფენა - "გახსენი" გაიხსნება
გამოქვეყნებულია: 2009-05-31 16:25:07
"გახსენი", - ამ ორაზროვანი სათაურით ეთნოგრაფიულ მუზეუმში ხვალ გამოფენა გაიხსნება. მოსამზადებელი სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. ექსპოზიციაში 30 მხატვარი მონაწილეობს, წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა სპეციფიკით შესრულებული თანამედროვე ხელოვნების ნიმუშები. ორგანიზატორების თქმით, სათაური - "გახსენი" მეტაფორაა, რომელსაც თითოეული მხატვარი და დამთვალიერებელი მისთვის შესატყვის კონტექსტს მოუფიქრებს.
წაკითხვა
ფიროსმანის მუზეუმში პიკასოს ნამუშევრები გამოიფინა
გამოქვეყნებულია: 2009-05-30 16:05:25
გრანდიოზული გამოფენა, რომელზეც პაბლო პიკასოს 40 ტილო გამოიფინა, სიღნაღში, ფიროსმანის მუზეუმში დღეს გაიხსნა. მუზეუმში ნახატები 23 ივნისამდე დარჩება, შემდეგ კი მათ თბილისისა და ბათუმის საგამოფენო დარბაზები უმასპინძლებენ. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი კოლექცია ბოლო რამდენიმე წელია საფრანგეთში, ზერვოსის მუზეუმში ინახება. უნიკალური ნახატები საქართველოში 3 თვეს დარჩება.
წაკითხვა
“ლიტერატურული სახელოსნო” გალაკტიონის დღეებს დააარსებს
გამოქვეყნებულია: 2009-05-29 13:41:09
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებული “ლიტერატურული სახელოსნო” გალაკტიონის დღეებს დააარსებს. ყოველი წლის მაისში 2-3 დღის განმავლობაში გალაკტიონისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ჩატარდება. უნივერსიტეტის სტუდენტებმა გალაკტიონის დღეები წელს პირველად მოაწყვეს. მათ პოეტის ლექსები და მასზე მოგონებები წაიკითხეს. ღონისძიებას პოეტები და მეცნიერები დაესწრნენ. ორგანიზატორები ჭყვიშში ჩასვლას და იქ გალაკტიონის საღამოს ჩატარებასაც გეგმავენ.
წაკითხვა
მიხეილ სააკაშვილმა შოთა რუსთაველისა და ეროვნული პრემიების ლაურეატები დააჯილდოვა
გამოქვეყნებულია: 2009-05-25 20:50:09
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შოთა რუსთაველის სახელობისა და საქართველოს ეროვნული პრემიების ლაურეატები დააჯილდოვა. დაჯილდოების ღონისძიება კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროში გაიმართა. საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 2 ივლისის ბრძანებულების თანახმად, ხელოვნებისა და მეცნიერების დარგში შოთა რუსთაველის სახელობისა და ეროვნული პრემიების გაცემა განახლდა. კონკურსი ხელოვნებისა და მეცნიერების დარგში პრემიების მოსაპოვებლად ორ წელიწადში ერთხელ ცხადდება. შოთა რუსთაველის პრემიის ლაურეატები გახდნენ – პოეტი იზა ორჯონიკიძე, არქიტექტორი ვაჟა ორბელაძე, მხატვარი ჯიბსონ ხუნდაძე. მათ ლაურეატის დიპლომი, ოქროს მედალი და ფულადი ჯილდო 15 000 ლარი გადაეცათ. საქართველოს ეროვნული პრემიის ლაურეატები გახდნენ მეცნიერთა ორი ჯგუფი, ასევე, მხატვარი ემილ ბურჯანაძე, მომღერალი თემურ ქევხიშვილი, მუსიკათმცოდნე მანანა ახმეტელი, მოცეკვავე ომარ მხეიძე და მხატვარი ზურაბ ნიჟარაძე. მათ გადაეცათ დიპლომი, ვერცხლის მედალი და ფულადი ჯილდო 10 000 ლარის ოდენობით.
წაკითხვა
რუსთაველის თეატრში ჯგუფ "სინათლის წელიწადის" საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა
გამოქვეყნებულია: 2009-05-22 13:59:50
რუსთაველის თეატრში ჯგუფ "სინათლის წელიწადის" საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა. შემოსული თანხა აგვისტოს ომის დროს დაღუპული ვახტანგ გზირიშვილის ფონდში გადაირიცხება და ეკლესიის მშენებლობას მოხმარდება. კონცერტზე სულ 16 კომპოზიცია შესრულდა, რომელსაც ჯგუფი "სინათლის წელიწადი", მარიამ როინიშვილი, მგზავრები და ემ-ქეი ასრულებდნენ. ბილეთი 5-დან 10 ლარამდე ღირდა. კონცერტის ორგანიზატორები ბავშვთა ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი, თბილისის მერია და კულტურის სამინისტრო, საინფორმაციო მხარდამჭერი კი საზოგადოებრივი მაუწყებელი იყო. კონცერტი პატრიარქის ლოცვა–კურთხევით გაიმართა.
წაკითხვა
რუსთაველის თეატრში "სინათლის წელიწადი" საქველმოქმედო კონცერტს გამართავს
გამოქვეყნებულია: 2009-05-20 18:49:25
რუსთაველის თეატრში ჯგუფი "სინათლის წელიწადი" ხვალ საქველმოქმედო კონცერტს გამართავს. შემოსული თანხა აგვისტოს ომის დროს დაღუპული ვახტანგ გზირიშვილის ფონდში გადაირიცხება და ეკლესიის მშენებლობას მოხმარდება. კონცერტზე სულ 16 კომპოზიცია შესრულდება, რომელსაც ჯგუფი "სინათლის წელიწადი", მარიამ როინიშვილი, "მგზავრები" და "ემ ქეი" შეასრულებენ. ბილეთი 5-დან 10 ლარამდე ეღირება. კონცერტის ორგანიზატორები ბავშვთა ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი, თბილისის მერია და კულტურის სამინისტროა, საინფორმაციო მხარდამჭერი კი საზოგადოებრივი მაუწყებელი.
წაკითხვა
ნიკო ფიროსმანის გამოფენა გაიხსნა
გამოქვეყნებულია: 2009-05-19 18:06:29
შალვა ამირანაშვილის სახელობის მუზეუმში, მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ნიკო ფიროსმანის გამოფენა გაიხსნა. ექსპოზიციაზე მხატვრის 34 ტილოა წარმოდგენილი, მათ შორის პიკასოს მიერ დახატული ნახატი, რომელიც მხატვარმა სპეციალურად ფიროსმანს მიუძღვნა.
წაკითხვა
მუზეუმების საერთაშორისო დღე აღინიშნება
გამოქვეყნებულია: 2009-05-18 17:53:41
მუზეუმების საერთაშორისო დღეს თბილისში კულტურის სამინისტროს ინიციატივით, ორი კრებული – სამუზეუმო ექსპონატების სახელმძღვანელო და სმირნოვების სახლი გამოიცა. კრებულები საჩუქრად თბილისის ყველა მუზეუმს გადაეცემა. დღესვე ეროვნული მუზეუმების მუშაობის წლის შემაჯამებელი ანგარიში წარმოადგინეს, რომელსაც იუნესკო–ს წარმომადგენელიც დაესწრო. მსოფლიო 18 მაისს მუზეუმების საერთაშორისო დღეს 30 წელზე მეტია აღნიშნავს. ეროვნული მუზეუმი უერთდება ამ ტრადიციას და 18-დან 24 მაისამდე საზოგადოებას სამუზეუმო კვირეულს სთავაზობს.
წაკითხვა
"თბილისი ოფენ ეარის" დახურვას მიხეილ სააკაშვილი დაესწრო
გამოქვეყნებულია: 2009-05-18 10:30:09
საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის "თბილისი ოფენ ეარის"(რომელსაც ალტერვიზიასაც უწოდებენ)დახურვას იპოდრომზე, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც დაესწრო. ფესტივალი "ევროვიზიის" იდეურად დაპირისპირების მიზნით ჩატარდა და როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, ის პოლიტიკისა და კლიშეებისგან თავისუფალი, ევროპული კულტურული სულის მატარებელი ფესტივალია, განსხვავებით "ევროვიზიისგან", რომელიც, მათი თქმით, პოლიტიკური ბრძოლის არენად არის ქცეული. როგორც მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, ამ ფესტივალზე გამორჩეული ევროპული ჯგუფების მონაწილეობა საქართველოს მიმართ ევროპის სოლიდარობის გამოხატულებაა.
წაკითხვა
სკოლა "სადუნის" მოსწავლეებმა ჯემალ ქარჩხაძის ვებ გვერდი შექმნეს
გამოქვეყნებულია: 2009-05-17 16:48:12
საჯარო სკოლა "სადუნის" მოსწავლეებმა მწერალ ჯემალ ქარჩხაძის ვებ გვერდი შექმნეს. ინტერნეტ გვერდზე მწერლის ბოიგრაფია, ნაწარმოებები, მათზე შექმნილი კრიტიკული წერილები და მოგონებები განთავსდა. საიტის პრეზენტაცია საგურამოში ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში გაიმართა. მოსწავლეებმა მწერლის ნაწარმოებებიდან ნაწყვეტებიც წაიკითხეს. ღონისძიებას მწერლები და ჯემალ ქარჩხაძის ოჯახის წევრებიც დაესწრნენ.
წაკითხვა
დასავლური ტელეკომპანიები თბილისში მიმდინარე საერთაშორისო ფესტივალს აშუქებენ
გამოქვეყნებულია: 2009-05-16 16:47:35
დასავლური ტელეკომპანიები თბილისში მიმდინარე საერთაშორისო ფესტივალს ”თბილსი ოუფენ ეარ” აქტიურად აშუქებენ. ჟურნალისტები ყვებიან, რომ ეს მოსკოვში ჩატარებული ერვოვიზიის ერთგვარი ალტერნატივაა, რადგან ქართველი შემსრულებლების სიმღერა ევროვიზიის კომისიამ პოლიტიკურად შეაფასა და კონკურსზე არ დაუშვა. როგორც "ევრონიუსის" ჟურნალისტი ყვება ქართული ალტერნატიული ფესტივალი ყველანაირი პოლიტიკისა და კლიშეებისგან თავისუფალია. ”თბილსი ოუფენ ეარ” გუშინ შარდენზე გაიხსნა, დღეს კი კონცერტი იპოდრომზე გაიმართება. ”თბილისი ოუფენ ეარის” პირდაპირ ტელეტრანსლაციას 18.00 საათიდან პირველი არხი შემოგთავაზებთ.
წაკითხვა
რუსთაველის თეატრში აქცია-კონცერტი გაიმართება
გამოქვეყნებულია: 2009-05-16 14:14:50
“თქვენ ვერ წაშლით ნაკვალევს”, - ასე ეწოდება აქცია-კონცერტს, რომელიც 21 მაისს რუსთაველის თეატრში გაიმართება. კონცერტი აგვისტოში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას ეძღვნება. აქცია–კონცერტის ორგანიზატორი ჯგუფი “სინათლის წელიწადია”. კონცერტიდან შემოსული თანხა ვახტანგ გზირიშვილისა და მისი თანამებრძოლების საქველმოქმედო ფონდში გადაირიცხება. ბილეთების ფასი მინიმალურია და მისი შეძენა მსურველებს დღეიდან შეუძლიათ.
წაკითხვა
საბავშვო ევროვიზიის შიდაშესარჩევი კონკურსის პირველი ეტაპი დასრულდა
გამოქვეყნებულია: 2009-05-05 17:59:32
საბავშვო ევროვიზიის საქართველოს შიდაშესარჩევი კონკურსის პირველი ეტაპი დასრულდა.საზოგადოებრივ მაუწყებელში, მთელი საქართველოდან, ერთი თვის განმავლობაში 500-ზე მეტი განაცხადი შემოვიდა. მაისის შუა რიცხვებში კომპეტენტური ჟიური ბავშვებს შეარჩევს,რომლებიც მაყურებლის წინაშე სექტემბერში ნაციონალურ ფინალზე წარსდგებიან.კონკურსანტებიდან საუკეთესოს ჟიური და მაყურებელი SMS-ების საშუალებით გამოავლენენ. საქართველოს შიდაშესარჩევი კონკურსის გამარჯვებული უკრაინაში, კიევში გაემგზავრება,სადაც 2009 წლის საბავშვო ევროფესტივალში მიიღებს მონაწილეობას. საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსში საქართველო მესამედ მონაწილეობს.2007 წელს მარიამ რომელაშვილმა ევროფესტივალზე მეოთხე ადგილი დაიკავა,ხოლო 2008 წელს ჯგუფმა ,,ბზიკებმა” გამარჯვება მოიპოვეს.
წაკითხვა

უახლესი