საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

უშგულში მურყვამი (კოშკი) ჩამოინგრა - [ფოტო]
გამოქვეყნებულია: 2017-06-22 22:46:00
უშგულში, სოფელ ჩვიბიანში მურყვამი (კოშკი) ჩამოინგრა.როგორც საზოგადოებრივს მესტიის გამგებელმა კახა ჟორჟოლიანმა განუცხადა, კოშკის ჩამონგრევის მიზეზი სვანეთში ბოლო დღეებში წვიმიანი ამინდი გახდა.ამასთან, როგორც გამგებელმა აღნიშნა, დანგრეულია კოშკზე მიდგმული სახლი.შემთხვევის შედეგად, კახა ჟორჟოლიანის თქმით, არავინ დაზარალებულა. „21 დღე თითქმის ყოველდღე წვიმს. წვიმამ ალბათ კედლებში გაჟონა და მოხდა სამწუხარო ფაქტი. ერთი კოშკი დაინგრა.კოშკის ჩამონგრევის შედეგად არავინ დაზარალებულა, დაინგრა კოშკზე მიმდგარი სახლი“,- განაცხადა კახა ჟორჟოლიანმა.მესტიის გამგებლის ინფორმაციით, სვანეთში 150-მდე კოშკი სავალალო მდგომარეობაშია.„ცუდია, რომ არც მოსახლეობა უვლის. კუ​ლტურის სამინისტროს რაც შეეხება, დაახლოებით, უკვე აღდგენილი აქვს 50-მდე კოშკი“,- აღნიშნა გამგებელმა. მისივე თქმით, ადგილზე ჩავლენ სპეციალისტები და ამის შემდეგ გადაწყდება, კოშკის აღდგენითი სამუშაოების დაწყების პროცესი.ფოტოები სოციალურ ქს
წაკითხვა
ქუთაისში, ფალიაშვილის ქუჩაზე ყოფილი კულტურის სახლის შენობიდან ბათქაში ჩამოვარდა
გამოქვეყნებულია: 2017-06-22 20:22:00
ქუთაისში, ფალიაშვილის ქუჩაზე ყოფილი კულტურის სახლის შენობიდან ბათქაში ჩამოვარდა. თვითმხილველების თქმით, შენობის წინ გაჩერებაზე მდგომ მგზავრებს ფასადის ნაწილი მცირე მანძილით აცდა. „ქარისა და წვიმის დროს შენობა იშლება და კედლის ნაწილები ქუჩაში იყრება. აქ არის აფთიაქი, გარე ვაჭრობა და გაჩერება, ამიტომ სულ ხალხი მოძრაობს. უკვე წლებია ვითხოვთ შენობს ყურადღება მიაქციონ, ვიდრე ვინმეს იმსხვერპლებს“, - განაცხადა „მოამბესთან“ საუბრისას რეზო გვენეტაძემ, რომელიც ყოფილი კულტურის სახლის შენობაში პირველ სართულზე არსებული ფართის მფლობელია. მე-19 საუკუნის ბოლოს აგებული შენობა, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, რამდენიმე წლის წინ მერიამ ისრაელში დარეგისტრირებულ კომპანია „შიტრიტ ჯგუფზე“ გაასხვისა, თუმცა მფლობელმა აღებული ვალდებულებები არ შეასრულა. ქუთაისის მერია შენობის ქალაქის საკუთრებაში დაბრუნებას უკვე ერთი წელია ცდილობს. ადგილობრივ ხელისუფლებაში განმარტავენ, რომ პროცესში ეკონომიკის სამინისტრო ჩაერთო და ნაგებობის მფლობელ ებრაულ კომპანიასთან მოლაპარაკებებს სამინისტრო აწარმოებს. 
წაკითხვა
კულტურის მინისტრი თეატრისა და კინოს უნივერსიტეტს რეკომენდაციით მიმართავს
გამოქვეყნებულია: 2017-06-22 19:54:00
კულტურის მინისტრი თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტს რეკომენდაციით მიმართავს. საქმე ეხება თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტის მისაღები გამოცდის ერთ-ერთ მოთხოვნას, რომელიც სახალხო დამცველმა დისკრიმინაციულად მიიჩნია.„ჩემი რეკომენდაცია იყო და ჩემი თხოვნაც თეატრალური უნივერსიტეტისადმი, რომ შესაბამის არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ომბუდსმენის აპარატთან მოწყობილიყო შეხვედრა და მათი პოზიცია უფრო მკაფიოდ ყოფილიყო არგუმენტირებული ყველა იმ ადამიანის თუ ორგანიზაციის საყურადღებოდ, ვისაც აქვს პრეტენზია და ამ თემასთნ დაკავშირებით ერთიან პოზიციაზე ჩამოყალიბებულიყვნენ. არგუმენტები, რომელიც აქვს თეატრალურ უნივერსიტეტს, ნამდვილად არ არის მოკლებული შინაარსს“, - აცხადებს მიხეილ გიორგაძე. მისივე განმარტებით, თავდაპირველად ჩანაწერი მასაც ცალსახად დისკრიმინაციული ეჩვენა, თუმცა უნივერსიტეტის არგუმენტების მოსმენის შემდეგ, ერთმნიშვნელოვნად ასეთი შთაბეჭდილება აღარ აქვს.მინისტრი თვლის, რომ კონსულტაციების შედეგად, უნივერსიტეტმა უნდა გადაწყვიტოს, ამოიღებს თუ დატოვებს მსგავს ჩანაწერს. შეგახსენებთ, საქმე ეხება დრამის ფაკულტეტზე შესარჩევი კონკურსისათვის (შემოქმედებითი ტურისათვის) დადგენილ წესებსა და მოთხოვნებში არსებულ ჩანაწერს, რომლის თანახმად, დრამისა და კინოს მსახიობის პროგრამული კონცენტრაციის I ტურში მოწმდება აქვს თუ არა აბიტურიენტს გამოუსწორებელი ორგანული დეფექტი, რომელიც შეუთავსებელია პროფესიულ მოთხოვნებთან. სახალხო დამცველის აპარატმა ეს ჩანაწერი დისკრიმინაციულად მიიჩნია და უნივერსიტეტს მისი ამოღების რეკომენდაციით მიმართა.
წაკითხვა
ხელოვნების სასახლეში ოთარ მეგრელიძის პერსონალური გამოფენა გაიხსნა
გამოქვეყნებულია: 2017-06-22 19:22:00
ხელოვნების სასახლეში ოთარ მეგრელიძის პერსონალური გამოფენა გაიხსნა. ექსპოზიციაზე 100-მდე ნამუშევარია წარმოდგენილი, რომელიც გრაფიკულ და კალიგრაფიულ მხატვრობას და "ქართული პორტრეტების სერიას" აერთიანებს. სპეციალურად გამოფენისთვის დაიბეჭდა მხატვრის კატალოგიც. ოთარ მეგრელიძის ნამუშვრები არაერთხელ გამოიფინა საქართველოს, ჰოლანდიის, გერმანიის, უკრაინის აზერბაიჯანისა და იუგოსლავიის სხვადასხვა ქალაქებში. მისი ნახატები დაცულია იაპონიის, საფრანგეთის, ინგლისის, აშშს, ჰოლანდიის, ესპანეთის, გერმანიის და სხვა მრავალი ქვეყნის კერძო კოლექციებში.ექსპოზიცია დღეს კულტურის მინისტრმაც დაათვალიერა. გამოფენა ქართული ხელოვნების ფესტივალის "ქართული სულის" ფარგლებში მერიის მხარდაჭერით იმართება და 30 ივნისამდე გაგრძელდება.
წაკითხვა
GEM fest-სა და რადიო „ენერჯი“ 104.7-ს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
განახლებულია: 2017-06-22 18:38:00
ელექტრონული მუსიკის ფესტივალ ჯემ ფესტსა და რადიო ენერჯი 104.7 შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. რადიო ენერჯი, რომელიც პოპულარული ევროპული მუსიკალური რადიოსადგურის ენერჯი ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, ფესტივალის საერთაშორისო საინფორმაციო მხარდაჭერას უზრუნველყოფს დასავლეთ ევროპის ქვეყნებში, რუსეთსა და აზიის ქვეყნებში. რადიოს სტუდია განთავსდება ჯემ ფესტის ტერიტორიაზე. რადიო ენერჯი მსოფლიოს 14 ქვეყანაში მაუწყებლობს. 
წაკითხვა
თბილისში დაგეგმილი ბრაიან ინოს ინსტალაცია გადაიდო
გამოქვეყნებულია: 2017-06-22 18:32:00
თანამედროვე მუსიკისა და ვიზუალური ხელოვნების ფესტივალზე დაგეგმილი ვიზუალური ხელოვნებისათვის მიძღვნილი გარკვეული ნაწილი დროებით გადაიდო, მათ შორის თანამედროვე მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთი საკულტო ფიგურის ბრაიან ინოს ინსტალაცია, რომელსაც მაყურებელი 30 ივნისს SouFest-ზე ელოდა."ძვირფასო მსმენელებო და მაყურებლებო, გაცნობებთ, რომ ტექნიკური მიზეზებისა და განრიგში დაუგეგმავი ცვლილებების გამო, ფესტივალის ვიზუალური ხელოვნებისათვის მიძღვნილი გარკვეული ნაწილი დროებით გადაიდო (დღევანდელი Raster Noton-ის გამოფენა „White Circle” და ბრაიან ინოს ინსტალაცია “The Ship”). ფესტივალისათვის ეს კოლაბორაციები ძალიან მნიშვნელოვანია და გვსურს ეს გამოცდილება მაქსიმალურად საინტერესო გავხადოთ თქვენთვის. ამიტომაც, აღნიშნული ღონისძიებები ახლო მომავალში სპეციალურ ციკლად მოგვევლინება. მანამდე კი დიდ მადლობას ვუხდით თანამშრომლობისათვის ჩვენს პარტნიორებსა და მხარდამჭერებს: „პროპაგანდა“-ს და საქართველოს ეროვნულ მუზეუმს", - წერია ფესტივალის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
წაკითხვა
ჟურნალი ELLE თბილისის მოდის კვირეულისა და საქართველოს შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს
გამოქვეყნებულია: 2017-06-22 17:12:00
​ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და აღიარებული მოდის ჟურნალი ELLE თბილისის მოდის კვირეულის, მათი რჩეული ქართველი დიზაინერების, კულტურისა და საქართველოს შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს. სტატიაში დეტალურადაა აღწერილი ქართველი დიზაინერების საქმიანობა, როგორც თბილისში, ასევე, ევროპის სხვადასხვა ქალაქებში. სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ ქართული მოდა სწრაფად იმკვიდრებს საკუთარ ადგილს საერთაშორისო ასპარეზზე. ასევე ჟურნალის ოფიციალური ვებგვერდი მკითხველს ფოტო და ვიდეო მასალას სთავაზობს, სადაც ქართველი მოდელი სხვადასხვა დიზაინერის ლუქშია წარმოდგენილი.   მასალა თბილისსა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტში არის მომზადებული.  
წაკითხვა
სოფელ ტანძიაში „საბაობა 2017“ 25 ივნისს აღინიშნება
გამოქვეყნებულია: 2017-06-22 15:52:00
სოფელ ტანძიაში საერთო-სახალხო დღესასწაული „საბაობა2017“ 25 ივნისს აღინიშნება. ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, დიდი ქართველი მწერლის დაბადებიდან 359-ე წლისთავი სულხან-საბა ორბელიანის მშობლიურ სოფელ ტანძიაში მასშტაბურად ჩატარდება. ღონისძიების ფარგლებში კულტურული, სპორტული და შემეცნებითი აქტივობები გაიმართება.მუზეუმის დარბაზში 12:00 საათზე ჩატარდება 2015-2016 წელს კურსამთავრებული 17 მედალოსანის (10 ოქრო და 7 ვერცხლი) დაჯილდოების ცერემონიალი; 13:30 წუთზე წმ. ნიკოლოზის სახელობის ორბელიანების საგვარეულო ეკლესიაში აღევლინება სულხან-საბა ორბელიანის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი. პროგრამის ფარგლებში სტუმრებს სხვადასხვა სახეობის ქართული ღვინის დეგუსტაცია შეეძლებათ. ამასთან, მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა და სოფლის მეურნეობის ქართული პროდუქციისა და ნუგბარის დეგუსტაცია.13:00 საათზე კონცერტი ,,საბაობა-2017“ დაიწყება, რომელშიც მონაწილეობას ბოლნისის კულტურის სახლთან არსებული შემოქმედებითი კოლექტივები მიიღებენ.ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია შავფაროსნების სოლო წარმოდგენა ცოცხალი მუსიკის თანხლებით. წარმოდგენილი იქნება ქართული საბრძოლო ხელოვნების, იარაღისა და სამოსის ჩვენება.
წაკითხვა
„გისოსებს მიღმა“ - პანტომიმის თეატრში 30 ივნისს ირაკლი ბიბილურის სპექტაკლის პრემიერა გაიმართება
გამოქვეყნებულია: 2017-06-22 12:48:00
პანტომიმის თეატრში 30 ივნისს ირაკლი ბიბილურის სპექტაკლის პრემიერა „გისოსებს მიღმა“ გაიმართება.სპექტაკლი რეჟისორის მიერ სარკასტულ-იუმორისტული ხერხით გადმოცემული სათქმელია, რომელიც სამართალდამცავებისა და პატიმრების ურითიერთობაზეა აგებული. სპექტაკლის მიხედვით, პოლიციელები, რომლებიც კრიმინალში ამხელენ დამნაშავეებს, მათი დაკავების დროს თავადვე ხდებიან სამართალდამრღვევები და ეხვევიან კორუფციის ბადეში. მოქმედება სასამართლოსა და ციხეში ვითარდება. „გისოსებს მიღმა“ კონკრეტული გმირის ისტორიას მოგვითხრობს, რომელიც დანარჩენ პატიმრებთან ერთად გამოსავალს პოულობს. პანტომიმის თეატრის მსახიობი ირაკლი ბიბილური რეჟისორის ამპლუაში მეორედ გვევლინება. მისი პირველი ნამუშევარი „წელიწადის 4 დრო“ მაყურებელმა 2015 წელს ნახა. მისი რიგით მეორე სპექტაკლი, სადებიუტო ნამუშევრისგან სრულიად განსხვავდება.„გისოსებს მიღმა“ პრემიერა 30 ივნისსა და 1 ივლისს 20:00 საათზე გაიმართება. 
წაკითხვა
15 აგვისტოს, „ბლექ სი არენა“-ზე ირაკლი ჩარკვიანის საღამო გაიმართება
გამოქვეყნებულია: 2017-06-22 12:31:00
15 აგვისტოს,"ბლექ სი არენა"-ზე ირაკლი ჩარკვიანის საღამო "ირაკლი ჩარკვიანი - ისტორია" გაიმართება. საღამოზე მუსიკოსის ყველაზე პოპულარული სიმღერები შესრულდება.კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით, სტეფანე, ოთო ნემსაძე, ნინა სუბლატი, ლევან მასპინძელაშვილი, მარიკო ლეჟავა, მაია დარსმელიძე, გვანცა ჯაფარიძე, თიკა ბალანჩინი & NEW ONE BAND, SOFT EJECT, GREEN ROOM, რობი კუხიანიძე & OUTSIDER, LoudSpeakers და EKO & VINDA FOLIO.კონცერტის მსვლელობისას სცენაზე დამონტაჟებულ ეკრანზე წარმოდგენილი იქნება მუსიკოსის უცნობი ფოტოებისა და ვიდეო მასალისგან შექმნილი ინსტალაციები. საღამოს გელა ჩარკვიანი წაიყვანს. კონცერტი პროექტის Сheck in Georgia-ს ფარგლებში იმართება.ბილეთების ონლაინ შეძენა შესაძლებელი იქნება 23 ივნისიდან biletebi.ge-ზე, ხოლო მოგვიანებით, დაიწყება ბილეთების ფიზიკური სახით გაყიდვა - თბილისში, ბათუმში, ქუთაისსა და ქობულეთში, რის შესახებაც დეტალური ინფორმაცია, წინასწარ გახდება ცნობილი. ბილეთის ფასი10-დან 60 ლარამდე იქნება.
წაკითხვა
დღემდე უცნობი ფოტოები და წერილები - ზაქარია ფალიაშვილის უნიკალური რარიტეტები დღეიდან ხელოვნების სასახლეში დაიდებს ბინას
გამოქვეყნებულია: 2017-06-21 20:39:00
ცნობილი ქართველი კომპოზიტორის დღემდე უცნობი ფოტოები და წერილები. ზაქარია ფალიაშვილის უნიკალური რარიტეტები დღეიდან ხელოვნების სასახლეში დაიდებს ბინას. დამუშავებული საარქივო მასალების დიდი ნაწილი მალე საექსპოზიციო სივრცეში გამოიფინება.  
წაკითხვა
ხელოვნების სასახლეში ქართველი მხატვრის, ოთარ მეგრელიძის პერსონალური გამოფენა 22 ივნისს გაიხსნება
გამოქვეყნებულია: 2017-06-21 20:23:00
22 ივნისს ხელოვნების სასახლეში ქართველი მხატვრის, კალიგრაფის, წიგნის ილუსტრატორის, მრავალი ქართული და უცხოური გამოცემების დამსურათებლის, ოთარ მეგრელიძის პერსონალური გამოფენა გაიხსნება. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი 100-მდე ნამუშევარი მხატვრის ადრინდელი პერიოდის გრაფიკულ ნახატებს, „ქართული პორტრეტების“  სერიის საუკეთესო ნიმუშებსა და კალიგრაფიულ მხატვრობას აერთიანებს.აღსანიშნავია, რომ ოთარ მეგრელიძე არაერთი ქართული და უცხოური გამოცემის, მათ შორის სასკოლო ლიტერატურის დამსურათებელია. იგი ორიგინალური სტილის გრაფიკოსია, რომელსაც ამავე დროს შთამბეჭდავი ნამუშევრები აქვს ისეთ შემოქმედებით მიმართულებებში, როგორიცაა: ქსოვილის დიზაინი, ბატიკა, გობელენი, პოპარტი, ფერწერა და ანიმაციის გრაფიკა.ოთარ მეგრელიძის  ნახატები არაერთხელ გამოიფინა საქართველოს, ჰოლანდიის, გერმანიის, უკრაინის, სომხეთის, აზერბაიჯანისა და სერბეთის სხვადასხვა ქალაქებში. მისი ნამუშევრები დაცულია საქართველოს, იაპონიის, საფრანგეთის, ინგლისის, აშშ-ს, ჰოლანდიის, ესპანეთის, გერმანიის და სხვა მრავალი ქვეყნის კერძო კოლექციებში.გამოფენა ქართული ხელოვნების ფესტივალ "ქართული სული”-ს ფარგლებში, თბილისის მერიის მხარდაჭერით იმართება. გამოფენა ხელოვნების სასახლეში 22 ივნისს, 19.00 საათზე გაიხსნება  30 ივნისამდე გაგრძელდება.
წაკითხვა
რეზო გიგინეიშვილის „მძევლებს“ ედინბურგის საერთაშორისო კინოფესტივალზე აჩვენებენ
გამოქვეყნებულია: 2017-06-21 19:16:00
რეზო გიგინეიშვილის ფილმი კიდევ ერთი საერთაშორისო პრემიერისთვის ემზადება. „მძევლებს“ დიდ ბრიტანეთში, ედინბურგის საერთაშორისო კინოფესტივალზე აჩვენებენ.ფესტივალის ოფიციალურ ვებგვერდზე ფილმის მოკლე ანოტაცია უკვე განთავსდა. „შთამბეჭდავად შეკრული და თავმოყრილი ავთენტური დეტალები. ნიჭიერი ჯგუფის მიერ ექსპერტულად გადმოცემული რეალობა და სოციუმის მიერ გაკეთებული დასკვნები. 1983 წელს სოციალურმა ელიტარულმა ახალგაზრდების ჯგუფმა საბჭოთა საქართველოდან გაქცევა გადაწყვიტა. ეს პროვოკაციული მონათხრობი არის გამაოგნებელი და შემზარავი მოგზაურობა თავიდან ბოლომდე“, - წერია ედინბურგის ფესტივალის ოფიციალურ ვებგვერდზე. 
წაკითხვა
„ოქროს ტალღა 2017“ - გამარჯვებულები 17 ნომინაციაში გამოავლინეს
გამოქვეყნებულია: 2017-06-21 12:50:00
„ოქროს ტალღა 2017“  დასრულდა, პროექტის ფარგლებში წელს გამარჯვებულები 17 ნომინაციაში გამოავლინეს. ქართული სიმღერების კონკურსთან ერთად, ჰოლდინგმა 20 წლის იუბილეც იზეიმა. მუსიკალური პროექტის მიზანი ახალგაზრდა მუსიკოს-შემსრულებლების აღმოჩენა და პოპულარიზაციაა. „ოქროს ტალღა“  მეხუთედ ჩატარდა.
წაკითხვა
ლევან ანჯაფარიძის მხატვრულ ფილმის „მტერი ჩემი - ძმა ჩემის!“ პრემიერა გაიმართა
გამოქვეყნებულია: 2017-06-21 02:19:00
კინოთეატრ „ამირანში“ ლევან ანჯაფარიძის მხატვრულ ფილმის „მტერი ჩემი - ძმა ჩემის!“ პრემიერა გაიმართა. ფილმი 1991-1993 წლებში აფხაზეთში მომხდარ კონფლიქტზე მოგვითხრობს. ფილმში ნაჩვენებია ადამიანური ურთიერთობების ნათელი მაგალითების შესახებ. ფილმის რეჟისორის ლევან ანჯაფარიძის განცხადებით, ფილმი „ძალიან მართალი აქტუალური და დროულია“. „მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთზე ფილმები გადაღებულა, მაინც დროულია და ვთვლი, რომ რაც შეიძლება მეტი უნდა გაკეთდეს, რადგან ჯერ ჩვენ არ დაგვიბრუნებია აფხაზეთი. ვისაც რა შეგვიძლია ამ პრობლემის მოსაგვარებლად, ის უნდა გავაკეთოთ“ - განაცხადა რეჟისორმა საზოგადოებრივთან საუბარში.
წაკითხვა
საქართველოს მწერალთა კავშირი ასი წლისაა - როგორია საუკუნოვანი ისტორია
განახლებულია: 2017-06-20 20:48:00
მწერალთა კავშირი 100 წლისაა. ქართველ მწერალთა გაერთიანება არსებობას დღემდე განაგრძობს, თუმცა მწერლების ნაწილი მის რიგებში აღარაა. მიზეზი სხვადასხვაა. წინა საუკუნის დასაწყისში, დამოუკიდებლობის წლებში შექმნილი ორგანიზაცია საბჭოთა ეპოქაში ერთადერთი სამწერლო გაერთიანება იყო. ქვეყნის პოლიტიკური მოვლენებიც სწორედ ამ ორგანიზაციის ცხოვრებაზე განსაკუთრებულად აისახებოდა. ამავე თემაზე, იხილეთ სიუჟეტი „მოამბის“ 18-საათიანი საინფორმაციო გამოშვებიდან.
წაკითხვა
ქართველი მეცო-სოპრანო ნინო სურგულაძე ახალ ზელანდიაში კარმენს მღერის
გამოქვეყნებულია: 2017-06-20 18:39:00
ქართველი მეცო-სოპრანოს ნინო სურგულაძის გასტროლი ახალი ზელანდიის ქალაქებში - ველინგტონში, ოუქლენდსა და ქრაისთჩერჩში დიდი წარმატებით მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა theatreview ავრცელებს.ახალი ზელანდიის საოპერო კომპანიამ აღნიშნულ ქალაქებში ბიზეს „კარმენის“ 15 სპექტაკლი დაგეგმა და ნინო სურგულაძე მიიწვია. მეცო-სოპრანოსთან ერთად, სპეკტაკლში ცნობილი საოპერო ვარსკვლავები ტომ რენდლი და ემა პირსონი მონაწილეობენ. დადგმა ავსტრალიელ რეჟისორს ლინდი ჰუმის ეკუთვნის. უელინგტონის სანტ-ჯეიმსის თეატრში კარმენს ფრანჩესკო პასკუალეტიმ უდირიჟორა.„კარმენი სცენაზე, ძირითადად, მაცდური ქალბატონის სახით არის გადმოტანილი. თუმცა გასაოცარმა ქართველმა მეცო-სოპრანომ როლს გულწრფელობა შემატა და მაყურებელი კარმენის მიმართ დადებითად განაწყო. სურგულაძე სცენაზე გამორჩეული ენერგეტიკით, დახვეწილი იუმორითა და დამაჯერებლობით გამოირჩევა. მისი ხმა მომაჯადოებელი და დრამატულია. ის ახერხებს ყოველ პასაჟში განსხვავებული იყოს. ძლიერი ვოკალური მონაცემების გარდა, სცენაზე ნამდვილი მსახიობი დგას, სურგულაძეს მაყურებელში ემოციების გაღვიძება მარტივად გამოსდის. აღსანიშნავია მისი ვოკალური დიაპაზონი“, - წერს კრიტიკოსი ჯო ჰოდსონი.ახალი ზელანდიის შემდეგ ნინო სურგულაძე იტალიაში - არენა დი ვერონას სცენაზე გამოვა და ვერდის „ნაბუქოში“ მიიღებს მონაწილეობას. შემდეგ ბარიში, ბოლონიასა და ჰონკონგში ამნერისის პარტიას იმღერებს „აიდაში“. დეკემბერში კი რომში შეასრულებს გია ყანჩელის სიმღერების ციკლს, რომელიც ქართველმა კომპოზიტორმა სწორედ მას მიუძღვნა.
წაკითხვა
ცნობილი მევიოლინე კონსტანტინე ვარდელი გარდაიცვალა
გამოქვეყნებულია: 2017-06-20 01:54:00
78 წლის ასაკში საქართველოს სახალხო არტისტი, ცნობილი მევიოლინე, კონსერვატორიის პროფესორი კონსტანტინე ვარდელი გარდაიცვალა. კონსტანტინე ვარდელი იყო სულხან ცინცაძის სახელობის საქართველოს სახელმწიფო სიმებიანი კვარტეტის ერთ-ერთი დამაარსებელი, შოთა რუსთაველისა და ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სახელმწიფო პრემიების ლაურეატი. მოღვაწეობის მანძილზე ვარდელმა, სიმებიან კვარტეტთან ერთად, მრავალ საერთაშორისო კონკურსში გაიმარჯვა. წლების განმავლობაში გერმანიის ქალაქ ინგოლშტატში მოღვაწეობდა. მან გამოჩენილ მევიოლინეთა არაერთი თაობა აღზარდა.
წაკითხვა
ქართულმა სარეკლამო კამპანიამ კანის ფესტივალზე კრეატივში პირველი ვერცხლის ლომი მოიპოვა
გამოქვეყნებულია: 2017-06-19 22:59:00
კანის საერთაშორისო ფესტივალზე კრეატივში სარეკლამო კომპანია „უინდფორსმა“, კამპანიით „მეექვსემემილიონე ტურისტი“, საქართველოს პირველი ვერცხლის ლომი მოუტანა. Windfor’s-ის ნამუშევარი Dinner With Georgia ფესტივალზე, PR-ის კატეგორიაში ვერცხლისა და ბრინჯაოს ლომის მფლობელი გახდა. „კანის ლომები“ 24 ივნისამდე გაგრძელდება და საქართველოს გამარჯვების მოპოვების შანსი კიდევ ორ - ფილმისა და დიზაინის ნომინაციებში აქვს.
წაკითხვა
„ერთ სახეობაზე მეტი“- ქართველი მაყურებელი 20-21 ივნისს სხეულის ენით შესრულებულ წარმოდგენას იხილავს
გამოქვეყნებულია: 2017-06-19 20:49:00
ერთ სახეობაზე მეტი-ასე ჰქვია პროექტს, რომლის ძირითადი კონცეფციაც მითებსა და ლეგენდებზე დაყრდნობით შექმნილი ვიზუალური ხელოვნებაა. სხეულის ენით, 3 მსახიობი მუსიკოსებთან ერთად ყოველდღიური რეალობის ფრაგმენტებით გაფორმებულ წარმოდგენას ქართველ მაყურებელს 20 და 21 ივნისს შესთავაზებს. დადგმაზე ქართველ მოცეკვავეებთან, გერმანიიდან საგანგებოდ ჩამოსულმა ქორეოგრაფმა, ტაკაკო სუზუკიმ დაახლოებით 2 თვის განმავლობაში იმუშავა. ერთ სახეობაზე მეტი ქართულ გერმანული წლის პროგრამის ნაწილია და საქართველოს შემდეგ, დეკემბრის თვეში ბერლინში იქნება წარმოდგენილი.  
წაკითხვა

უახლესი