საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

კონფლიქტები/ტერორიზმი
„ღამის მგლებმა“ ანატოლი ბიბილოვს მოტოციკლი აჩუქეს
გამოქვეყნებულია: 2017-09-21 17:28:00
რუს ბაიკერთა მოძრაობა „ღამის მგლების“ ლიდერმა ალექსანდრე ზალდასტანოვმა, ზედმეტსახელად „ქირურგი“ - ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო პრეზიდენტს ანატოლი ბიბილოვს მოტოციკლი აჩუქა.„ღამის მგლები“ ოკუპირებულ რეგიონში ე.წ. რესპუბლიკის დღესთან დაკავშირებით ჩავიდნენ.მოტოციკლთან ერთად ბაიკერებმა დე ფაქტო ლიდერს „ღამის მგლების“ ემბლემიანი ეკიპირებაც გადასცეს.
წაკითხვა
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო თავდაცვის უწყებას სამხედრო ქონება უსასყიდლოდ გადასცა
გამოქვეყნებულია: 2017-09-21 17:24:00
ოკუპირებულ აფხაზეთს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ სამხედრო ქონება უსასყიდლოდ გადასცა, - ამის შესახებ ინფორმაცია ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო თავდაცვის უწყების საიტზეა განთავსებული.გადაცემის „ცერემონიას“ რუსეთის სამხრეთ სამხედრო ოლქის შტაბის ხელმძღვანელის მოადგილე რამზეს ნაბიევი ესწრებოდა.კონკრეტულად რა ქონებაზეა საუბარი, მითითებული არ არის. დე ფაქტო უწყების ინფორმაციით, ქონების გადაცემა რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის „საჯარისო დაჯგუფებების გაერთიანების შესახებ შეთანხმების“ რეალიზაციის პრაქტიკული ეტაპია.პარალელურად კი მოსკოვში რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო გენერალური შტაბის ხელმძღვანელს შეხვდა. საუბარი ოკუპირებულ აფხაზეთში რუსული სამხედრო ბაზების ფუნქციონირებას და სამხედრო სფეროში „თანამშრომლობას“ შეეხო.
წაკითხვა
რუსეთ-საქართველოს საზღვართან, ოკუპირებული აფხაზეთის სოფელ აიბღასთან ადგილობრივ მწყემსებს „საზღვრის უკანონო კვეთისთვის“ აკავებენ
გამოქვეყნებულია: 2017-09-21 10:31:00
რუსეთ-საქართველოს საზღვართან, ოკუპირებული აფხაზეთის სოფელ აიბღასთან ადგილობრივ მწყემსებს „საზღვრის უკანონო კვეთისთვის“ აკავებენ.„ოკუპირებულ აფხაზეთში, სოფელ აიბღაში, რუსმა მესაზღვრეებმა ჩვენს ტერიტოირაზე საზღვრის უკეთ კონტროლისთვის გადმოინაცვლეს. შედეგად კი მივიღეთ ის, რომ დღეს ისინი აფხაზ მწყემსებს აპატიმრებენ“, - ამის შესახებ განცხადება დე ფაქტო პარლამენტის სპიკერმა ვალერი კვარჩიამ რუსეთის ფედერაციის საბჭოს წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს გააკეთა, - წერს ვებ პორტალი „ეხო კავკაზა“.კვარჩიას განმარტებით, რუსი მესაზღვრეების მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე სოჭის ოლიმპიადის დროს გადმოინაცვლეს, თუმცა მას შემდეგ ოკუპირებული რეგიონის სოფელი აიბღა აღარ დაუტოვებიათ. დე ფაქტო პარლამენტის ე.წ. სპიკერმა საუბარში ისიც აღნიშნა, რომ რუსეთთან „საზღვრის“ ე.წ. დემარკაციის საკითხი ამ დრომდე გადაწყვეტილი არ არის, მიუხედავად იმისა, რომ „ორმხრივი კომისიებია“ შექმნილი.ვიზიტის ფარგლებში, რუსეთის ფედერაციის საბჭოს დელეგაცია ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება. შეხვედრა დე ფაქტო პარლამენტის წარმომადგენლებთან მათ გუშინ გამართეს. სხვა საკითხთა შორის, ფედერაციის საბჭოს წარმომადგენელმა მუხარბეკ დიდიგოვმა, ოკუპირებულ რეგიონში უცხოელებზე უძრავი ქონების გასხვისების თემაზეც ისაუბრა. „ბევრ ადამიანს, ცენტრალური რუსეთიდან და ჩრდილო კავკასიიდან, სურს აქ უძრავი ქონება შეიძინოს და საინვესტიციო პროექტები ჩამოიტანოს და დაფუძნდეს. აქ კი გარკვეული გარანტიები და მზაობა უნდა იყოს ასეთი საკითხების გადაწყვეტისთვის“, - განაცხადა დიდიგოვმა. ფედერაციის საბჭოს წევრებმა დე ფაქტო პარლამენტს ე.წ. კანონმდებელთა შემადგენლობაში ე.წ. რუს დეპუტატთა მცირე რაიოდენობაზეც გააკეთეს აქცენტი.„დელეგაციის“ წევრები ვიზიტის ფარგლებში ოკუპირებულ რეგიონში რუსული მე-7 სამხედრო ბაზის მონახულებასაც გეგმავენ.
წაკითხვა
ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო მთავრობას „მილოცვა“ გაუგზავნა
გამოქვეყნებულია: 2017-09-20 16:49:00
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო მთავრობას ე.წ. რესპუბლიკის დღის 27-ე წლისთავთან დაკავშირებით „მილოცვა“ გაუგზავნა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.„ეს დღესასწაული იქცა სამხრეთ ოსეთის იმ მოსახლეობის გმირობის სიმბოლოდ, ვინც ბრძოლით დაიცვა თავისი თავისუფალი და მშვიდობიანი ცხოვრების კანონიერი უფლება“ - ნათქვამია „მილოცვის“ ტექსტში.რუსეთის პრეზიდენტის მიერ გაგზავნილ ტექსტში ასევე საუბარია რუსეთსა და ოკუპირებულ რეგიონს შორის „მეკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტის“ მნიშვნელობასა და რუსეთის მზაობაზე - გააგრძელოს რეგიონისთვის სოციალურ-ეკონომიკური მიმართულებით დახმარების გაწევა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა“ - წერს კომინფ.ორგ.
წაკითხვა
ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის საბაჟო სამსახური ახალ “საბაჟო პუნქტს“ ხსნის
გამოქვეყნებულია: 2017-09-20 10:31:00
ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ახალი, სპეციალიზებული “საბაჟო პუნქტი“ გაიხსნება, რომელიც რუსეთის საბაჟო სამსახურის დაქვემდებარებაში იქნება - ინფორმაციას აფსნი.რუ ავრცელებს.„საბაჟო-გამშვები პუნქტის“ გახსნის შესახებ ბრძანებას 12 სექტემბერს, ხელი რუსეთის საბაჟო სამსახურის ხელმძღვანელის ვლადიმერ ბულავინმა მოაწერა. „პუნქტის“ ზუსტი ადგილმდებარეობა ჯერ კიდევ ზუსტდება, თუმცა ბრძანებაში ნათქვამია, რომ მისი მოქმედების არეალში შედის მთლიანად ოკუპირებული რეგიონი და საავტომობილო „გამშვები პუნქტი“ - ადლერი.რუსეთის საბაჟო სამსახურის ხელმძღვანელის განკარგულება ძალაში 2017 წლის 1 ნოემბერს შევა. სწორედ ამ თარიღისთვის იგეგმება ახალი „გამშვები პუნქტის“ ამოქმედება - წერს აფსნი.რუ.
წაკითხვა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ახალშობილებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი აცრისთვის საჭირო ვაქცინების დეფიციტია
გამოქვეყნებულია: 2017-09-19 19:22:00
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში უკვე სამი თვეა ახალშობილებისთვის აუცილებელი აცრებისთვის ვაქცინების მათ შორის ბცჟ-ს (BCG ტუბერკულოზის საწინააღმდეგო ვაქცინა) დეფიციტია, რის გამოც სამშობიაროებიდან უკვე 100-მდე ახალშობილი გაეწერა აცრის გარეშე - წერს საინფორმაციო სააგენტო Ossetia News. ოკუპირებული რეგიონის დეფაქტო ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენს სამი ათასი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ვაქცინის შესყიდვა მათ შრის ბცჟ, დიფტერიის პოლიომელიტისა და ჰეპატიტის საწინააღმდეგო პრეპარატები.„ვაქცინების შესყიდვა რუსეთში იმუნობიოლოგიური პრეპარატების უმსხვილესი მწარმოებლისგან ხდებოდა. მაგრამ ფარმაცევტულ წარმოებაში ტექნიკური პრობლემები შეიქმნა. შემცირდა ვაქცინის წარმოება და მიეწოდებათ. დღეს კომპანია მხოლოდ რუსეთში სახელმწიფო შეკვეთებისთვის მუშაობს. ახლა ჩვენ ვცდილობთ სხვა მწარმოებლები ვიპოვით და მდგომარეობა დავარეგულიროთ", - აცხადებენ დეფაქტო ჯანდაცვის უწყებაში.ვაქცინების დეფიციტის გამო, შეშფოთებულები არიან ადგილობრივი პედიატრები, რომლებიც მშობლებს ურჩევენ ბავშვები სასეირნოდ პირბადით გაიყვანონ და ხალხმრავლობას მოარიდონ.
წაკითხვა
გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი შეხვედრა გაიმართა
გამოქვეყნებულია: 2017-09-19 14:15:00
გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი შეხვედრა გაიმართა.შეხვედრის შემდეგ კომენტარი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ კახაბერ ქემოკლიძემ გააკეთა.მისი განცხადებით, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ფარგლებში გამართულ დღევანდელ შეხვედრაზე მთავარ საკითხად კვლავ გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებული კანჯი ოღლის დაკავებას, ხურჩა-ნაბაკევის მონაკვეთზე ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი და საქართველოს მოქალაქეების საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დაკავებები იყო.„დღევანდელ შეხვედრაზე საუბარი შეეხო ბოლო დროს განვითარებულ ე.წ. ბორდერიზაციის საკითხს, რომელიც ხურჩა-ნაბაკევის ტერიტორიაზე 9-11 აგვისტოს დაფიქსირდა, ასევე გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებული პირის კანჯი ოღლის დაკავებას. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დაკავებული პირების გათავისუფლებასა და დე ფაქტო აფხაზეთის სკოლებში ქართული ენის აკრძალვას. მათ  ჩვენი პოზიციები გავაცანით და აღნიშნულ საკითხებს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკების ფორმატშიც განვიხილავთ“, - განაცხადა ქემოკლიძემ.მისივე თქმით, ცხინვალის მიმართულებით საოკუპაციო ზოლის ჩაკეტვა არის და ნებისმიერი სხვა რეგულაციები ხელისუფლებისთვის მიუღებელია და აღნიშნული საკითხი ჟენევის საერთაშორისო ფორმატში განიხილება.მომდევნო შეხვედრა 25 ოქტომბერს გაიმართება.
წაკითხვა
ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. პოლიტიკური პარტიების რაოდენობის რადიკალურად შემცირებას გეგმავენ
გამოქვეყნებულია: 2017-09-19 10:20:00
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში, სადაც დაახლოებით 20-მდე ე.წ. პოლიტიკური პარტიაა, დეფაქტო პარლამენტის თავმჯდომარის ინიციატივით, მათი რაოდენობა ორამდე უნდა შემცირდეს - ამის შესახებ საინფორმაციო პორტალი "ეხოკავკაზა" წერს.გამოცემის ინფორმაციით, დეფაქტო სპიკერი პეტრე გასიევი აცხადებს, რომ სასურველია პარტიების მინიმალური რაოდენობა იყოს. "შესაძლოა, მე საბჭოთა კავშირის პერიოდიდან გამომყვა ის დამოკიდებულება, რომ პარტია უნდა იყოს ერთი ან მაქსიმუმ ორი", - აცხადებს გასიევი. მის ამ განცხადებას, ოკუპირებულ რეგიონში ე.წ. დეპუტატების მხრიდან უკმაყოფილება მოყვა. „ხალხის ერთობის“ ე.წ. ლიდერმა ვლადიმერ ქელეხსაევი ვარაუდობს, რომ დეფაქტო პარლამენტის სპიკერის განცხადება მხოლოდ ერთი პირის საკუთარი მოსაზრება არ იყო. "რატომ უნდა წყვეტდეს ის, რამდენი პარტია უნდა იყოს რეგიონში? პარლამენტის სპიკერს არა აქვს უფლება აკრიტიკოს ესა თუ ის პარტია. მხოლოდ ხალხმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება სჭირდება თუ არა მას ესა თუ ის პარტია. ჩვენ კვლავ საბჭოთა კომუნისტური პარტიის მმართველობის ხანაში ვბრუნდებით", - განაცხადა ქელეხსაევმა. დეფაქტო პარლამენტის ე.წ. სპიკერის ინიციატივას, სოციალურ ქსელებშიც მოყვა გამოხმაურება. მომხმარებლები ყველაზე ხშირად კომენტარებში ბითლზების ცნობილ სიმღერას „Back in the USSR“ პოსტავდნენ და გასიევს სთავაზობდნენ ე.წ. პარტია „ედინაია ოსეტია“ კომუნისტურ პარტიად ექცია.
წაკითხვა
გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრა იმართება
გამოქვეყნებულია: 2017-09-19 09:45:00
გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში სამუშაო ჯგუფების მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრის წინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ კახაბერ ქემოკლიძემ პირველ არხთან საუბარში განაცხადა, რომ დღევანდელ შეხვედრაზე ბოლო თვენახევრის განმავლობაში მომხდარი ფაქტების შესახებ ისაუბრებენ. კვლავ იქნება განხილული გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებული რაშიდ კანჯი-ოღლის დაკავების საკითხი. ასევე, ისაუბრებენ ზუგდიდის რაიონის სოფლებში - ხურჩასა და შამგონაში განხორციელებულ უკანონო ე.წ. ბორდერიზაციაზე, რომელმაც პრობლემები შეუქმნა ადგილობრივ მოსახლეობას.
წაკითხვა
ინციდენტი ოკუპირებული დმენისის რაიონში - სკოლის მოსწავლეები დახრჩობას დე ფაქტო ძალოვნებმა გადაარჩინეს
გამოქვეყნებულია: 2017-09-17 14:32:00
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში, დმენისის რაიონში ექსკურსიაზე წასული ბავშვები უბედურ შემთხვევას ე.წ. სამართალდამცველებმა გადაარჩინეს. როგორც ადგილობრივი მედია წერს, მოსწავლეები ოკუპირებული დმენისის აუზების დასათვალიერებლად იყვნენ წასული. მათ მასწავლებელი და მშობლებიც ახლდნენ.„ბედმა გაგვიღიმა, რომ უბედური შემთხვევა არ მოხდა. შსს თანამშრომლებმა გადაარჩინეს ბავშვები, რომ არა ისინი, საშინელი ტრაგედია დატრიალდებოდა. ვაფრთხილებ ყველას, თუ ასეთი რამ კიდევ განმეორდება, ყველა დამნაშავე მკაცრად დაისჯება. რა თქმა უნდა, ექსკურსიები უნდა მოეწყოს, რათა მოსწავლეები ღირშესანიშნაობებს გაეცნონ, მაგრამ აუზები ასეთ ადგილებს არ განეკუთვნება“, - განუცხადა შემთხვევის შემდეგ ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო მერმა სკოლის ე.წ. დირექტორებს საგანგებო „თათბირზე“.ადგილობრივი მედია არ აკონკრეტებს, რამდენი ბავშვი გადაარჩინეს „მაშველებმა“ და როგორია ახლა მათი მდგომარეობა.
წაკითხვა
ლონდონის მეტროში განხორციელებულ ტერაქტში ეჭვმიტანილი დაკავებულია - ქვეყნის მასშტაბით, საფრთხის დონის მაჩვენებელი კრიტიკულ ნიშნულამდეა
გამოქვეყნებულია: 2017-09-16 20:12:00
ლონდონის მეტროში განხორციელებულ ტერაქტში ეჭვმიტანილი დაკავებულია. 18 წლის მამაკაცი ინგლისის სამხრეთ-აღმოსავლეთით, დოვერში აიყვანეს. მისი სახელი და გვარი ჯერჯერობით არ საჯაროვდება. ამ დროისთვის  ქვეყნის მასშტაბით საფრთხის დონის მაჩვენებელი კრიტიკულ ნიშნულამდეა გაზრდილი. პარსონს გრინის მეტროსადგურში განხორციელებული ტერორისტული აქტის შედეგად 27 ადამიანი დაშავდა, რამდენიმე მათგანის მდგომარეობა კი კრიტიკულია. მომხდარზე პასუხისმგებლობა უკვე აიღო ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ .
წაკითხვა
ლონდონის მეტროში განხორციელებულ ტერაქტში ეჭვმიტანილი დაკავებულია
გამოქვეყნებულია: 2017-09-16 16:05:00
ლონდონის მეტროში განხორციელებულ ტერაქტში ეჭვმიტანილი დაკავებულია. განცხადება რამდენიმე წუთის წინ მეტროპოლიტენის პოლიციის პრესსპიკერმა გაავრცელა. 18 წლის მამაკაცი ინგლისის სამხრეთ-აღმოსავლეთით, დოვერში დააკავეს. მისი სახელი და გვარი ჯერჯერობით არ გასაჯაროვებულა. ამ დროისათვის მთელი ქვეყნის მასშტაბით საფრთხის დონის მაჩვენებელი კრიტიკულ ნიშნულამდეა გაზრდილი. ადგილობრივი დროით 13 საათზე გაერთიანებული სამეფოს უსაფრთხოების კომიტეტში საგანგებო სხდომა გაიმართება. ეჭვმიტანილის დაკავების სპეცოპერაციის ფარგლებში, პოლიციამ 70-მდე ვიდეოკადრი შეისწავლა და 45-მდე მოწმე დაკითხა. მეტროში განხორციელებული ტერორისტული აქტის შედეგად, 27 ადამიანი დაშავდა, რამდენიმე მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია. მომხდარზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.
წაკითხვა
ლონდონის პოლიცია მეტროში განხორციელებულ ტერაქტში ეჭვმიტანილ პირს ეძებს
გამოქვეყნებულია: 2017-09-16 12:14:00
ლონდონის პოლიცია მეტროში განხორციელებულ ტერაქტში ეჭვმიტანილ პირს ეძებს. პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, დედაქალაქში საფრთხის დონის მაჩვენებელი კრიტიკულ ნიშნულამდე გაიზარდა. ლონდონის ქუჩებში უსაფრთხოების ნორმების დაცვაში პოლიციას დახმარებას ჯარისკაცები გაუწევენ. პრემიერის განკარგულების თანახმად, ქალაქის გარკვეულ ნაწილში გადაადგილება შეიზღუდება. მეტროსადგურში განხორციელებული ტერორისტული აქტის შედეგად, 27 ადამიანი დაშავდა, რამდენიმე მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია. მომხდარზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ აიღო. მიმდინარე წელს ეს უკვე მეხუთე ტერაქტია, რომელიც გაერთიანებულ სამეფოში განხორციელდა. დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ ,,თვითერში” დაწერა, რომ ტერორისტების მიმართ დასავლეთი შეუწყნარებელი უნდა იყოს.
წაკითხვა
ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო უსაფრთხოების სამსახური ე.წ. გამშვებ პუნქტებს სამი დღით კეტავს
განახლებულია: 2017-09-16 09:24:00
ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო მთავრობის გადაწყვეტილებით, ე.წ გამშვები პუნქტები 3 დღით იკეტება, რეგიონში "რესპუბლიკის" დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით.ადგილობრივი მედიის ინფორმაციით მიმოსვლა 19 სექტემბრის დილით 09:00 სთ-ზე შეწყდება და 22 სექტემბრის დილის 07:00 სთ-ზე "ჩვეულ რეჟიმში" განახლდება.ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო მთავრობა 20 სექტემბერს ე.წ. რესპუბლიკის 27-ე წლისთავს "აღნიშნავს". იგეგმება სამხედრო "აღლუმის" გამართვა და კონცერტის ჩატარება.
წაკითხვა
სუს-ი - საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული აშშ-ისა და ბრიტანეთის მოქალაქეები გათავისუფლდნენ
გამოქვეყნებულია: 2017-09-15 23:53:00
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, საოკუპაციო ძალების მიერ ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით უკანონოდ დაკავებული აშშ-ისა და ბრიტანეთის მოქალაქეები გათავისუფლდნენ. ამის შესახებ პირველ არხს სუს-ის პრესსამსახურში განუცხადეს.  „ცხელი ხაზით შემოსული ინფორმაციით, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით ამერიკის შეერთებული შტატების და გაერთიანებული სამეფოს მოქალაქე დააკავეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის აქტიური ჩართულობით, უკანონოდ დაკავებული პირები გათავისუფლდნენ“, - განუცხადეს სუს-ში პირველ არხს.
წაკითხვა
ლონდონის მეტროპოლიტენში მომხდარი ტერაქტის შედეგად 22 ადამიანი დაშავდა - ეჭვმიტანილი იდენტიფიცირებულია
გამოქვეყნებულია: 2017-09-15 20:36:00
ლონდონი დღესაც ტერორისტული თავდასხმის სამიზნე გახდა. „პარსონ გრინის“ მეტროპოლიტენში მომხდარი აფეთქების შედეგად 22 ადამიანია დაშავებული.  მატარებლის ერთ-ერთ ვაგონში პოლიეთილენის პარკში შეფუთულ სათლში მოთავსებული ასაფეთქებელი მოწყობილობა აფეთქდა. პოლიციის ინფორმაციით, მოწყობილობა წამმზომიანი მექანიზმი იყო, რომელიც სრულად არ ამოქმედდა. მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია მალევე მიენიჭა. ტელეკომპანია ,,სქაი ნიუსის” ინფორმაციით, ეჭვმიტანილი უკვე იდენტიფიცირებულია. მისი ვინაობის დადგენა სათვალთვალო კამერების შესწავლის შედეგად მოხერხდა. თუმცა სახელი და გვარი ამ ეტაპზე მედიისთვის უცნობი რჩება. უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, „პარსონ გრინისა“ და ამავე სარკინიგზო ხაზის რამდენიმე მეტროსადგურმა დროებით ფუნქციონირება შეწყვიტა. ამავე თემაზე, იხილეთ სიუჟეტი „მოამბის“ 18-საათიანი საინფორმაციო გამოშვებიდან.
წაკითხვა
22 დაშავებული - ტერაქტი ლონდონის მეტროსადგურში
გამოქვეყნებულია: 2017-09-15 18:21:00
ლონდონი მორიგი ტერორისტული თავდასხმის სამიზნე გახდა. „პარსონ-გრინის“ მეტროსადგურში ასაფეთქებელი მოწყობილობა დღის ყველაზე დატვირთულ მონაკვეთში, იმ დროს ამოქმედდა, როდესაც მშობლებს ბავშვები სასწავლებელში მიჰყავდათ. შემთხვევის შედეგად 22 ადამიანი დაშავდა. პოლიციამ მომხდარს უკვე მიანიჭა ტერაქტის კვალიფიკაცია, თუმცა ამ ეტაპზე ეჭვმიტანილის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ტერაქტზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის აუღია. პარალელურად ცნობილი ხდება, რომ რამდენიმე წუთის წინ ბირმინგემში ერთ-ერთ მეტროსადგურთან დანით შეიარაღებული პირი დააკავეს.  
წაკითხვა
ლონდონში „პარსონ გრინის“ მეტროპოლიტენში მომხდარ აფეთქებას ტერაქტის კვალიფიკაცია მიენიჭა
გამოქვეყნებულია: 2017-09-15 16:05:00
ლონდონში „პარსონ გრინის“ მეტროპოლიტენში მომხდარ აფეთქებას პოლიციამ ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა. ბოლო მონაცემებით, საავადმყოფოში სხვადასხვა ხარისხის დამწვრობით 22 ადამიანია გადაყვანილი. სააგენტო „ბი-ბი-სის“ ინფორმაციით, ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა წამმზომიან მექანიზმს შეიცავდა. მოწყობილობა პოლიეთილენის პარკში შეფუთულ პლასტმასის სათლში იყო დამალული, რომელიც მატარებლის ვაგონში, გასასვლელთან იდგა. აფეთქების შედეგად, მგზავრები პანიკამ მოიცვა და ჭყლეტა გამოიწვია. მომხდართან დაკავშირებით, უახლოეს საათებში პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი მთავრობის საგანგებო კომიტეტის შეხვედრას გამართავს. პრემიერი ინციდენტის შედეგად დაშავებულ თანამოქალაქეებს თანაგრძნობას უცხადებს. ამ დროისთვის „პარსონ გრინის“ მეტროსადგური დაკეტილია. უსაფრთხოების მიზნით, დროებით დაიხურა ამავე სარკინიგზო ხაზის რამდენიმე მეტროსადგურიც. ტერიტორიაზე პატრულირებს ვერტმფრენიც. 
წაკითხვა
ოკუპირებულ ცხინვალში ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები იმყოფებოდნენ
გამოქვეყნებულია: 2017-09-13 14:45:00
ჟენევის დისკუსიების 41-ე რაუნდის დღის წესრიგით განსახილველ საკითხების შესაჯერებლად ოკუპირებულ ცხინვალში მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები იმყოფებოდნენ - გაერო-ს წარმომადგენელი ანტი ტურუნენი და ეუთოს წარმომადგენელი გიუნტერ ბეხლერი. მორიგი რაუნდი ჟენევაში 2017 წლის ოქტომბერში შედგება.ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეები დეფაქტო ხელისუფლების „სპეციალურ“ წარმომადგენელს მურატ ჯიოევს შეხვდნენ, რომელმაც განაცხადა, რომ „ამოცანები, რომელიც ჟენევის დისკუსიების წინაშე დგას, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, და თავად მთლიანი რეგიონისთვის. თუმცა მიუხედავად ჟენევის პროცესის პოზიტიური განვითარებისა, მაგრამ მთავარი ამოცანა, რომელიც ჩვენს წინაშე დგას, არის დოკუმენტის მომზადება, რომელიც იურიდიულ ვალდებულებას წარმოადგენს ძალისგამოუყენებლობის შესახებ“ - წერს ოსინფორმ.რუმათივე ინფორმაციით, ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარემ ანტი ტურუნენმა აღნიშნა, რომ აუცილებელია შეიქმნას გარკვეული მექანიზმი, რაც კონფლიქტის რაიმე სახით ესკალაციის თავიდან აცილებას შეუწყობს ხელს - წერს ადგილობრივი მედია.ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატი შეიქმნა საქართველოსა და რუსეთს შორის 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად. პირველი რაუნდი 2008 წლის 15 ოქტომბერს გაიმართა. შედგა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 40 რაუნდი, მორიგი 41-ე რაუნდი დაგეგმილია 2017 წლის ოქტომბერში. მოლაპარაკებებს თანათავმჯდომარეობენ ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო-ს წარმომადგენლები და ესწრებიან მონაწილეები საქართველოდან, რუსეთის ფედერაციიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან. მოლაპარაკებებში ასევე მონაწილეობენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ისევე როგორც ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის დეფაქტო მთავრობების წარმომადგენლები. ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისა და ჟენევის მოლაპარაკებების სახელმძღვანელო დოკუმენტის შესაბამისად, მოლაპარაკებები მიმდინარეობს ორი პარალელური სამუშაო ჯგუფის ფარგლებში.
წაკითხვა
ქეთევან ციხელაშვილი - ჩვენი ამოცანაა, ბარიკადების მიუხედავად, ხალხის ერთმანეთთან დასაკავშირებლად მაქსიმუმი გავაკეთოთ
გამოქვეყნებულია: 2017-09-13 13:03:00
ჩვენი ამოცანაა, ბარიკადების მიუხედავად, ხალხის ერთმანეთთან დასაკავშირებლად მაქსიმუმი გავაკეთოთ, - ეს განცხადება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა საოკუპაციო რეჟიმის მიერ ხნულების გავლების თემაზე საუბრისას გააკეთა. „ეს, სამწუხაროდ, უკვე საოკუპაციო რეჟიმის კლასიკური და ტრადიციული მეთოდია, რომ მახინჯი ბარიკადების მშენებლობის გზით მუდმივი ზეწოლის მექანიზმი და წნეხი შეინარჩუნოს როგორც ადგილობრივ მოსახლეობაზე, ისე მთლიანად ქართულ საზოგადოებაზე. ქართულ საზოგადოებაში დამატებითი დაძაბულობა, დამატებითი ჰუმანიტარული გამოწვევები და ერთგვარი სასოწარკვეთა შექმნას იმასთან დაკავშირებით, სწორი კურსით ვვითარდებით თუ არა. ეს კურსი დემოკრატია, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციაა. რუსეთის ეს მცდელობა წინასწარ განწირულია, იმიტომ, რომ ამ გზას საქართველოს არამხოლოდ ხელისუფლება, არამედ მთლიანად საზოგადოება ირჩევს. ჩვენი ამოცანაა, ამ ბარიკადების მიუხედავად, მაქსიმუმი გავაკეთოთ, რომ ხალხი ერთმანეთთან დავაკავშიროთ. ადამიანებს, რომლებიც დღეს მავთულხლართების ტყვეობაში მათი ინტერესების საწინააღმდეგოდ იმყოფებიან, სხვადასხვა ტიპის სერვისები და ის სიკეთეები მივაწოდოთ, რომელიც სწორედ ჩვენს ევროატლანტიკურ განვითარებას მოაქვს“, - აცხადებს ციხელაშვილი. შეგახსენებთ, 12 სექტემბერს საოკუპაციო რეჟიმმა სოფელ ხურვალეთის მონაკვეთზე სპეციალური ტექნიკით ხანძარსაწინააღმდეგო ხნულების გაფართოება დაიწყო.
წაკითხვა