საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

საზოგადოება
ე.წ. დაშლილების ბაზრობის ტერიტორიაზე ჯიხურების მეპატრონეების ნაწილი შეუშვეს
გამოქვეყნებულია: 2017-08-19 16:46:00
ისანში, ე.წ. დაშლილების ბაზრობის ტერიტორიაზე ჯიხურების მეპატრონეების ნაწილი შეუშვეს. ჯიხურების მეპატრონეების შეყვანა ეტაპობრივად დაიწყო. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. ბაზრობის ტერიტორიაზე შესვლამდე კი ადმინისტრაციის ხელმძღვანელსა და დაზარალებულთა ნაწილს შორის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა მცირე სიტყვიერი დაპირისპირებით დაიწყო, ერთერთ დაზარალებულსა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელს შორის, რის შემდეგაც დაზარალებულს შენობა დაატოვებინეს. შეხვედრიდან დაზარალებულთა ნაწილი უკმაყოფილო გამოვიდა, რადგან მათი განცხადებით, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მხრიდან ვერ მოისმინეს კონკრეტული დაპირება ზარალის კომპენსაციასთან დაკავშირებით. დაზარალებულთა ის ნაწილი კი, რომლებმაც შეხვედრა ბოლოებმა დატოვეს, აცხადებენ, რომ კომპანია ტრანსერვისის ხელმzღვანელმა მათ უთხრა, რომ სწორედ ექსპერტიზის დასკვნის და ზარალის დათვლის შემდეგ მოხდება გადაწყვეტილების მიღება. 
წაკითხვა
მსოფლიო
ბარსელონას ტერაქტის მთავარ ეჭვმიტანილს ამ დრომდე ეძებენ -ბოლო ინფორმაციით „მოამბე“ ბარსელონადან
განახლებულია: 2017-08-19 16:17:00
ბარსელონას ტერაქტის მთავარი ეჭვმიტანილი კვლავ ძებნაშია. პოლიციის ინფორმაციით, მინი ავტობუსს, რითაც ფეხით მოსიარულეებზე თავდასხმა განხორციელდა, სწორედ 22 წლის იუნეს აბუიაქუბი მართავდა. კატალონიის მასშტაბით კონტრტერორისტული ოპერაცია მიმდინარეობს. პოლიციის ინფორმაციით, ტერორისტების უმრავლესობა, რომლებიც ესპანეთის მასშტაბით ტერაქტებს გეგმავდნენ, მაროკოს მოქალაქეები არიან. ბარსელონაში მომხდარი თავდასხმა სატვირთო მანქანით განხორციელებული უკვე მეშვიდე ტერორისტული აქტია ევროპაში, რომელსაც 14 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 100-ზე მეტი კი დაშავდა. 15 დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულია. გარდაცვლილთა იდენტიფიცირების პროცესი ამ დრომდე გრძელდება. რატი ხვისტანი დეტალებით ბარსელონადან.
წაკითხვა
საზოგადოება
მოშიმშილე რკინიგზელებს ბათუმელი კოლეგები უერთდებიან
გამოქვეყნებულია: 2017-08-19 16:13:00
მოშიმშილე რკინიგზელებს ბათუმელი კოლეგები უერთდებიან. ამის შესახებ განცხადება რკინიგზის ახალი პროფკავშირების თავმჯდომარემ ვიტალი გიორგაძემ გააკეთა. მისი თქმით, თუ რკინიგზელთა მოთხოვნები ორშაბათამდე არ დაკმაყოფილდება, მოშიმშილეთა აქცია უფრო ფართო მასშტაბიანი გახდება. რკინიგზელები გათავისუფლებული თანამშრომლების სამსახურში დაბრუნებასა და საქართველოს რკინიგზის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელის დაჩი ცაგურიას გადადგომას მოითხოვენ. თავად რკინიგზაში კი აცხადებენ, რომ 13 000 თანამშრომელს შორის რეალურად პროტესტს მხოლოდ ერთი მოშიმშილე გამოხატავს.
წაკითხვა
სპორტი
არფანგ დაფე ირანში გაიპარა - "კოლხეთი" კომპენსაციას ან ფეხბურთელის დასჯას ითხოვს
გამოქვეყნებულია: 2017-08-19 16:08:00
სენეგალელი ნახევარმცველი, არფანგ დაფე, რომელიც ფოთის "კოლხეთმა" წელს ჩამოიყვნა, ირანულ გუნდში გაიპარა,  - ამის შესახებ კოლხების დირექტორმა, თემურ ბარქაიამ განაცხადა."სენეგალელი ლეგიონერი ირანულ გუნდში ისე წავიდა, რომ ჩვენთვის არაფერი უთქვამს არც მას და არც ირანელები დაგვკავშირებიან, რაც ასეთ დროს ჩვეულებრივი ამბავია. ახლა დაფე სენტიმენტალურ მესიჯებს გვწერს, იქნებ, ჩემი მომავლისთვის დათმობაზე წახვიდეთო. შუა სეზონში საჭირო მოთამაშის წასვლას არ შევეგუებით. მით უმეტეს, რომ დაფეს "კოლხეთთან" კონტრაქტი 2018 წლის ბოლომდე აკავშირებს. ჩვენ მოთამაშეს და ირანულ კლუბს გარკვევით ვუთხარით; სენგელელის კონრაქტის ვადამდე გაწყვეტისთვის კომპენსაციის სახით 50 ათას დოლარს გადაიხდიან ან მომხდარზე ფიფას ვაცნობეთ და მოთამაშეს და 6-თვიანი დისკვალიფიკაციით დასჯიან",  - ამბობს ბარქაია.
წაკითხვა
პოლიტიკა
საკონსტიტუციო რეფორმა - შეცვლის თუ არა „ქართული ოცნება“ საკუთარ გადაწყვეტილებას - შეფასებები #მოამბეში
გამოქვეყნებულია: 2017-08-19 16:06:00
შეცვლის თუ არა ქართული ოცნება საკუთარ გადაწყვეტილებას იმ პრინციპულ საკითხებთან დაკავშირებით, რაზეც უკვე რამდენიმე თვეა ოპოზიციასთან კონსენსუსის მიღწევა ვერ ხერხდება – ეს ათი დღის ვადაში გაირკვევა. ოპოზიცია პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევას და მომდევნო არჩევნების მთლიანად პროპორციული სისტემის საფუძველზე ჩატარებას ითხოვს. თუ ეს მოთხოვნები არ შესრულდება, ოპოზიცია ხელისუფლებასთან დიალოგზე უარს იტყვის. შემდეგი შეხვედრა მომდევნო კვირაში გაიმართება, რა განცხადებები კეთდება გადაწყვეტილების მიღებამდე, თამარ წიკლაური გაგვაცნობს მხარეთა პოზიციებს.
წაკითხვა
საზოგადოება
რა შედეგით დასრულდა ე.წ. დაშლილების ბაზრის ადმინისტრაციის წარმომადგენლებისა და ხანძრის შედეგად დაზარალებულების შეხვედრა
გამოქვეყნებულია: 2017-08-19 16:05:00
სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა შეხვედრა ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოვაჭრეებსა და ისნის ბაზრობის ადმინისტრაციას შორის. დაზარალებულები ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ, ამის დაპირებას კი მათ ჯერ ვერც ბაზრობის ადმინისტრაცია და ვერ გამგებელი აძლევს, რომელიც ცოტა ხნის წინ შემთხვევის ადგილზე მივიდა. შეხვედრის დეტალებს გიორგი კობერიძე გაგვაცნობს.
წაკითხვა
მსოფლიო
რას გადაურჩა კატალონია - ტერაქტების სერიის სრული ქრონიკა, ფაქტები და ვერსიები
გამოქვეყნებულია: 2017-08-19 15:44:00
14 დაღუპული და 130-მდე დაშავებული 34 ქვეყნის მოქალაქე. ასეთია ესპანეთში მომხდარი ტერაქტების შედეგი, რომელზე პასუხისმგებლობაც ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ უკვე აიღო. თუმცა, ადგილობრივი პოლიციის ვერსიით, კატალონია გაცილებით მძიმე შედეგებს შემთხვევით გადაურჩა.ცნობილი ხდება, რომ ახალგაზრდა ექსტრემისტების ჯგუფი, ძირითადად მაროკოელები, რომლთა ასაკი 17-დან 22 წლამდეა,  უფრო ფართომასშტაბიანი ტერაქტებისთვის, აფეთქებების სერიისთვის კატალონიის ქალაქ ალკანარში ემზადებოდა. დაჯგუფება ნაქირავებ სახლში დიდი ოდენობით ასაფეთქებელ მოწყობილობას ინახავდა და თავდასხმებს სხვადასხვა ადგილას გეგმავდა.გეგმები 12-კაციან დაჯგუფებას  მოულოდნელმა, შემთხვევითმა აფეთქებამ ჩაუშალა. შედეგად საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაინგრა. პოლიციამ უკვე დაადასტურა, რომ ადგილზე აღმოჩენილ ნივთიერებას „ისლამური სახელმწიფო“ ხშირად იყენებდა.ასაფეთქებელი მოწყობილობის გარეშე დარჩენილმა ექსტრემისტებმა სტრატეგია შეცვალეს და ავტომობილით თავდასხმის იდეაზე შეთანხმდნენ. ერთ-ერთი ვერსიით, პირველი თავდასხმა დაჯგუფებაში ყველაზე უმცროსმა, 17 წლის მუსსა უკაბირმა ითავა. მან უფროს ძმას, დრისსა უკაბირს საბუთები მოპარა და ორი „მინივენი“ იქირავა.თავდასხმის ადგილად ყველაზე ხალხმრავალი რამბლას ბულვარი შეირჩა. თავდამსხმელი ყიველგვარი წესების დარღვევის გარეშე კატალუნიას მოედნამდე მივიდა, შემდეგ კი რამბლას საფეხმავლო ბულვარზე მაღალი სიჩქარით შეიჭრა. თვითმხილველების განცხადებით, ტერორისტი განგებ ზიგზაგისებურად მოძრაობდა, რათა მაქსიმალურად მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ავტომობილმა 80კმ.ს. სიჩქარით დაახლოებით 500 მეტრი გაიარა და ”ბოკერიას” ბაზართან გაჩერდა, შექმნილი პანიკით ისარგებლა და მიიმალა. თავდასხმას სულ მცირე 13 ადამიანი ემსხვერპლა. 130-მდე დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. 15 მათგანის მდგომარეობა ამ დრომდე კრიტიკულია.
წაკითხვა
სპორტი
საქართველო - ირლანდიის მატჩზე ბილეთების გაყიდვა დაიწყო
გამოქვეყნებულია: 2017-08-19 15:33:00
ორ სექტემბერს, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში, საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები ირლანდიას უმასპინძლებს. ამის შემდეგ საქართველოს ნაკრები ვენაში გაფრინდება და ხუთ სექტემბერს, ავსტრიას დაუპირისპირდება.მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა უკვე დაწყებულია. ფასი 5, 10, 15 და 25 ლარია.გულშემატკივარს ბილეთების ყიდვა ინტერნეტით, TKT.GE-ზე შეუძლიათ. 
წაკითხვა
სამართალი
საქალაქო სასამართლო მთაწმინდაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის საქმეზე ინფორმაციას ავრცელებს
გამოქვეყნებულია: 2017-08-19 15:23:00
თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუმდგომლობა განზრახ მკვლელობის ფაქტზე, ბრალდებულ მიხეილ ი.-ს მიმართ, აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის გამოყენების თაობაზე.საქმე ეხება,  2017 წლის 16 აგვისტოს,   ქ. თბილისში ჭონქაძის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობას, რა დროსაც ბრალდებულმა შურისძიების მოტივით, ი.ძ.-ს  ცეცხლსასროლი იარაღიდან ზურგში სიცოცხლისათვის შეუთავსებელი დაზიანებები მიაყენა. დანაშაულის ჩადენის შემდეგ ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.სასამართლომ მხარეთა განმარტებების მოსმენის, წარმოდგენილი მასალების,  შუამდგომლობის დასაბუთებულობის შესწავლისა და შემოწმების შედეგად მიიჩნია, რომ სახეზეა აღკვეთის ღონისძიების გამოყენების როგორც ფაქტობრივი, ისე ფორმალური საფუძვლები. კერძოდ, სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ ბრალდებულს ბრალად ედება სიცოცხლის წინააღმდეგ ჩადენილი, განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის შესაძლო ჩადენა.   სასამართლომ გაითვალისწინა ქმედების სპეციფიკა, გარემოებები, დამდგარი მძიმე შედეგი, ასევე,  ბრალდებულის მხრიდან მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენისა და საქმისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოპოვებისათვის ხელშეშლის საფრთხეები და მიხეილ ი.-ს აღკვეთის ღონისძიების სახედ  პატიმრობა შეუფარდა.  მოცემულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2017 წლის 5 ოქტომბერს 12:00 გაიმართება.აღკვეთის ღონისძიების გამოყენების, შეცვლის ან გაუქმების შესახებ განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს ერთჯერადად, მისი გამოტანიდან 48 საათში სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში.
წაკითხვა
საზოგადოება
ე.წ. დაშლილების ბაზრის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ხანძრის შედეგად დაზარალებულებს ხვდებიან
გამოქვეყნებულია: 2017-08-19 15:19:00
ისანში, ე.წ. დაშლილების ბაზრის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ხანძრის შედეგად დაზარალებულებს ხვდებიან.  შეხვედრა მცირე სიტყვიერი დაპირისპირებით დაიწყო. ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ერთ-ერთი დაზარალებული უზრდელობაში დაადანაშაულა, რის შემდეგაც დაზარალებულს შეხვედრა დაატოვებინეს."სამწუხაროა, რომ პირველად არ ხდება ხანძარი. პირველად 2015 წელს მოხდა, გამოძიება ხანძართან დაკავშირებით დღემდე არ დასრულებულა. ​ადგილზე ამ დროისთვის ექსპერტები მუშაობენ და იტყვიან, რის გამო გაჩნდა ხანძარი. საერთო ჯამში 38 ჯიხურია დამწვარი",- განაცხადა "ტრანსერვისის" გენერალურმა დირექტორმა ბექა მახარაძემ. მისივე თქმით, 2015 წლის ხანძრის შემდეგ ყველა ინდმეწარმე გაფრთხილებული იყო, რომ დაეზღვიათ თავიანთი საქონელი. "სახანძრო სისტემებს რაც შეეხება, ამით აღჭურვილი იყო დაცვის სამსახური, მაგრამ სამწუხაროდ ცეცხლი უცბად გაჩნდა. დაგვიანებით მოხდა ამის აღმოჩენა და სანამ სახანძრო მოვიდა, უკვე დიდი ხანძარი იყო. გამოძიებამ დადოს დასკვნა და პასუხისმგებლობა ვისაც დაეკისრება პასუხს აგებს, ჩვენ არ გავურბივართ შეხვედრას, წინაზე ვისაც დაეწვა ჯიხური ყველას ავუშენეთ ახალი ჯიხურები", - განაცხადა დირექტორმა. 
წაკითხვა
ეკონომიკა
საქსტატის ინფორმაციით, საქართველოში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა შემცირდა, ცხვრისა და თხის სულადობა კი გაიზარდა
გამოქვეყნებულია: 2017-08-19 15:00:00
საქსტატის ინფორმაციით, 2017 წლის მე-2 კვარტალის ბოლოსათვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობამ 1 018.9 ათასი სული შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8.5%-ით ნაკლებია. აქედან, ფურის სულადობამ 492.3 ათასი სული შეადგინა.ამასთან, საანგარიშო პერიოდში ცხვრისა და თხის ჯამური სულადობა წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 5%-ითაა გაზრდილი და 1 231.9 ათას სულს მიაღწია. ღორის სულადობა კი 10.4%-ით გაიზარდა და 194.6 ათასი სული შეადგინა. ხოლო ფრინველის რაოდენობამ 11 718.2 ათასი ფრთა შეადგინა, რაც 0.4 %-ით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე
წაკითხვა
სამართალი
მთაწმინდაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა
გამოქვეყნებულია: 2017-08-19 14:57:00
თბილისში, მთაწმინდაზე ჭონქაძის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულ მიხეილ იაშვილს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა.მოსამართლემ მსუბუქი ღონისძიების გამოყენებაზე დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. ბრალდებულმა კი სხდომაზე აღნიშნა, რომ ბრალს არ აღიარებს.როგორც ბრალდებულმა აღნიშნა, კახა ძნელაძის მკვლელობის დროს სახლში იმყოფებოდა და მოპედის ჩაფხუტში მოკლულის ცოლი მის ამოცნობას ვერ შეძლებდა, რადგან არც კი ყავდა ნანახი.ამასთან, ბრალდებულის თქმით, ის კახა ძნელაძეს იცნობდა და იცოდა, რომ ის დაავადებული იყო ჰეპატიტით. "ჩემს ცოლს ვუთხარი, რომ სანთელი დავანთოთ კახას სახელზეთქო. ვიცნობდი კახას და ვიცოდი, რომ ცუდად იყო C ჰეპატიტით. ჩემი მიმალვის საფრთხე არ არსებობს, ადრეც ვიყავი ბრალდებული და გირაო მქონდა. როცა საჭირო იყო, ვცხადდებოდი სასამართლოში", - განაცხადა იაშვილმა. ბრალდებულმა სხდომაზე მასზე განხორციელებულ ზეწოლაზეც ისაუბრა. როგორც მიხეილ იაშვილმა აღნიშნა, მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა და ბრალის აღიარებას აიძულებდნენ. "წამიყვანეს და დამჭმუჭნეს. გამომძიებელი მეუბნებოდა დაიბრალე და რვა წელს მოგცემთ, მაგრამ ორ წელში გახვალო. რატომღაც კრიმინალურ ავტორიტეტად მომიხსენიებენ და წლების განმავლობაში მთხოვდნენ, ქვეყანა დამეტოვებინა. თუ რამე მოხდებოდა ჩავყავდი განყოფილებაში", - განაცხადა იაშვილმა.საქმის პროკურორმა კი აღნიშნა, რომ ბრალდებულის განცხადებაზე, სადაც ის ზეწოლაზე საუბრობს, შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოხდება. ამასთან, ბრალდების მხარე არ აკონკრეტებს რა მტკიცებულებები არსებობს ბრალდებულის ბრალის სამტკიცებლად საქმეში, მოკლულის მეუღლის ჩვენების გარდა, რომელიც ამბობს, რომ კახა ძნელაძის მკვლელობის ადგილზე მოპედის მძღოლი ჩაფხუტში ამოიცნო და ის მიხეილ იაშვილი იყო. ჭონქაძის ქუჩაზე, 16 აგვისტოს მომხდარი მკვლელობის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 5 ოქტომბერს ჩაინიშნა. 
წაკითხვა
საზოგადოება
ისანში, ე.წ. დაშლილების ბაზრობაზე ხანძრთან დაკავშირებით, გამოძიება დაიწყო
გამოქვეყნებულია: 2017-08-19 14:20:00
ისანში, ე.წ. დაშლილების ბაზრობაზე ხანძრთან დაკავშირებით, გამოძიება დაიწყო.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 187-ე მუხლით არის დაწყებული, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს. ე.წ. დაშლილების ბაზრობაზე ხანძარი გვიან ღამით გაჩნდა. ცეცხლი 1200 კვადრატულ მეტრ ფართობზე იყო გავრცელებული. ხანძრის ჩასაქრობად ადგილზე 20-მდე სახანძრო ბრიგადა და 100-მდე მეხანძრე-მაშველი მუშაობდა. 
წაკითხვა
საზოგადოება
მინიატურების პარკი ათი ახალი მაკეტით შეივსო
გამოქვეყნებულია: 2017-08-19 13:51:00
მინიატურების პარკი ათი ახალი მაკეტით შეივსო. საქართველოს კულტურულ–არქიტექტურულ ძეგლთა მაკეტები ორ ჰექტარ მიწის ფართობზე ისეა განლაგებული, რომ იგი მთლიანად იმეორებს საქართველოს გეოგრაფიას.პარკი „ქართუ ჯგუფმა“ ააგო და გასულ წელს საჩუქრად სახელმწიფოს გადასცა.„პარკი საქართველოს კულტურისა და არქიტექტურის 44 ძეგლის მაკეტით გაიხსნა. ამ სეზონისთვის მას 10 მინიატურა დაემატა და პარკი სრულიად შეივსო. ინტერესი პარკის მიმართ დიდი და მზარდია. შარშანდელთან შედარებით ვიზიტორების რაოდენობა თითქმის გასამმაგდა“-განაცხადა ფონს „ქართუს“ პროექტების ხელმძღვანელმა ვახტანგ ცაგარელმა.პარკში ამჟამად 54 მინიატურაა წარმოდგენილი.
წაკითხვა
საზოგადოება
ისანში, ე.წ. დაშლილების ბაზრობაზე ხანძრის შედეგად დაზარალებულთა ნაწილი პასუხისმგებლობას ბაზრობის ადმინისტრაციას აკისრებს
გამოქვეყნებულია: 2017-08-19 13:43:00
ისანში, ე.წ. დაშლილების ბაზრობაზე ხანძრის შედეგად დაზარალებულთა ნაწილი პასუხისმგებლობას ბაზრობის ადმინისტრაციას აკისრებს.ერთ-ერთი დაზარალებული ემზარ ლეთოდიანი აცხადებს, რომ მისი ზარალი დაახლოებით 40 ათასი ლარია. მისივე განცხადებით, კომპენსაციების გადახდა უნდა მოხდეს ბაზრობის ადმინისტრაციის ასევე ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდანაც. დაზარალებული აცხადებს, რომ სახანძრო სისტემების გამართვაზე და დაზღვევაზე სწორედ ბაზრობის ადმინისტრაცია იყო პასუხისმგებელი.მისივე თქმით, ყოველთვიურად ისინი ადმინისტრაციას უხდიან ქირას. დაზარალებულთა ნაწილი აცხადებს, რომ ხანძრის გამომწვევ ერთ-ერთი მიზეზი შესაძლოა, ბაზრის ტერიტორიაზე არსებული სახაჭაპურე ყოფილიყო. მათი ინფორმაციით, ამავე ბაზრობაზე ორი წლის წინაც გაჩნდა ხანძარი, თუმცა საბოლოო შედეგები ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე ცნობილი დღესაც არ არის. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, 40-მდე ჯიხურია დამწვარი. დაზარალებულთა ნაწილი კლავ ადმინისტრაციასთან არის შეკრებილი, ისინი ელოდებიან ბაზრობის ტერიტორიაზე შესვლას. როგორც დაზარალებულები ამბობენ, ადმინისტრაციის ხელმძღვანელობიდან მათთან შესახვედრად არავინ მისულა. 
წაკითხვა
მსოფლიო
დუბაის Creek Tower მსოფლიოს ყველაზე მაღალი შენობა იქნება
გამოქვეყნებულია: 2017-08-19 13:33:00
ამერიკულმა ტელეკომპანია CNN-მა დუბაიში მიმდინარე Creek Harbour-ის კოშკის, იგივე Creek Tower-ის მშენებლობის პირველი ფოტომასალა გამოაქვეყნა. ნაგებობა, რომლის მშენებლობა 2020 წელს დასრულდება, სიმაღლეში 960 მეტრს აღემატება. Creek Harbour მსოფლიოს აქამდე ყველაზე მაღალ შენობად აღიარებულ „ბურჯ ხალიფას“ ჩაანაცვლებს, რომელიც ასევე დუბაიში მდებარეობს.Creek Harbour-ის მთავარი არქიტექტორი ესპანელი სანტიაგო კალატრავაა. მან ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, რომ შენობის დიზაინის შთაგონება ეიფელის კოშკის არქიტექტურითა და მეჩეთის მინარეთით მიიღო, რის შედეგადაც მან თანამედროვე ევროპული და ძველი არაბული არქიტექტურის შერწყმა მოახდინა. კოშკის ირგვლივ ტერასებად ბაღი განთავსდება, რომელიც თავად სანტიაგო კალატრავამ მსოფლიოს შვიდი საოცრებიდან ერთ-ერთს, სემირამიდას დაკიდულ ბაღებს შეადარა.
წაკითხვა
რეგიონები
ბახმაროში სახალხო დღესასწაული აღინიშნება
გამოქვეყნებულია: 2017-08-19 13:16:00
ბახმაროში სახალხო დღესასწაული აღინიშნება. ღონისძიებების დაწყებამდე ფერიცვალების ტაძარში წირვა აღევლინა. "ბახმაროში ფერიცვალების დღესასწაულის აღნიშვნა ტრადიციულია. დოღის შემდეგ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფლები და ხეობები წარმოადგენენ რეწვით ნიმუშებს. სტუმრებს უამრავი საინტერესო სანახაობა ელის."- განაცხადა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ირაკლი კუჭავამ.ბახმაროს სახალხო დღესასწაულს ხელისუფლების წარმომადგენლები, პოლიტიკოსები და ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებიდან სტუმრები ესწრებიან.
წაკითხვა
საზოგადოება
ისნის გამგებელი - ე.წ. დაშლილების ბაზრობაზე ხანძრის შედეგად დაზარალებულებსა და ადმინისტრაციას შორის შუამავლის როლს ვიკისრებთ
გამოქვეყნებულია: 2017-08-19 13:11:00
ისანში, ე.წ. დაშლილების ბაზრობაზე ხანძრის შედეგად დაზარალებულებსა და ადმინისტრაციას შორის შუამავლის როლს ვიკისრებთ, - ამის შესახებ ისნის რაიონის გამგებელმა ვახტანგ ქიზიყურაშვილმა განაცხადა, რომელიც ისნის ბაზრობაზე მივიდა. როგორც გამგებელმა აღნიშნა, ამ დროისთვის ზარალის დათვლის პროცედურები მიმდინარეობს. "1200 კვადრატულ მეტრამდეა დამწვარი, პირველი რიგის 33 ჯიხურია დამწვარი, მეორე რიგის 5 ჯიხურია დამწვარი. ამჟამად დგინდება შესაბამისი სამსახურების მიერ ხანძრის გამომწვევი მიზეზები, ითვლიან ზარალს გამოვლინდებიან დაზარალებულები. შევხვდებით ადმინისტრაციას და დაზარალებულებს. ჩვენ როგორც ადგილობრივი ხელისულება შუამავლის როლს ვიკისრებთ. შემდგომ უკვე ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში ვიმოქმედებთ. შევხედავთ რა სიტუაციაა, რა ხელშეკრულებებით რეგულირდებოდა ურთიერთობა მათ შორის", - განაცხადა ისნის რაიონის გამგებელმა ვახტანგ ქიზიყურაშვილმა. 
წაკითხვა
მსოფლიო
ფინეთში მომხდარ თავდასხმას ტერაქტის კვალიფიკაცია მიენიჭა
გამოქვეყნებულია: 2017-08-19 13:02:00
ფინეთის ქალაქ ტურკუში 18 აგვისტოს საღამოს განხორციელებულ თავდასხმას სამართალდამცავმა ორგანომ ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა. ფინეთის სამაუწყებლო კომპანიის (Yle.fi) ინფორმაციით, თავდასხმა მაროკოს მოქალაქემ განახორციელა, რომელიც 18 წლისაა. თავდამსხმელი პოლიციასთან ორმხრივ სროლაში დაიჭრა. მოგვიანებით ტერაქტში ეჭვმიტანილი ხუთი ადამიანი დააკავეს. ჯერჯერობით უცნობია, რომელ ტერორისტულ დაჯგუფებასთან აქვთ მათ კავშირი.ფინეთის ქალაქებში უსაფრთხოების ზომები გამკაცრდა. ტურკუს პოლიცია ტერორისტული აქტის ორგანიზებაში ეჭვმიტანილ პირებს ეძებს.გლოვის ნიშნად ფინეთში დროშები დაშვებულია.გუშინ ადგილობრივი დროით 17:00-ზე ცივი იარაღით შეიარაღებული მამაკაცი ქალაქ ტურკუში მოქალაქეებს თავს დაესხა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა, ხოლო რვა დაშავდა. დაჭრილებს შორის ერთ-ერთი იტალიის მოქალაქეა, ორი კი შვედეთის.
წაკითხვა
პოლიტიკა
"ახალი საქართველო" მოსკოვის გამზირისთვის სახელის გადარქმევას ითხოვს
გამოქვეყნებულია: 2017-08-19 12:58:00
"ახალი საქართველო" მოსკოვის გამზირისთვის სახელის გადარქმევისა და ისანი-სამგორის რაიონის ამ ტერიტორიისთვის საქართველოს გამზირის დარქმევის ინიციატივით გამოდის. გიორგი ვაშაძემ უკვე დაიწყეს ხელმოწერების შეგროვება, შემუშავებულია მანიფესტი, რომელიც ინტერნეტშიც არის განთავსებული, დღეს კი აქტივისტებმა ხელმოწერების შეგროვება თავად გამზირზე მცხოვრებ მოსახლეობაში დაიწყეს.გიორგი ვაშაძის განცხადებით,მ ათი ინიციატივა არ მოიცავს მხოლოდ ამ გამზირისთვის სახელის გადარქმევას, არამედ ეს არის ერთი მთლიანი კონცეფცია, რომლის ფარგლებშიც ეს გამზირი გახდება საქართველოს ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი. საქართველოს გამზირის კონცეპტუალური განვითარება ხელს შეუწყობს გამზირზე მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას."აქ არის ორი საკითხი, პირველი - ვფიქრობთ, რომ მოსკოვის გამზირი არ უნდა იყოს საქართველოში, მაგრამ მეორე მნიშვნელოვანი საკითხია, რაც თანამედროვე ქალაქების განვითარება გულისხმობს, რომ ყველა უბანს უნდა ჰქონდეს თავისი ფუნქცია. ამ გამზირზე უნდა გავაცოცხლოთ საქართველოს ისტორია ბიზნესთან თანამშრომლობით. გახსნან კაფეები, სასტუმროები, ასევე გამზირზე შესაძლებელია, გავაცოცხლოთ ჩვენი ისტორია, სხვდასხვა პერიოდები, ბრძოლები, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე იყო, ისტორიული ფაქტები და ეს გახდება თბილისის სავიზიტო ბარათი. ვაგროვებთ ხელმოწერებს, რომ მივმართოთ საკრებულოს და განვახორციელოთ ეს კონცეფცია", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
წაკითხვა