საზოგადოებრივი
104.5 FM

სპუტნიკის კულტურული ექსპანსია საქართველოში

ალექსანდრე იაკობიძე
მომხმარებელი
გამოქვეყნებულია 2017-06-06 20:01:00

 უარი ხისტ, ანტიდასავლურ პროპაგანდაზე და უფრო მეტი აქცენტი საქართველო-რუსეთს შორის კულტურულ მეგობრობაზე, ქართულ ღვინოზე, ტრადიციებსა და ტურიზმზე – სწორედ ასე მუშაობს ქართულ აუდიტორიაზე რუსეთის ხელისუფლების მიერ დაფუძნებული და დაფინანსებული მედიასაშუალება “სპუტნიკი”.


“რბილი ძალა” – ეს ტერმინი, შეიძლება ითქვას, ბოლო დროს გაცვეთილიც კი გახდა, როცა რუსეთის მხრიდან წარმოებულ პროპაგანდისტულ ომზე ვსაუბრობთ, თუმცა, ჩვენი რეალობისთვის ის არასდროს ყოფილა ისეთი მნიშვნელოვანი და აქტუალური, როგორც დღესაა.


სამხედრო-ეკონომიკური, ანუ “მყარი ძალისგან” განსხვავებით, “რბილი ძალა” ძალაუფლების ისეთი სახეა, რაც გულისხმობს საკუთარი მიზნების მიღწევას ძალდატანების გარეშე, მიმზიდველობითა და დარწმუნებით. “რბილი ძალის” რაობაზე საუბარი ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორმა, ჯოზეფ ნაიმ დაიწყო. “რბილი ძალის” მეთოდებია რელიგიური, კულტურული, სპორტული, ასევე, ტრადიციებთან დაკავშირებული საკითხებით მანიპულირება, ალტერნატიული დისკურსის შექმნა, ამ სივრცეებში შეჭრა და საკუთარი მიზნებისთვის ბრძოლა. როგორც ჩანს, რუსეთის მმართველი ელიტისთვის ის საკმარისად მიმზიდველიც აღმოჩნდა.


როგორც ატლანტიკური საბჭოს მიერ გამოქვეყნებულ წერილში, ანალიტიკური ორგანიზაცია Chatham House-ის ერთ-ერთი პროგრამის ხელმძღვანელი, ორისია ლუცევიჩი წერს, რუსეთმა 2000-იანი წლებიდან სხვადასხვა ქვეყანაში დაიწყო ე.წ. ნდობის ჯგუფების შექმნა და განვითარება. ე.წ. ნდობის ჯგუფებს წარმოადგენენ სხვადასხვა სახის ვეტერანთა გაერთიანებები, არასამთავრობო და რელიგიური ორგანიზაციები და ა.შ.


“ასეთი “ნდობის ჯგუფების ქმედებებმა, რუსეთის სახელისუფლებო ადმინისტრაციულ რესურსთან, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის გავლენასთან, პრო-რუსულ ელიტასთან, მასკულტურასთან და მედიასთან ერთად, ერთობლივად, შეიძლება სერიოზულად დააზიანოს მყიფე პოლიტიკური და სამოქალაქო საზოგადოებები რეგიონში”, - წერს ორისია ლუცევიჩი.


სწორედ რუსული რბილი ძალის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იარაღია მედიასაშუალება “სპუტნიკი”, რომელიც, საქართველოს გარდა, მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანასა თუ რეგიონში, ამდენივე ენაზე მუშაობს - დაწყებული ევროპა-კავკასიიდან, დამთავრებული სამხრეთ ამერიკითა და აღმოსავლეთ აზიით. “სპუტნიკი”რუსეთის ხელისუფლების მიერ შექმნილი და მის მიერვე დაფინანსებული მედიასაშუალებაა.


“სპუტნიკი-საქართველო” ორ ენაზე, რუსულ-ქართულად აქტიურად აშუქებს საქართველოში მიმდინარე საზოგადოებრივ-პოლიტიკურ, ასევე კულტურასა და ეკონომიკასთან დაკავშირებულ საკითხებს. მიმდინარე საზოგადოებრივ–პოლიტიკური ამბები, ძირითადად, სხვა, მეინსტრიმული ქართული მედიასაშუალებების დღის წესრიგს მიჰყვება და მათგან მნიშვნელოვნად არ განსხვავდება – აქ ვერ შეხვდებით ხისტ, ღიად ანტიდასავლურ გზავნილებს, ისეთს, როგორსაც, მაგალითად, სხვა, ღიად ანტიდასავლურ ქართულ მედიასაშუალებებში. მაშინ, როცა ანტიდასავლური მედიასაშუალებები საქართველოსთვის ევროპასთან უვიზო მიმოსვლას მკვეთრად უარყოფითად აშუქებდნენ, “სპუტნიკმა” აღნიშნული მოვლენა მთლიანად დადებით კონტექსტში გააშუქა და მომხმარებელს გზამკვლევიც კი შესთავაზა იმის შესახებ, თუ რა უნდა ვიცოდეთ ევროპაში უვიზოდ სამოგზაუროდ.


პოლიტიკური სახის ახალ ამბებში, პრორუსი პოლიტიკოსების მხრიდან, დროდადრო აქცენტი კეთდება რუსეთთან მეგობრობის აუცილებლობაზე, ასევე, რუსეთის მიმართ არსებული უარყოფითი დამოკიდებულების განეიტრალებაზე (მაგალითად, თავად “სპუტნიკის” დაკვეთით ჩატარებული კვლევის მიხედვით, იტალიელების და გერმანელების 50%-ს ბალტიისპირეთისთვის „რუსული საფრთხის" არ სჯერა და ა.შ.). მიუხედავად მსგავსი ახალი ამბებისა, ეს ტენდენცია “სპუტნიკის” მუშაობაში დომინანტური არ არის.


“სპუტნიკი-საქართველოს”, როგორც რუსული რბილი ძალის ხასიათი, ყველაზე კარგად კულტურის ისეთი საკითხების გაშუქებისას ჩანს, რომელსაც ყურადღებას მხოლოდ აღნიშნული მედიასაშუალება უთმობს და თითქმის არავინ სხვა. აღნიშნული მოვლენებს შორისაა რუსული ორგანიზაციებისა და კომპანიების მიერ მოწყობილი ფესტივალები, კონკურსები, კონცერტები, ასევე, ქართული ცეკვა-სიმღერის ანსამბლთა გასტროლები რუსეთის ქალაქებში, რელიგიური და ეროვნული ტრადიციების საკითხების წინ წამოწევა და ა.შ.


რჩება შთაბეჭდილება, რომ ზოგი ღონისძიება, რომელსაც “სპუტნიკი-საქართველო” აშუქებს, სწორედ იმიტომ იქმნება და ტარდება, რომ გაშუქდეს. მაგალითად, აღნიშნულმა მედიასაშუალებამ მიმდინარე წლის მაისში აქტიურად გააშუქა თანამედროვე ქუჩის ცეკვების საერთაშორისო ფესტივალი Make Dance Not War (“დაკავდით ცეკვით და არა ომით”).


“სპუტნიკი” იტყობინებოდა, რომ: “სპეციალურად ფესტივალისთვის თბილისში ჩამოვიდნენ წამყვანი ქორეოგრაფები რუსეთიდან, საფრანგეთიდან და ნიდერლანდებიდან. სამი დღის განმავლობაში ისინი ფესტივალის მონაწილეებისთვის საქართველოდან, უკრაინიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და რუსეთიდან თანამედროვე საცეკვაო მიმართულებებში ექსკლუზიურ მასტერ-კლასებს ჩაატარებენ”.


აღნიშნულ ფესტივალს ატარებს ორგანიზაცია We Make Dance, რომლის ოფიციალური ვებსაიტი რუსულ დომენზე, mdnw.ru-ზე აქვს მიმაგრებული. ვებსაიტზე არ არის მითითებული ორგანიზაციის მისამართი, თუმცა წერია, რომ თბილისში, მაისში გამართული ღონისძიება, მათთვის პირველია, მიზანი კი შემდეგია: “ჩვენ ვართ ორგანიზაცია We Make Dance რომელიც ეწევა თანამედროვე კულტურის პოპულარიზაციას საქართევლოსა და მთელ კავკასიაში. ეს არის ჩვენი პირველი პროექტი, რომელიც მივუძღვენით გამარჯვების დღეს – 9 მაისს”.

 

ღონისძიების მთავარ ორგანიზატორებად საიტზე დასახელებულია ანასტასია კარაჩენკოვა და თეონა მანაგაძე. რაც შეეხება ვებსაიტის დომენს, ის 2017 წლის თებერვალშია რეგისტრირებული კერძო პირის მიერ.


“სპუტნიკმა” მაისში ასევე დაუთმო ყურადღება რუსული ტელეარხის, НТВ-სა და Sputnik-ის მიერ მოწყობილ ბავშვთვავოკალურ კონკურსს, “Ты супер!-ს”, რომელშიც საქართველოს წარმომადგენელიც მონაწილეობდამნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ საქართველოსთან ერთად, ამ კონკურსში ცალკე ქვეყნად მონაწილეობდა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, პროექტს სულ 12 მონაწილე ჰყავდა. 27 მაისს, კრემლის საკონცერტო დარბაზში გამართულ ფინალურ კონცერტზე, სწორედ აფხაზეთის წარმომადგენელი გახდა კონკურსის გამარჯვებული. ფინალის მიმდინარეობისას წაიკითხეს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიმართვა მონაწილეებისადმი. ქართველ მონაწილეს რუსეთის კიდევ ერთი პროპგანდისტული მედიასაშუალების, Russia Today-ს მთავარმა რედაქტორმა, მარგარიტა სიმონიანმა გადასცა რუსეთის ერთ-ერთი საბავშვო ბანაკის საგზური და სტიპენდია რუსული ენის შესასწავლად.


“Make Dance, Not War-ის“ მსგავსად, „Ты супер!-იც“ წელს პირველად ჩატარდა. საინტერესოა ისიც, რომ კონკურს „Ты супер!-ის“ შესახებ, 27 მაისიდან, ათამდე ახალი ამბავი გამოქვეყნდა „სპუტნიკი-საქართველოს“ რუსულენოვან ვერსიაში, ქართულენოვანში კი – არც ერთი.


„სპუტნიკის“ ყურადღების ცენტრში ასევე მოექცა რუსეთის ქალაქ კალუგაში ქართული კულტურის დღეების გამართვა, ანსამბლ “ბასიანისა” და ჯგუფ “ბანის” გასტროლები რუსეთში, ფოლკლორული ანსამბლის, „სიხარულის“მონაწილეობა სანქტ-პეტერბურგში მიმდინარე ფესტივალში, რუსი მუსიკოსების გასტროლები საქართველოში, რეზო გაბრიაძისთვის რუსული პრემია "ოქროს ნიღბის" გადაცემა და ა.შ.


“სპუტნიკი-საქართველო” აქტიურად აშუქებს ეროვნული საკითხებს. 2017 წლის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, სპეციალური პროექტის ფარგლებში, აშშ-ში, რუსეთში, თურქეთში, ავსტრიასა თუ იტალიაში არსებული ქართული დიასპორის წარმომადგენლებმა საქართველოს ჰიმნი შეასრულეს. სიახლის შესახებ მომზადებულ მასალაში კი მოცემულია ”სპუტნიკი-საქართველოს“ რესურსის ხელმძღვანელის, ოქსანა ვოინცევის კომენტარი, სადაც ის ამბობს:


„ჰიმნი, დროშასთან და გერბთან ერთად, სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი ეროვნული სიმბოლოა. საქართველოს ჰიმნის სათაურია „თავისუფლება“. ეს სიტყვა ქვეყნისა და მისი მცხოვრებლების ხასიათს გადმოსცემს. ისინი სადაც არ უნდა იყვნენ, მათი გული ყოველთვის სამშობლოს - საქართველოს ეკუთვნის“.


“სპუტნიკი” ყურადღებას უთმობს ქართული ღვინის, სტუმარტმოყვარეობისა და საქართველოში რუსი ტურისტები დასვენების თავგადასავლებს. ამ და სხვა მსგავსი თემების გაშუქებას, ალბათ, ერთი მიზანი აქვს – საქართველოს მოქალაქეებს აჩვენოს, რომ მიუხედავად ოკუპაციისა და ორ ქვეყანას შორის დაძაბული პოლიტიკური ურთიერთობისა, საქართველო და რუსეთი კულტურის სფეროში მეგობრობენ, ორ ქვეყანას შორის კულტურული ურთიერთობები დუღს, იმართება კონცერტები, ფესტივალები, კინოჩვენებები, ქართველ შემსურლებლებს სიხარულით ელიან არამხოლოდ რუსეთის დედაქალაქში, არამედ რუსეთის შორეულ მხარეებშიც კი. ამ დისკურსში კი, რა თქმა უნდა, არ ჩანს არც ოკუპაციის თემა, არც საოკუპაციო ხაზიდან გატაცებული საქართველოს მოქალაქეებისა და არც სხვა მტკივნეული პოლიტიკური საკითხი. მიზეზი მარტივია – რუსული “რბილი ძალის” მიერ შექმნილ რეალობაში საქართველო-რუსეთი ტკბილად, მეგობრულად აგრძელებენ თანაცხოვრებას სიმღერით, ღვინის სმითა და ცეკვა-თამაშით.

უფრო ვრცლად http://mediachecker.ge/mediacritics/detail/271/1
მსგავსი რეპორტაჟები
აშშ-მ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა
აშშ-მ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა
აშშ-მ, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისთვის, რუსეთის წინააღმდეგ, ეკონომიკური სანქციები გააფართოვა. გაფართოებული სანქციის ზონაში, ამჟამად შვიდი კერძო და 30 იურიდიული პირი მოხვდა. 
წაკითხვა
ინტერაქტივში მონაწილეთა 75%-ის აზრით პრეზიდენტს ხალხი უნდა ირჩევდეს
ინტერაქტივში მონაწილეთა 75%-ის აზრით პრეზიდენტს ხალხი უნდა ირჩევდეს
დღეს 
წაკითხვა
თორნიკე ზედელაშვილი: აი, როგორ ასწავლიან მუსიკას საჯარო სკოლებში – ჩინური ინსტრუმენტები ქართული სახელწოდებით!
თორნიკე ზედელაშვილი: აი, როგორ ასწავლიან მუსიკას საჯარო სკოლებში – ჩინური ინსტრუმენტები ქართული სახელწოდებით!
წაკითხვა
ესპანეთს პიკემ მოაგებინა, იტალიური მანქანა ფორმაშია
ესპანეთს პიკემ მოაგებინა, იტალიური მანქანა ფორმაშია
გუშინ დასრულდა დიდი საფეხბურთო ფორუმის მორიგი დღე. ტური ესპანეთისა და ჩეხეთის მატჩით გაიხსნა,  ალბათ ფავორიტად ევროპის მოქმედი ჩემპიონი ესპანეთი მიიჩნეოდა, რაც სტატი
წაკითხვა
პოროშენკო რუსეთს კიბერომის წარმოებაში ადანაშაულებს
პოროშენკო რუსეთს კიბერომის წარმოებაში ადანაშაულებს
უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ რუსეთის
წაკითხვა
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში მცირედით გამყარდა
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში მცირედით გამყარდა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დადგინა. 1 აშშ დოლარის ღირებულებ
წაკითხვა
საფეხბურთო კლუბის პატარებს ყურადღება სჭირდებათ!
საფეხბურთო კლუბის პატარებს ყურადღება სჭირდებათ!
მოგესალმებით სრულიად საქართველო!დავიწყებ პატარა აღწერას იმით რომ თბილისიდან სადღაც 15 წუთის სავალზე არსებობს დასახლება ვაზიანის სამხედრო დასახლების სახელწოდებით.ეს დასახლება ხომ მთავრობისგან კი არა ლა
წაკითხვა
დაბინძურებული საქართველო
დაბინძურებული საქართველო
წაკითხვა
7746